LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაფუძნდა „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ – „აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის, გამოცდილებისა და ინტერესების მქონე მოქალაქეებს, რომელთაც სჯერათ, რომ საქართველოს გადარჩენისა და განვითარების ერთადერთი სწორი გზა სოციალური დემოკრატიის გზაა“

153
„მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“

დღეს, 17 თებერვალს „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“ დაფუძნდა. ახალი მოძრაობის წარდგენა ეგნატე ნინოშვილის დაბადების დღეზე მის ძეგლთან გაიმართა.

„მოძრაობა აერთიანებს სხვადასხვა პროფესიის, გამოცდილებისა და ინტერესების მქონე მოქალაქეებს, რომელთაც სჯერათ, რომ საქართველოს გადარჩენისა და განვითარების ერთადერთი სწორი გზა სოციალური დემოკრატიის გზაა. ისინი არა მხოლოდ აკრიტიკებენ წარსულსა და დღევანდელობას, არამედ აქვთ საერთო ხედვა ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

მოძრაობის წევრებს შორის არიან ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში ითხოვდნენ სამართლიან ეკონომიკურ პოლიტიკას, შრომის უსაფრთხოებას, ღირსეულ შრომით პირობებს, ხარისხიან და ხელმისაწვდომ ჯანდაცვასა და განათლებას, თანასწორობას, სამართლიან მართლმსაჯულებას, ეწინააღმდეგებოდნენ ბუნებრივი რესურსების მიტაცებას.

მოძრაობის წევრთა ნაწილი პროფკავშირულ გაერთიანებას წარმოადგენს, ნაწილი კი აქტიურად მონაწილეობს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაბრუნებისთვის მიმდინარე პროტესტში”, – განაცხადეს დამფუძნებლებმა.

მათი ცნობით, უახლოეს თვეებში დაგეგმილია სრულფასოვანი საპროგრამო დოკუმენტის შემუშავება, რომელზეც მოძრაობის შიგნით შექმნილი სამუშაო ჯგუფები აქტიურად მუშაობენ.

„ეს არ არის სპონტანური ინიციატივა. არჩევნებამდე და შემდგომ, მემარცხენე ჯგუფებმა გააძლიერეს კოორდინაცია, ერთობლივი მუშაობა და აქტიური წინააღმდეგობა ერთპარტიული მმართველობისა და კონსოლიდირებული ავტორიტარიზმის წინააღმდეგ.

დღეს, ავტორიტარიზმის გაძლიერების, შიშისა და დაბნეულობის ფონზე, მოძრაობისთვის მნიშვნელოვანია დემოკრატიაზე, სამართლიანობაზე, თანასწორობასა და უკეთეს პოლიტიკურ და ეკონომიკურ სისტემაზე ღიად და უკომპრომისოდ საუბარი. მოძრაობა ამის მიღწევას არგუმენტების თანმიმდევრული გავრცელებით, ახალი წევრების მიღებით, პროტესტის მუხტის გაძლიერებითა და ახალი აქტივობების წამოწყებით გეგმავს”. – ამბობენ მოძრაობის დამფუძნებლები.

ამ ეტაპზე მოძრაობა 100-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს და ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის, რომელიც იზიარებს მის ღირებულებებსა და პრინციპებს.

ფოტო: „ნეტგაზეთი“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g