LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაკავებულია ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი

182
მოდუ

ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი და ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ.

”გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის იანვარში, ქ. ბორჯომში მცხოვრები პირი, ბორჯომის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსს დაუკავშირდა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭობისხევში მდებარე, საკომლო ჩანაწერით, მის მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის რეგისტრაციაში დახმარება სთხოვა.

იმის გათვალისწინებით, რომ მიწის მოცემული ადგილმდებარეობა აღნიშნულ პირს არ აკმაყოფილებდა, შესთავაზა, რომ მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია ტურისტული მიზნებისათვის პერსპექტიულ ადგილას მოეხდინათ, რის სანაცვლოდაც, ქრთამის სახით დასარეგისტრირებელი მიწის ნაკვეთის ნაწილის ან შესაბამისი ღირებულების ფულადი თანხის გადაცემა შესთავაზა.

აღნიშნულ შეთავაზებაზე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის მაღალჩინოსანი დათანხმდა და დაპირდა, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილებისა და ავტორიტეტის გამოყენებით უზრუნველყოფდა, სოფელ ჭობისხევის რწმუნებულს გაეცა მიწის ნაკვეთის იდენტურობის ყალბი ცნობა, რის საფუძველზეც 46 737 ლარის ღირებულების 10 000 მ2 ფართობის სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის უკანონოდ რეგისტრაცია მოხდებოდა.

საქმეზე გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ვერ მოახერხეს მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია და მხილებულ იქნენ მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელებაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით და 339-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო” – აღნიშნავენ, უწყებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g