თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი აცხადებს, რომ თეონა თამაზაშვილი რადიკალური ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.
თამარ ბაჩალიაშვილის დედა გენერალურ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვდა, რაზეც პასუხი ჯერ არ მიუღია. შიმშილობის დაწყების მიზეზი შეიძლება სწორედ ეს გახდეს.
„როგორც ჩემთვის არის ცნობილი, აღნიშნულთან დაკავშირებით მისი მხრიდან იქნება ძალიან მკაცრი ნაბიჯი. არ გამოვრიცხავ, რომ შიმშილობა გამოაცხადოს , – განაცხადა რამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში.
ადვოკატის თქმით, საქმის „ჩაფარცხვა“ და ოჯახის მოთხოვნების იგნორირება, ემსახურება იმას, რომ საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტება არ დადგინდეს.
„ერთი საკითხი არის გასარკვევი, რომელი პროკურორის დახმარებით ან როგორ მოხდა, რომ გამოძიების საქმეში არსებული მტკიცებულებები გასაჯაროვდა, რომლითაც ცდილობს გამოძიება დაადასტუროს, თითქოს თითმკვლელობასთან გვაქვს შემხებლობა. ბოლომდე უნდა დადგინდეს აღნიშნულის შემხებლობა. ასევე, Google-ის „თაიმლაინი“, რომელიც არასწორად არის გასაჯაროებული. თუ მარტო ერთია აღმოჩენილი და გახსნილი, Google-დან დანარჩენ რა ინფორმაციასაც ვითხოვთ და რაზეც არის წერილი გაგზავნილი, მას რა რეაგირება მოჰყვა? რა პასუხი გაგვცეს? არ შეიძლება ნაწილ ნაწილ გასაჯაროვდეს, რადგან Google-დან უნდა იყოს ძირითადი ინფორმაცია გამოთხოვილი. ეს არის ის ძირითადი საკითხები, რაც არსებითი მნიშვნელობისაა. უნდა გაირკვეს საერთოდ რას ემსახურება ეს ყველაფერი. ჩემი შეფასებით და რეალურად, ეს ემსახურება იმას, რაც 23 ივლისს იყო დაგეგმილი, რომ კვალიფიკაცია თვითმკვლელობით დაესრულებინათ, რაც არ მოხდება, ვიდრე ყველა კითხვას პასუხი არ გაეცემა. მთავარი და ძირითადი, ექსპერტიზების პასუხები, რაც კიდევ დასასრულებელია, ამ კითხვებზე დეტალურად იქნება პასუხი მოთხოვნილი. „ფეისბუქის“, „ვოთსაფის“, ყველაფერ ამის გადაფარვა არანაირად არ მოხდება, რადგან ეს არის ძირითადი, რაზეც პასუხი უნდა იყოს გაცემული“, – განაცხადა ადვოკატმა.
მიხეილ რამიშვილის თქმით, პროკურატურის მიმართ მათი მოთხოვნები უპასუხოდ არ დარჩება.
შეგახსენებთ, თეონა თამაზაშვილი ირაკლი შოთაძეს გასულ თვეს შეხვდა. მაშინ ბაჩალიაშვილის დედა აცხადებდა, რომ კარგი შეხვედრა იყო და შოთაძეს ენდობოდა.
„კარგი შეხვედრა იყო, კმაყოფილი ვარ და ვენდობი შოთაძეს” – თეონა თამაზაშვილი