უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მსოფლიოს ლიდერებს დახმარებას კიდევ ერთხელ სთხოვს.
ამის შესახებ დმიტრო კულება სოციალურ ქსელში წერს და აღნიშნავს, რომ ერთადერთი გზა – რუსეთის ომი უკრაინის ფარგლებს არ გასცდეს, უკრაინისთვის სრული მხარდაჭერის გაწევაა:
“ერთადერთი გზა, რომ რუსეთის ომი უკრაინის ფარგლებს არ გასცდეს და ეს თავიდან ავიცილოთ, არის ჩვენი სრული მხარდაჭერა. მაქსიმალური სანქციები. ყველა იარაღის მოწოდება.
ბოლო წლებში “პუტინის არგაღიზიანების” პოლიტიკამ წარუმატებლად ჩაიარა.
დაგვეხმარეთ ამ ბოროტების შეკავებაში ახლავე, ან გარისკავთ, რომ პუტინმა მოგვიანებით გამოსცადოს მე-5 მუხლი”, – წერს კულება “ტვიტერში”.
რაც შეეხება ჩრდილოატანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლს, მასში წერია:
“მხარეები თანხმდებიან, რომ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორიაზე ერთ ან ერთზე მეტ მხარეზე განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმა აღიქმება ყველას წინააღმდეგ თავდასხმად. არსებულ შემთხვევაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების 51-ე მუხლით გათვალისწინებული ინდივიდუალური თუ კოლექტიური თავდაცვის უფლების საფუძველზე, მხარეები დახმარებას გაუწევენ საფრთხის ქვეშ მყოფ მხარეს ან მხარეებს და განახორციელებენ ყველა საჭირო ქმედებას, მათ შორის სამხედრო ძალის გამოყენებას, ჩრდილო-ატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოების აღდგენისა და შენარჩუნების მიზნით.
ნებისმიერი მსგავსი შეიარაღებული თავდასხმისა და მის საპასუხოდ განხორციელებული ქმედებების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს უშიშროების საბჭოს. შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დასრულდება უშიშროების საბჭოს მიერ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენისა და შენარჩუნების მიზნით შესაბამისი ზომების მიღებისთანავე”.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში
The only way to avert Russian war expanding beyond Ukraine is to provide us with the fullest support. Maximum sanctions. All the weapons. The policy of ‘not provoking Putin’ has failed badly in past years. Help us contain this evil now or risk Putin testing the article 5 later.
— Dmytro Kuleba (@DmytroKuleba) April 6, 2022