LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაბალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარებული არჩევნები შესაძლოა საზოგადოებაში პოლარიზაციის გაღრმავების მიზეზი გახდეს: NGO-ები

93
1

არასამთავრობო ორგანიზაციები 2021 წლის მუნიციპალური არჩევნების მიმდინარეობას ეხმიანებიან და ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. 

მიმართვაში აღნიშნულია, რომ დაბალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები, შესაძლოა  საზოგადოებაში პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავების მიზეზი გახდეს.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებენ მმართველ პარტიას, შეცვალოს არსებული პოლიტიკა და საზოგადოების დაყოფის ნაცვლად, კონკრეტული ნაბიჯები მისი გაერთიანებისაკენ გადადგას:

“მიუხედავად იმისა, რომ არსებული კანონმდებლობა და ბოლო პერიოდში ჩატარებული საარჩევნო რეფორმა საქართველოში მაღალი დემოკრატიული ხარისხის არჩევნების ჩატარების საშუალებას გვაძლევდა, სამწუხაროა, რომ მმართველი პარტიის არასაკმარისმა პოლიტიკურმა ნებამ დაგვაკარგვინა ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობა.

ტექნიკური ადმინისტრირების თვალსაზრისით, არჩევნების დღე ძირითადად კანონით დადგენილი წესების შესაბამისად წარიმართა.

თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნების დღეს კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცესში ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ გამოვლენილი დარღვევები ცალსახად ნეგატიურად აისახა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე, საარჩევნო პროცესისა და შედეგების მიმართ საზოგადოების ნდობაზე. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მცირე სხვაობის პირობებში, შესაძლოა ამ დარღვევებს შედეგებზე ზეგავლენა მოეხდინა.” – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

გავრცელებულ შეფასებაში ყურადღება გამახვილებულია სხვადასხვა გამოწვევაზე:

◼  ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება;

◼  პოლიტიკურად მოტივირებული გათავისუფლებების, საჯარო მოხელეების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებისა და ზეწოლა-მუქარის ფაქტებთან დაკავშირებული პრობლემები;

◼  მმართველი პარტიის გამოკვეთილი ფინანსური უპირატესობა, რისი მიღწევაც, მათ შორის, სავარაუდო კორუფციული სქემების მეშვეობით ხდება შესაძლებელი;

◼  სამართალდამცავი ორგანოები ხშირ შემთხვევაში არ რეაგირებენ კონკრეტული კანონდარღვევის ფაქტებზე.

“უმრავლეს შემთხვევაში, მათ მიერ პრაქტიულად ინიცირებული გამოძიებები საარჩევნოდ მოტივირებულია და არჩევნების დღეს ამომრჩევლების ემოციებით მანიპულირებისკენ არის მიმართული. საარჩევნო ადმინისტრაციის ცალკეულ მოხელეთა ქმედებები საფუძვლიან კითხვებს აჩენს მათი პოლიტიკური ნეიტრალიტეტის თაობაზე. სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსტიტუტები არ არიან მიმართული პოლიტიკური პარტიებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნისკენ და ზღვარი მმართველ პარტიასა და მთავრობას შორის, ფაქტიურად, წაშლილია.” – წერია ინფორმაციაში.

ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ დღეს საზოგადოებაში სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობა უკიდურესად დაბალია. დაბალი დემოკრატიული სტანდარტით ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები კი საზოგადოებაში პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავების მიზეზი შეიძლება გახდეს.

“ამ ვითარებაში გართულდება საზოგადოებაში ერთობის შენარჩუნება და მოვლენების განვითარება შესაძლოა სამოქალაქო დაპირისპირების მიმართულებით წავიდეს.

მოვუწოდებთ მმართველ პარტიას შეცვალოს არსებული პოლიტიკა და საზოგადოების დაყოფის ნაცვლად, მისი გაერთიანებისაკენ გადადგას კონკრეტული ნაბიჯები. არსებული პოლიტიკის შენარჩუნების პირობებში, შეუძლებელია ქვეყნის წინსვლა და განვითარება. სწორედ, ხელისუფლების ხელშია დღეს საზოგადოების კონსოლიდაცია და ქვეყნის ევროპული მომავალი, რომლის პერსპექტივაც არსებული პოლიტიკის პირობებში სულ უფრო ბუნდოვანი ხდება.” – წერია მიმართვაში.

აღნიშნულ განცხადებას ხელს აწერენ:

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება – ISFED
  • ღია საზოგადოების ფონდი – OSGF
  • მედიის განვითარების ფონდი – MDF
  • კონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი – EPRC
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა – GDI
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის – PHR
  • საფარი
  • საზოგადოება და ბანკები
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია – GRASS
  • მწვანე ალტერნატივა
  • საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი
  • ცენტრი ემპათია
  • საქართველოს გაეროს ასოციაცია.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g