სენაკის რაიონულმა სასამართლომ, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო.
პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა.
შსს-ს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 2020 წლის 7 აგვისტოს, შეიარაღებულმა პირმა და მასთან ერთად მყოფმა სხვა ადამიანებმა, უკანონოდ შეაღწიეს სენაკის რაიონის სოფელ ძველ სენაკში მდებარე ერთ-ერთი პირის საცხოვრებელ სახლში, სადაც თავს დაესხნენ სახლში მყოფებს.
დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაზარალებულებს ფულადი თანხის და ძვირფასეულობის გადაცემა მოსთხოვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. თავდამსხმელები დაეუფლნენ ფულად თანხას და მობილურ ტელეფონს, საერთო ჯამში კი, დაზარალებულებს 1 527 ლარის ოდენობით ქონებრივი ზიანი მიაყენეს.
სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი რამოდენიმე დღეში დააკავეს. მას ბრალდება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის, ბინაში უკანონო შეღწევისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარებისთვის წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სენაკის რაიონულმა სასამართლომ დაკავებული წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.