LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკარგავს თუ არა “ქართული ოცნება” თბილისს – კოალიციური მთავრობის შანსები

122
კოალიცია

ლიდერები, რომლებიც არჩევნებში გამარჯვებისთვის ცალ-ცალკე იბრძოდნენ, ახლა ერთიანი ძალებით ხელისუფლებაში მოსვლას კოალიციის სახით აპირებენ. “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელიამ თბილისელებს უთხრა, რომ 30 ოქტომბერს 5-იანის შემოხაზვით მოქალაქეები ირჩევენ არა ერთ, არამედ ექვსი პარტიისგან შემდგარ კოალიციას და თუ ნიკა მელია თბილისის მერი გახდება, მისივე თქმით, ის ყველა საქმეს კოალიციური პრინციპით შერჩეულ მოადგილეებთან, გამგებლებთან და სამსახურის უფროსებთან გააგრძელებს. როგორც პრეზენტაციიდან გავარკვიეთ, 6 პარტიის 30-მდე წარმომადგენელი სხვადასხვა თანამდებობაზე დაინიშნება.

ჩვენ დავინეტრესდით, რა შეიძლება მოხდეს, თუ თბილისი ნიკა მელიას აირჩევს, შიძლება თუ არა ეს ერთგვარი გარდატეხა იყო ვადამდელი არჩევნების დანიშვნის საკითხში და როგორია კოალიციური მთავრობის შანსები.

 

 

თვითმმართველობის არჩევნების მოგება, როგორც ხელისუფლების შეცვლის წინაპირობა

 

ახლა მთავარი კითხვაა, რა მოხდება, თუ “ქართული ოცნება” თბილისს დაკარგავს და რამდენად შეიძლება თვითმმართველობის არჩევნების მოგება ვადამდელის დანიშვნის წინაპირობა გახდეს. სწორედ ამის იმედი აქვს ოპოზიციას, სადაც აცხადებენ, რომ მეორე ტურის შედეგები ვადამდელი არჩევნების დანიშვნისთვის სერიოზული საფუძველი გახდება.

მათ განმარტებით, ამისთვის საჭიროა, რამდენიმე დიდი ქალაქის მოგება. ამის შანსები კი საკმაოდ დიდია ისეთ ქალაქებში, როგორიცაა: ზუგდიდი, ბათუმი, ქუთაისი და კოალიციური მთავრობის წყალობით ახლა უკვე თბილისი, თუმცა ოპოზიციისთვის სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც დედაქალქში მოგებაა. 

შედგა არნახული მასშტაბის შეთანხმება ბევრ, ძალიან მრავალფეროვან და დაპირისპირებულ პარტიებს შორის: საბა ბუაძე

„ჩვენ მესამე ძალად არასდროს არ ვპოზიციონირებდით. ჩვენ გვინდა, ვიყოთ პირველი ძალა“, - აცხადებს საბა ბუაძე.

ერთი შეხედვით მშვიდად გამოიყურება მმართველი გუნდი. პრემიერიდან დაწყებული “ოცნების” რიგითი წევრით დამთავრებული ყველა ერთხმად ამბობს, რომ ეს არ არის კოალიციური მთავრობა და ყველაფერი, მათი თქმით, ფარსია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მმართველი პარტიის ლიდერი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის მიერ გაჟღერებული იდეა თბილისში კოალიციურ მმართველობაზე ფარსია და “ნორმალური ადამიანი” ვერ დაიჯერებდა. მისი თქმით, ეს იყო “ნაციონალური მოძრაობის” გუნდის პრეზენტაცია.

ირაკლი ღარიბაშვილმა ისიც თქვა, ეს ყველაფერი ამომრჩევლის და მოსახლეობის მოტყუების მცდელობაა. “ამ ადამიანებს დაკარგული აქვთ რეალობის შეგრძნების განცდა, მათ ჰგონიათ, რომ როგორც ატყუებდნენ პროპაგანდისტული მანქანებით ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს, ასევე ეგონათ, რომ მოატყუებდნენ. რომელ ნორმალურ ადამიანს შეეძლო, შეუძლია დაეჯერებინა ის ფარსი, რომელიც გუშინ ვიხილეთ?! არცერთი არ იყო მანდ სხვა პარტიის წარმომადგენელი, გარდა მამუკა ხაზარაძის, რომელიც ასევე ფიქტიურად იყო სხვა პარტიის წარმომადგენელი”, – თქვა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციას სურს უცხოელების თვალში კოალიციური მმართველობის განცდა შექმნან.

