თუკი საწარმო თავისი საქმიანობის შედეგად დააბინძურებს გარემოს, ის თვითონვე იქნება პასუხისმგებელი გარემოსთვის მიყენებული ზიანის გამოსწორებაზე და ვალდებული იქნება ყველა საჭირო ღონისძიება ამ ზიანის აღმოსაფხვრელად. ეს არის პრინციპი „დამაბინძურებელი იხდის“, რომელიც ჩვენ ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად გადმოვიტანეთ კანონმდებლობაში, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ ახალი კანონპროექტი, რომელიც დაამკვიდრებს სრულიად ახალ სტანდარტებს ამ სფეროში.
„კანონი 2022 წლის ივლისიდან ამოქმედდება და მანამდე სამინისტრომ ზედამხედველობის მექანიზმები უნდა გააძლიეროს. ეს კანონი ითვალისწინებს საკმაოდ მაღალ სანქციას – 80 000 ლარამდე დარღვევის სიმძიმის მიხედვით. თუკი რომელიმე საწარმო წლის განმავლობაში რამდენჯერმე დაარღვევს კანონის მოთხოვნებს, ცხადია, საჯარიმო სანქცია გაორმაგდება და გასამმაგდება. პირველ ეტაპზე, ჰაერის დაბინძურების შემცირებასთან დაკავშირებული ვალდებულებები მიმდინარე წლის ივლისიდან ამოქმედდება და 85-მდე საწარმოს შეეხება. მათთანაც გვქონდა კონსულტაციები, და საწარმოები მზად არიან, დაიცვან ახალი რეგულაციები. რაც შეეხება 2022 წლის ივლისიდან ასამოქმედებელ ახალ რეგულაციებს, ეს ეხება მეტალურგიას, ქიმიურ მრეწველობას, სამშენებლო მასალების წარმოებას. ისინი ემზადებიან ახალ რეგულაციების შესრულებისთვის და ჩვენ აქტიური კონსულტაციები გვაქვს მათთან“, – განაცხადა თანდილაშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო, რომელიც გარემოსათვის მიყენებული ზიანის პრევენციის, შერბილების ან აღმოფხვრის მიზნით სამართლებრივი მექანიზმების შექმნას ითვალისწინებს.