„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის კობა ნაყოფიას განცხადებით, 30 ოქტომბრის არჩევნებს აუცილებლად მოჰყვება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და მშვიდობიანად შეიცვლება „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.
როგორც ზუგდიდში მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას კობა ნაყოფიამ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი პუტინის და ივანიშვილის რეჟიმის პატიმარია. კობა ნაყოფია მიხეილ სააკაშვილის გზავნილზეც საუბრობს, რომელმაც მას დააბარა, რომ საზოგადოებამ 30 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს.
„დღეს, როდესაც საქართველოს ყველაზე მეტად უჭირს, თავისი სიცოცხლის რისკის ფასად საქართველოში დაბრუნდა ჩვენი ქვეყნის მესამე პრეზიდენტი და ის დღეს საპყრობილეშია. ის არის დღეს პუტინის და ივანიშვილის რეჟიმის პატიმარი, მაგრამ ჩვენ – ვერც ზუგდიდი, ვერც სენაკი, ვერც საქართველო, ვერავინ, ვერასდროს დაუშვებს და ვერ გაიმეორებს შეცდომას. ის ძალიან მალე შემოუერთდება ჩვენს ბრძოლას, ბრძოლას ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის. 30 ოქტომბერს არის ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე. არჩევნები, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ჩვენი ქვეყნის მომავალი.
მან მე გუშინ შეხვედრის დროს მითხრა, გადმოგცეთ თქვენ ყველას, რომ 30 ოქტომბერს უკლებლივ ყველა ვიყოთ არჩევნებზე და „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო ყუთთან მოვუწყოთ ნამდვილი რევოლუცია ბევრი ბიულეტენით. იმდენი უნდა ვიყოთ, რომ ვერანაირმა გაყალბებამ ვერ გადაარჩინოს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება. დამერწმუნეთ, ამ არჩევნებს აუცილებლად მოჰყვება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და ჩვენ მშვიდობიანად შევცვლით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას“,- განაცხადა ნაყოფიამ.