შსს-ში ადასტურებენ, რომ რამდენიმე დღის წინ ნარკოტიკული საშუალების შეძენისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, თუმცა არ აკონკრეტებენ, არის თუ არა იგი საქართველოს კალათბურთის ნაკრების წევრი ბექა წივწივაძე. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულს სასამართლომ გირაო შეუფარდა, გამოძიება სისხლის სამართლის 260-ე და 262-ე მუხლებით კვლავ გრძელდება.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამართალდამცველებმა საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრი ბექა წივწივაძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. არაოფიციალური ინფორმაციით, ბექა წივწივაძე საქართველოში ჩინეთიდან ჩამოვიდა, რა დროსაც ნარკოტიკული საშუალება, ე.წ. ჰაშიში აღმოაჩნდა.