“მცირე თეორიული შანსიც კი რომ არსებობდეს, ჩემს რაიმე ქმედებას გამოეწვია ახალგაზრდა გოგონას ასეთი მძიმე მდგომარეობა, დაუფიქრებლად დავიკავებდი ბრალდებულის სკამს”,-ამის შესახებ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული დაკავებული ქირურგის, ვახტანგ ყიფიანის განცხადებაშია აღნიშნული.
ექიმი ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს და აღნიშნავს, რომ თავის სიმართლეს აუცილებლად იპოვის.
„გადავწყვიტე, გამოვეხმაურო ჩემს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და წაყენებულ უსაფუძვლო ბრალდებებს.
სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, მცირე თეორიული შანსიც კი რომ არსებობდეს, ჩემს რაიმე ქმედებას გამოეწვია ახალგაზრდა გოგონას ასეთი მძიმე მდგომარეობა, დაუფიქრებლად დავიკავებდი ბრალდებულის სკამს. ფაქტი ერთია – პროცედურის დროს, რამაც ასეთი სამწუხარო შედეგი დააყენა, არ განმიხორციელებია არც ერთი მანიპულაცია. ეს გარემოება კიდევ უფრო მძიმეს ხდის ჩემს დღევანდელ მდგომარეობას.
მინდა, მადლიერება გამოვხატო მეგობრების, ოჯახის, სამედიცინო საზოგადოებისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელთა მხარდაჭერა და გვერდში დგომა მიადვილებს თავისუფლების აღკვეთაში გატარებულ ყოველ დღეს.
თხოვნით მივმართავ ჯანდაცვის მინისტრს, ქ-ნ ეკატერინე ტიკარაძეს, გაეცნოს საქმის დეტალებს და მოახდინოს რეაგირება შეხედულებისამებრ. მე მაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი.
ასევე, გთხოვთ ყველა კეთილის მსურველს, თავი შეიკავოს ამ თემის პოლიტიზებისგან. კატეგორიულად ვემიჯნები ნებისმიერ მცდელობას, ეს შემთხვევა გამოყენებული იქნას სხვა მიზნებისთვის.
მედიცინა – საქმე, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრებაა, თავის სიმართლეს აუცილებლად იპოვის. მჯერა, დეტალური გამოძიების და სასამართლოს გზით, უმოკლეს ვადაში, გაირკვევა სიმართლე.
კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის!“ – აღნიშნულია ვახტანგ ყიფიანის განცხადებაში.
თბილისის პროკურატურის თანამშრომლებმა სამსახურებრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე ცენტრალური კლინიკის გენერალური დირექტორი გიორგი ლობჟანიძე და ცნობილი ანგიო ქირურგი ვახტანგ ყიფიანი გასულ კვირას დააკავეს.
მათთან ერთად ბრალი დაუსწრებლად წარედგინა ანესთეზიოლოგ მაგდა ხოშოლავას, რომელიც ამჟამად იტალიის ერთ-ერთ კლინიკაში საქმიანობს.
გამოძიების ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს, რის შედეგადაც 25 წლის გოგონას მდგომარეობა დამძიმდა და ის 20 თვეა კომაშია.