დაშლილი და შემდეგ შეერთებული “ნაციონალური მოძრაობა” უწოდა მელიას მიერ წარდგენილ კოალიციას კახა კალაძემ. მისი თქმით, ეს უბრალოდ პოლიტიკური პერფორმანსია.

 

 

“ეს არის ნამდვილად ევროპული პოლიტიკა”        

 

“ფორტუნა” დაინტერესდა, რა რეალური შანსები აქვს ოპოზიციას რამდენიმე ქალაქის, მათ შორის, პირველ რიგში თბილისის მოგების შემდეგ.

პოლიტიკის ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ კოალიციური მთავრობის წარდგენით მოქალაქეებმა იხილეს იმედი და პერსპექტივა.

“ქართული პოლიტიკური ლიდერების უმეტესობა ბოლო 30 წლის მანძილზე საკუთარ ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე წინ აყენებდა.  ახლა ვნახეთ, რომ მათ საკუთარ ამბიციაზე წინ ქვეყნის გადარჩენის საკითხი დააყენეს. ამას დასავლელი პარტნიორების თვალით შევხედოთ – დასავლეთის თვალში “ქართული ოცნება” დასრულდა. ჩვენ ვიცით, რომ ისინი “ოცნების” ლიდერებისგან ბოლო დროს გასაოცარ განცხადებებს ისმენდნენ. ახლა კი, ჩვენ ერთად ვიხილეთ, იმედი, მომავალი, ინტელიგენტური, განვითარებული, ამბიციებზე უარნათქვამი საქართველო. პერსონალური მადლობა ნიკა მელიას, რომელიც სრულიად სხვა მასშტაბის ლიდერია, ასევე პერსონალური მადლობა ყველას, ვინც ამ ურთულეს ისტორიულ მონაკვეთში შეძლო, საკუთარ ამბიციებზე წინ ქვეყნის ინტერესები დაეყენებინა, ეს ყველა ამომრჩეველს ავალდებულებს, კეთილი ინებონ და საკუთარი შვილების მომავლისთვის, თუ არ უნდა, რომ ისინი “ოცნებამ” მონებად გაყიდოს , გამოვიდნენ, მივიდნენ საარჩევენო უბნებთან და საკუთარი შვილების გვერდით ყოფნას მისცენ ხმა”, – ამბობს ლაგაზიძე.

არ მინდა, რომ ქართული ოცნება ჩამოიშალოს და ის პრაქტიკა იყოს, რომ ერთის გამარჯვების შემთხვევაში მეორე ქრება: ელენე ხოშტარია

მისი განმარტებით, „ერთი პარტიის მოგება და მეორის ოპოზიციაში გადასვლა ჩვეულებრივი ამბავი უნდა გახდეს“.

ექსპერტი გიორგი რუხაძე კი აცხადებს, რომ ახლა ინიციატივა ოპოზიციის ხელშია.

“ეს არის ნამდილად ევროპული პოლიტიკა. დღეს ოპოზიციამ ხელისუფლებას ინიციატივა ჩამოართვა. რაც ახლა მათ გააკეთეს, ამას ხელისუფლება უნდა აკეთებდეს. 9 წლის შემდგეგ, როცა გინდა,  რომ ისევ ხელისუფლებაში დარჩე, ამომრჩეველს უნდა დაუმტკიცო, რომ ბევრი გააკეთე და კიდევ უფრო ბევრის გაკეთება შეგიძლია. ჩვენ კი ვხედავთ, მმართველი გუნდისგან სიძულვილის ენას, არადა ოპოზიცია აჩვენებს მრავალფეროვნებას, პროფესიონალიზმს. ამას ექნება ერთგვარი სინერგია, როცა ამდენი პარტია დგას სცენაზე, ამდენი ნაციონალური დონის ლიდერი. საზოგადოებას ოპოზიციამ აჩვენა ნამდვილი ალტერნატივა. აქამდე იყო ფიქრი, რომ ოცნება არ ვარგა, მაგრამ ვის მივცეთ ხმა. ახლა უკვე დაიდო ალტერნატივა. ცალ მხარეს არის სიძულვის ენა, გინება, ღვარძლი, მეორე მხარეს კი – პროფესიონალიზმი და განვითარება”, – ამობს რუხაძე.

მეორე ტურის არჩევნები 30 ოქტომბერს გაიმართება. როგორც ცნობილია, მეორე ტური 20-მდე ოლქშია დანიშნული.