2023 წლის 10 იანვრის მდგომარეობით, მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 2.97 მილიარდი ლარია. ინფორმაციას საპენსიო სააგენტოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
„წმინდა ამონაგები 438 მილიონ ლარს შეადგენს. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 361 ათასი ადამიანია. დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 2,969 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 7,546,950.01 ლარს შეადგენს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, საპენსიო სააგენტომ „ნიკორას“ მიერ განთავსებულ 35 მილიონი ლარის ოდენობის, 3 წლიან ობლიგაციებში ინვესტიცია ჩადო. ემისიაში 10%-იანი ინვესტიცია საპენსიო სააგენტოს მიერ შეძენილი პირველი ადგილობრივი კორპორაციული ფასიანი ქაღალდებია. ობლიგაციები საქართველოს საფონდო ბირჟაზე, ეროვნულ ვალუტაში ნომინალური ღირებულების 100%-ით განთავსდა, რაც “ნიკორას” საშუალებას აძლევს, სავალუტო რისკებს თავი აარიდოს.
