LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დაახლოებით აპრილის ბოლოსთვის საქართველოში უნდა იყოს ვირუსის პიკი და მაისში ვითარება სტაბილური გახდება” – ბიძინა კულუმბეგოვი გადაცემაში ,,სტუმრად ექიმთან”

6202
92146268-2486437851667454-7801203134155456512-n

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ მსოფლიოში ყველაზე აქტუალურ თემაზე, Covid-19-ზე და მასთან დაკავშირებულ პროგნოზებზე, ახალ გაიდლაინებზე და მედიკამენტების გამოცდასთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

-ბატონო ბიძინა, პირველ რიგში მინდა გკითხოთ რა სიახლეებია მკურნალობის ნაწილში?თქვენგან ვიცით, რომ თითქმის ყოველდღე არის ამ კუთხით რაღაც ცვლილებები. რა სიახლეებია ამ დროისათვის მსოფლიოში ახალი კორონავირუსის მკურნალობასთან დაკავშირებით?

ბიძინა კულუმბეგოვი: პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გითხრათ მოწვევისათვის. დღეისათვის მსოფლიოში ბევრი სამკურნალწამლო საშუალების გამოცდა ხდება და ამ მედიკამენტების სია ძალიან გრძელია. თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ამ ეტაპზე ხდება მხოლოდ უკვე არსებული მედიკამენტების გამოყენება, რადგან მსოფლიოს არ აქვს დრო ახალი წამლის შესაქმნელად. აქედან გამომდინარე, გამოიყენება მედიკამენტები, რომლებიც შექმნილია სხვა სამედიცინო ჩვენებებისათვის.

ახალი წამლის შექმნა ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესია, მის შექმნას, კლინიკურ გამოცდას და დაპატენტებას წლები სჭირდება, რამოდენიმე წელი ყველაზე უკეთეს შემთხვევაში. ამიტომ ახლა შეისწავლიან უკვე არსებულ პრეპარატებს.

ყველაზე იმედისმომცემი პრეპარატი არის ,,რემდესივირი”, რომელსაც რამოდენიმე მასშტაბური კვლევა უტარდება. ამ კვლევებიდან ბევრი მიმდინარეა, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე დიდი კვლევა 4 აპრილს დასრულდა და ამ დროისათვის მისი შედეგების ანალიზი მიმდინარეობს. შესაბამისად მალე გვეტყვიან, თუ რამდენად ეფექტური აღმოჩნდა ,,რემდესივირი” პლაცებოსთან შედარებით. უახლოეს დღეებში სერიოზული სამედიცინო პუბლიკაციების გამოჩენას ველით ამასთან დაკავშირებით.

რას აკეთებს ეს პრეპარატი? ,,რემდესივირი” ხელს უშლის უჯრედში ვირუსის რეპლიკაციას. მსმენელმა და მაყურებელმა რომ მარტივად აღიქვას წარმოვიდგინოთ, რომ უჯრედში შეჭრის შემდეგ ვირუსი მას ერთგვარ “ქსეროქსად” აქცევს და ახდენს საკუთარი თავის ქსეროასლების გადაღებას და მრავლდება იქამდე, ვიდრე უჯრედს არ გაანადგურებს, შემდეგ კი სხვა უჯრედებს ასნებოვნებს და იქ აგრძელებს საკუთარი თავის ასლების შექმნას. “რემდესივირი” კი შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ “ქსეროქსის აპარატს ელექტროენერგიას უთიშავს” და ამ გზით ხელს უშლის ვირუსის ორგანიზმში გამრავლებას. თუკი ეს დადასტურდება, ეს იქნება კლინიკურად უდიდესი გამარჯვება და ჩემი აზრით, ეს ფაქტი დიდ გარდატეხას შეიტანს ამ დაავადებასთან ბრძოლაში.

