“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი, ეკა ხერხეულიძე ექსპრეზიდენტს მიმართავს და შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
ხერხეულიძე აღნიშნული ფეისბუქპოსტით მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას ეხმიანება, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, რომ საქართველოში დაბრუნებით “ნებაყოფლობით მძევლობაში” ჩაბარდა და “ახლა სიკვდილამდე აპირებს შიმშილს”, რათა საკუთარი მაგალითით წვლილი შეიტანოს სამშობლოს გათავისუფლებაში.
როგორც ეკა ხერხეულიძე მიმართვაში აღნიშნავს, სააკაშვილი სხვა პირობით – ქვეყნის გადასარჩენად დაბრუნდა, ამისათვის კი, მისივე თქმით, თავად სააკაშვილი უნდა გადარჩეს:
“ვერ იქნება ასე, ჩემო კარგო. სხვა პირობით დაბრუნდი. დაბრუნდი იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გადარჩეს. მანამდე თავად უნდა გადარჩე. არც ივანიშვილის საოცნებო 6 წლის გატარება მოგიწევს რუსულ ციხეში და ვერც საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლის განადგურებით იზეიმებს მტერი.
მანამდე თავადაც უნდა დაგვეხმარო და შიმშილობა უნდა დასრულდეს. მხოლოდ ამის მერე იქნება შესაძლებელი სხვა საკითხებზე ფიქრი.
წინ რთული დღეები გვაქვს, თუმცა, გარდაუვალი გამარჯვების იმედით სავსე მომავალი ჩვენს ხელშია.
20:00 საათი, ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე.” – წერს ხერხეულიძე სოციალურ ქსელში.