გავრცელდა ინფორმაცია, რომ 4 აგვისტოს ბათუმის ჩოგბურთის კორტებზე გამართული კონცერტის შემდეგ ჯგუფი „გამოუვალი მდგომარეობა“ დაიშლებოდა. ითქვა, რომ ჯგუფის წევრები ამის შემდეგ ერთად აღარ გამოვიდოდნენ და არც ახალი სიმღერები ჩაიწერებოდა. ამ ჭორს საფუძვლად დაედო ჯგუფის წევრის, დავით გაბუნიას მიერ გამოქვეყნებული სტატუსი „ფეისბუქზე“, სადაც ის წერდა, რომ 4 აგვისტოს კონცერტი ჯგუფის შემოქმედებაში ბოლო იქნებოდა.
„ფორტუნა“ საკითხის გარკვევას შეეცადა და „გამოუვალი მდგომარეობის“ სოლისტს, ვანიკო თარხნიშვილს დაუკავშირდა.
ვანიკო, გავიგეთ, რომ ჯგუფი იშლება, მართალია?
ვანიკო თარხნიშვილი:
არ ვიცი, ეს ამბავი არ გამიგია (იღიმის). ჯობს, ჩვენს მენეჯერს დაუკავშირდეთ და ის გაგცემთ პასუხს.
ანი სიხარულიძე, „გამოუვალი მდგომარეობის“ მენეჯერი:
ვიცი, საიდან წამოვიდა ეს ჭორი – დათო გაბუნიას დეპრესიული პოსტები ჰქონდა, ეს ჩვენი ბოლო კონცერტიაო, წერდა. გეტყვით, რომ იყო უთანხმოება პროდიუსერებთან, რომელიც ერთ დღეში მოგვარდა. ეს შიდა სამზარეულოს საკითხებია და კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით, მაგრამ საკითხი მოგვარებულია. ჯგუფი არ დაშლილა, ეს მხოლოდ ჭორია, 17 სექტემბერს გვაქვს კონცერტი „ისთ ფოინთში“. ვაგრძელებთ ყველაფერს ჩვეულებრივად.
გაზაფხულისთვის ახალ პროგრამას ვაპირებთ, ასე რომ, თაყვანისმცემლებს გავახარებთ (იღიმის).
ნინო მურღულია