,,რემდესივირის” პირველი გამოყენების შესახებ პუბლიკაცია გამოქვეყნდა ძალიან სერიოზულ სამედიცინო პორტალზე New England Journal of Medicine. პირველი პაციენტი აშშ-ში, ვისაც ამ პრეპარატით უმურნალეს, იყო ქვეყნის პირველი კოვიდპაციენტი, 50 წლამდე მამაკაცი, რომელიც იქამდე ვუჰანში იმყოფებოდა. ეს ადამიანი ინფიცირებიდან მე-9 დღეს მოხვდა კლინიკაში და თავიდან ფიქრობდნენ, რომ მას ფილტვების ანთების მძიმე ფორმა ჰქონდა, თუმცა პრეპარატებმა, რომლებსაც ფილტვების ანთების დროს იყენებენ, მისი მდგომარეობა ვერ გააუმჯობესა. მას შემდეგ კი, რაც ამ პაციენტს ლაბორატორიულად დაუდგინდა Covid-19, მის სამკურნალოდ გამოიყენეს “რემდესივირი” და პირველივე გადასხმიდან 24 საათში მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა.

რაც შეეხება მკურნალობის სხვა მეთოდებს, ჩვენ ვიცით, რომ ამერიკის წამლის სააგენტომ და უკვე რიგმა ევროპულმა ქვეყნებმაც დაიწყეს გამოჯანმრთელებული ადამიანების სისხლის პლაზმის გამოყენება კრიტიკული პოაციენტების სამკურნალოდ. ეს მეთოდიც ძალიან დამაიმედებელია, თუმცა რასაკვირველია მასაც თავისი ჩვენებები აქვს. ისევე როგორც მსოფლიოში, საქართველოშიც პაციენტების მხოლოდ 5% არის კრიტიკული, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი ბევრად მეტია და სრულიად საკმარისი იმისათვის, რომ მათი პლაზმით მოხდეს კრიტიკული პაციენტების მკურნალობა.

აშშ-ის ჯანდაცვის ინსტიტუტის საიტზე გამოქვეყნებული კვლევების სიაში არის ასევე კვლევა ანტიანთებითი პრეპარატის, ,,ნაპროქსენის” შესახებ, რომლესაც ,,კლარიტრომიცინთან” და ,,ტამიფლუსთან” ერთად დადასტურებულად კარგი მოქმედება აქვს გრიპის წინააღმდეგ. ისინი გლიკოპროტეინებზე მოქმედებენ და ვირუსების გამრავლებას უშლიან ხელს.
ასევე არის “ციკლეზონიდი”, რომელიც სასუნთქი პრეპარატია, იაპონიაში მისი 20000-მდე დოზა გაიხარჯა მსუბუქ კოვიდპაციენტებზე. ამ პრეპარატს ჩვენც ვიყენებთ ასთმის წინააღმდეგ და შესაძლოა მას ანტივირუსული მოქმედებაც ქონდეს.

მოკლედ შემიძლია ვთქვა, რომ დამაიმედებელი ინფორმაცია ბევრია და დაახლოებით 2-3 თვეში უფრო მკაფიო სურათი გვექნება.

– მინდა დაგისვათ ყველა ჩვენგანისათვის აქტუალური კითხვა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობის კლებაზე. ყოველდღიურად გვესმის სხვადასხვა პროგნოზები. თქვენი აზრით, როდის გვექნება საქართველოში კორონავირუსის პიკი და როდიდან უნდა ველოდოთ შემთხვევების კლებას?

ბიძინა კულუმბეგოვი: ზუსტად პროგნოზირება სამწუხაროდ შეუძლებელია, რადგან ეს ვირუსი პლანეტარული მასშტაბის მოვლენაა და პირველად ხდება კაცობრიობის ისტორიაში. თუმცა შემიძლია სხვა ქვეყნების გამოცდილებასა და სტატისტიკაზე დაყრდნობით გითხრათ, რომ პირველი შიდაგადაცემის დაწყებიდან 6-8 კვირაში მოხდა პიკის მიღწევა და შემდეგ სტაბილიზაცია 3-4 კვირაში, ამიტომ დაახლოებით აპრილის ბოლოსთვის საქართველოში უნდა იყოს ვირუსის პიკი და მაისში ვითარება სტაბილური გახდება. არსებული დინამიკის ფონზე ალბათ პიკი თვის ბოლოს იქნება და სტაბილიზაცია 3-4 კვირაში იქნება მიღწეული. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის ვარაუდი რომელიც ეფუძნება ლოგიკას და სხვა ქვეყნების სტატისტიკის გაანალიზებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები