„რუსთავი 2“ -ის გადაცემამ „დილა მშვიდობისა საქართველო“ მოამზადა სიუჟეტი გიორგი ცხვედიანზე, რომელმაც 16 წლის ასაკში უბედური შემთხვევის გამო ფეხი დაკარგა, თუმცა კეთილი ადამიანების წყალობით უკვე საკუთარი მოპედის მფლობელია და სტუდენტობის პარალელურად კურიერად მუშაობს.
გიორგი ამბობს, რომ რთულმა პერიოდმა მისი ცხოვრება დადებითისკენ შეცვალა.
„ფეხი ჩემს ცხოვრებაში არანაირ შეზღუდვას არ მიწესებს. 16 წლის ასაკში ასეთი რთული შემთხვევა რომ დაგემართება, იზრდები, მორალურად ყალიბდები და შემდგარი პიროვნება ხდები.
რაც მოხდა, ასე უნდა მომხდარიყო, შეიძლება იმისთვის მოხდა, რომ უარესს გადავრჩი. რთული იყო ის პერიოდი, როდესაც სახლში დავბრუნდი და გავაანალიზე, რომ ცხოვრება გრძელდება და მე უნდა მეცხოვრა ფეხის გარეშე. მერე როდესაც უნდა მომერგო პროთეზი და ცხოვრება ახლიდან უნდა დამეწყო, შეჩვევა ძალიან გამიმარტივდა, ეს გამომდინარეობდა ჩემი მორალური მდგომარეობიდან, იმიტომ რომ მე მინდოდა კარგად სიარული. სამართლის ფაკულტეტზე მესამე კურსზე ვარ და მინდა, რომ ამ სფეროს გავყვე.
მაინტერესებს შშმ პირთა სამართალი, რადგან დღეს მათი უფლებების თემა აქტუალურია“. – ჰყვება გიორგი.
მისი თქმით, მთავარია იცოდე, რისთვის ცხოვრობ.
„დადებითი მხარეები რომ დაინახო შენს პრობლემაში, უნდა იცოდე, რისთვის ცხოვრობ. მე ცხოვრება მინდა ისე გავატარო, ასაკში მე და ჩემი მეუღლე ჩემთან სოფელში, რაჭაში გადავიდეთ. ჩვენი შვილები გვყავდნენ უზრუნველყოფილი და ტკბილი სიბერე გვქონდეს“. – ამბობს გიორგი და იმ დღეს იხსენებს, როდესაც „ტიკ-ტოკის“ წყალობით პოპულარული გახდა.
„ჩემი ძმაკაცის წაქეზებით ვიყიდე ველოსიპედი და სამუშაოდ გამოვედი. პირველი სამუშაო დღე რთული იყო. რაღაც პერიოდში, რაც კიდური დავკარგე, ბევრმა კუნთმა განიცადა ატროფირება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფუნქცია დაკარგა. ერთ დღეს მეგობარმა ჩემი ვიდეო გამომიგზავნა „ტიკ-ტოკზე“ ატვირთული. თურმე სრულიად შემთხვევით გადამიღო. ამ შემთხვევამ წარმოშვა გულწრფელი ემოციები..
ვიდეოს გავრცელების შემდეგ ხალხმა გამოიჩინა ინიციატივა, რომ მოპედის ფული შეეგროვებინათ და ჩემთვის ეყიდათ. ანგარიშის შექმნიდან სამი დღე გავიდა და გარკვეული თანხა შეგროვდა. თუმცა ნიკა აბაშიძემ სრულიად მოულოდნელად, უსასყიდლოდ გადმომცა სკუტერი. რაც შეეხება თანხას, რომელიც მოპედისთვის გროვდებოდა, გვინდა, გაჭირვებულ ოჯახებს გადავცეთ. რა თქმა უნდა, ეს საჯარო იქნება და ამის ამსახველ ვიდეოსაც დავდებთ“. – აღნიშნა გიორგიმ.
„ერთ დღეს გიოს ფეხზე შევხედე და ვიდეოს გადაღების მეტი ვერაფერი მოვახერხე. ის არის ძალიან კარგი მაგალითი ყველა იმ ადამიანის, როცა რაღაც გვეზარება და არ ვაკეთებთ. ის მისაბაძი და საამაყო ადამიანია“. – ამბობს გიორგის მეგობარი.