LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაჯარიმდება მყიდველიც და გამყიდველიც – საყურადღებო ინფორმაცია მოსახლეობას

14813
2025-12-24_23-54-04_654948

იურისტი სალომე ბეჟაშვილი გადაცემის „ახალი დღე“ სტუმარია, რომლის ეთერშიც პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებული რეგულაციებისა და ჯარიმების შესახებ საუბრობს, რომლებიც შესაძლოა, გამყიდველსაც დაეკისროს და მყიდველსაც.

„საახალწლო ციებ-ცხელება მოდის და ეს საკითხი ნამდვილად აქტუალურია. მოქალაქეები პიროტექნიკას მასობრივად იყენებენ. სიახლეა ის, რომ მიმდინარე წლის აპრილიდან რეგულაციები ამოქმედდა. აქამდე ეს სფერო რეგულირებული არ იყო. მოგეხსენებათ, პიროტექნიკის გამოყენება მომატებული საფრთხის შემცველია.

შეიძლება, ნაკლებად საფრთხის შემცველი იყოს, მაგალითად, ე.წ. შუშხუნა. მაგრამ, არის რიგი პიროტექნიკა, რომელიც საკმაოდ ფეთქებადია და შეიძლება, ძალიან მძიმე შედეგებამდე მივიდეთ, თუ სწორად არ გამოვიყენებთ. ხშირად ჯანმრთელობის დაზიანება, დამწვრობა მიუღია მოქალაქეს.

კანონის მიღების ერთ-ერთი საფუძველი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვა იყო. არა მხოლოდ მოქალაქეების, არამედ ცხოველების, ფრინველების. გარემოზე ზემოქმედებაც ძალიან მნიშვნელოვანია.

რეალიზატორი, რომელსაც ლიცენზია აქვს, ვალდებულია, მხოლოდ ისეთ პირს მიჰყიდოს ასეთი პროდუქცია, რომელსაც გამოყენების უფლება აქვს და სერტიფიცირებულია. სერტიფიცირებასაც შესაბამისი ორგანოები ახორციელებენ და იმხელა მოთხოვნებია… მათ შორის, ნასამართლობის ცნობა, ფორმა 100. პირი არ უნდა იყოს ალკოჰოლზე, ნარკოტიკებზე დამოკიდებული და ასე შემდეგ. საკმაოდ რთულია, რადგანაც არასწორი გამოყენების რისკი მაღალია.

შემოსავლების სამსახურის გვერდზე, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, გადაამოწმოს, ვინ არის ლიცენზირებული. დღეის მდგომარეობით, სულ რაღაც 10-12 რეალიზატორია დარეგისტრირებული.

თუ კონკრეტულ პირს ეს ლიცენზია მოპოვებული არ აქვს, ალბათ, საახალწლოდ, მიღება გაუჭირდება, რადგანაც ლიცენზიის მიღებას 20, დაჩქარებული წესით კი 10 დღე სჭირდება.

ნებისმიერი პირი, რომელიც ლიცენზიის გარეშე პიროტექნიკის წარმოებას ან რეალიზაციას განახორციელებს, დაჯარიმდება. ჯარიმა 5 ათასი ლარიდან იწყება. ლიცენზიის არსებობის შემთხვევაშიც კი, სალიცენზიო პირობების დარღვევა, პირველ ჯერზე 2 ათასი ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს, შემდგომ სამმაგდება.

მყიდველიც შეიძლება, დაჯარიმდეს იმ შემთხვევაში, თუ მას სერტიფიცირება, გამოყენების უფლება არ აქვს. ჯარიმა 1000 ლარით იწყება. განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა ორმაგდება.

მოქალაქეებს ვურჩევდი, რომ პიროტექნიკა აუცილებლად ლიცენზირებული პირებისაგან შეიძინონ. შეძენის შემდგომ, დააკვირდნენ იმ ნიშანდებას, რაც პიროტექნიკას აქვს. მაგალითად, რა მანძილზე უნდა იქნას გამოყენებული და რა პირობებში. გარშემომყოფების უსაფრთხოებასაც მიაქციონ ყურადღება“,- ამბობს სალომე ბეჟაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g