“დაკავების დროს დამნაშავეს, უკაცრავად, ცხენებით და ეტლებით ვერ წავიყვანთ, მანქანა გვჭირდება, აქედან გამომდინარე, მანქანები განვაახლეთ.” – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა და ჟურნალისტებთან საუბრის დროს უწყების სამომავლო გეგმებიც გააჟღერა.
ვახტანგ გომელაურის თქმით, კიდევ ბევრი მანქანა უნდა შეიძინონ, რადგან შსს ყველაზე დიდი უწყებაა და 30 მანქანა ზღვაში წვეთია:
“კიდევ ბევრი მანქანა უნდა შევიძინოთ, ყველაზე დიდი სამინისტრო ვართ, 30 მანქანა ზღვაში წვეთია. არ შეიძლება, პოლიციელმა ფეხით ჩაატაროს ღამით შემოვლები. დაკავების დროს დამნაშავეს უკაცრავად, ცხენებით და ეტლებით ვერ წავიყვანთ, მანქანა გვჭირდება, აქედან გამომდინარე, მანქანები განვაახლეთ. კიდევ უნდა ვიყიდოთ, არა 30, არამედ ასობით მანქანა, რომ ჩვენმა პოლიციელებმა კომფორტულად შეასრულონ თავიანთი უფლება-მოვალეობა.
პოლიციელს სჭირდება ფორმა, მანქანა, შეიარაღება. აქედან გამომდინარე, ბევრი კითხვაა ხოლმე, ამდენი პრემია რაში იხარჯება, დიახ, პრემიებს ვაძლევ და უფრო მეტს მივცემ, იქიდან გამომდინარე, რომ თითქმის გაორმაგებულია ჩვენი დატვირთვა.” – თქვა მინისტრმა.
როგორც გომელაურმა აღნიშნა, ერთ-ერთი მთავარი თემა კრიმინალია, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია პანდემიასთან ბრძოლა, უწყების თანამშრომლები თითქმის ყოველდღე მუშაობენ, დღე და ღამ გარეთ არიან, ამიტომ მათ სამინისტრო წაახალისებს.