LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დადია“ – ბებოს რეცეპტით მომზადებული მეგრული აჯიკები

1137
დადია

ცოტა ხნის წინ ქართულ ბაზარზე ახალი პროდუქტი „დადია“ გამოჩნდა. მეგრული აჯიკების ნაკრებმა უკვე დიდი მოწონება დაიმსახურა, ყველაზე მეტად კი იმ მომხმარებლებს შორის, ვინც შინ მომზადებულის გემოს განსაკუთრებული მოყვარულია.

ნინო წულაია, „დადიას“ დამფუძნებელი:

– წარმოშობით მარტვილიდან ვარ. ორივე ბებია გამორჩეული კულინარი მყავდა, ბავშვობისას სულ მათ გვერდით დავფუსფუსებდი სამზარეულოში. ერთ ბებიას განსაკუთრებულად უყვარდა აჯიკების, სუნელების მზადება და თან მეც მასწავლიდა. სამწუხაროდ, დღეს არცერთი ბებია აღარ მყავს ცოცხალი, მაგრამ დამრჩა მათი რეცეპტები, რომელთა მეშვეობითაც მეც მინდა მცირე წვლილი შევიტანო ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციაში.  

ჩემი წამოწყებისთვის სახელის შერჩევაზე დიდხანს არ მიფიქრია. ეს სიტყვაც ბებოს უკავშირდება. იგი, მასთან სტუმრობისას, მეგრულად ასეთი ფრაზით შემომეგებებოდა ხოლმე: „მოზოჯი, დადია, ჩქიმ პატონი“. სიტყვა დადია ბავშვობიდანვე მომწონდა ჟღერადობით (ის მეთაურს ნიშნავს) და ჩავთვალე, რომ ჩემს სტარტაპს სახელწოდებად მოუხდებოდა.

ამჟამად ოთხი სახეობის აჯიკას ვამზადებ, ესენია: მეგრული ცხარე აჯიკა, აჯიკა ნიგვზით, ჭარხლის აჯიკა და მწვანე აჯიკა. მათთვის საჭირო ინგრედიენტებს სამეგრელოში კარდაკარ ვაგროვებ, რათა თითოეული მათგანი იყოს ჯანსაღი და რაც მთავარია, ქართული.

აჯიკებს, ჯერჯერობით, შინ ვამზადებ და ამ საქმეში ოჯახის წევრები მეხმარებიან. სახლში გამოვყავით კუთხე, სადაც კაკალს საკუთარი ხელით ვამტვრევთ, სუნელებს თავად ვფქვავთ და ა.შ. ცხადია, ეს ყველაფერი ყველა ჰიგიენური წესის დაცვით ხდება.

აჯიკებს 100-დან 500 გრამამდე ქილებით ვაწვდით მომხმარებელს. უახლოეს მომავალში აჯიკების ასორტიმენტის გაზრდას, ამასთან, სუნელების და ფხალეულის ხაზის ჩაშვებას ვაპირებ.

მიუხედავად იმისა, რომ აჯიკისთვის საჭირო ხარისხიანი ინგრედიენტები ძვირია, ვცდილობ, მომხმარებელს „დადიას“ პროდუქცია მაქსიმალურად მისაღებ ფასად შევთავაზო, მათ შორის სხვადასხვა აქციის სახით. მინდა, ყველას ჰქონდეს „დადიას“ აჯიკების გასინჯვის და შეყვარების შესაძლებლობა.

ჯერჯერობით პროდუქციას მხოლოდ ონლაინ ვყიდი, თუმცა ვაგზავნი მთელი ქვეყნის მასშტაბით. აქციის ფარგლებში მიტანა მხოლოდ თბილისშია უფასო.

მომხმარებლის შეფასებები, საბედნიეროდ, დადებითია, მათ შორის სამეგრელოდან, სადაც აჯიკის ხარისხს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. ვისურვებდი, რომ „დადიას“ კმაყოფილი მომხმარებელი მხოლოდ მოუმრავლდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები