ახალციხის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქცია დაიშალა. პარტია საკრებულოს 6-მა წევრმა დატოვა. აღნიშნულს უმრავლესობის ლიდერები აფასებენ.
„ხალხის ძალის“ წარმომადგენელი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ „დაავადება, რასაც ჰქვია ნაცმოძრაობის დაშლა, კარგად პროგრესირებს, ყველა მიმართულებით ხდება დაშლა“.
„აქედან გამომდინარე, რასაც ჩვენ ვამბობდით – 2024 წლისთვის ეს ომისა და ღალატის პარტია შეხვდება დაქსაქსული. ეს პროცესი იმითაც არის კარგი, რომ მისი ამომრჩეველი გადანაწილდება სხვადასხვა მეტ-ნაკლებად ნორმალურ პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერად“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი კი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ უკან ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი არის დაბუდებული, რომელიც მისივე თქმით, სადისტობის და მოპარვის სამაგალითო ოსტატები არიან.
„ეს არ არის მხოლოდ ხაბეიშვილის მენეჯმენტის საკითხი. დარწმუნებული ვარ, რომ შინაგანად ადამიანები გრძნობენ, რომ ამ ქვეყნის შვილები არიან და არა მონები და ვასალები „ნაცმოძრაობისა“, რომლის უკან, ხაბეიშვილის უკან, მერაბიშვილი და კეზერაშვილია დაბუდებული – სადისტობის და მოპარვის სამაგალითო ოსტატები. ასე რომ, მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი ერთად, ამ მახასიათებლების კრებული გახდება კიდევ არაერთი ადამიანის მიერ „ნაცმოძრაობის“ და საერთოდ რადიკალური ოპოზიციის მიტოვების საფუძველი“, – აცხადებს ვოლსკი.