ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე ბანკის წინააღმდეგ დაწყებულ სამართლებრივ დავაზე საუბრობს, რომელიც თავის დროზე ვანო ჩხარტიშვილმა დაიწყო. ხაზარაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ ის “თიბისისგან” 30 მილიონ დოლარს ითხოვდა.
„ჩვენ ბუნებრივია დავიწყეთ თავის დაცვა ლეგალური გზით. ავიყვანეთ იურისტები. ჩხარტიშვილს ანალოგიური საქმეებით ჰქონდა აღძრული საქმე სხვადასხვა მსხვილი კომპანიების მიმართ. ყველა ეს საქმე ხვდებოდა ერთ მოსამართლესთან და რა თქმა უნდა მისი მოგებით სრულდებოდა. მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს ჩვენი უფლებების დასაცავად. მე ვიყავი გერმანიაში, როდესაც დამირეკა ბიძინა ივანიშვილმა, რომელთანაც დაახლოებით ერთი საათი ვისაუბრე. იგი მარწმუნებდა რომ საკონსტიტუციო სასამართლოში არ უნდა მომხდარიყო ამ საქმის გარჩევა.
სააკაშვილი ჩემთვის დამთავრებული ამბავია
შეცვალოს ტონი და სიტყვათა წყობა, ოდესიდან ელაპარაკოს ოდესელებს - ხაზარაძე მიხეილ სააკაშვილზე
ვუთხარი, რომ მე არ ვიყავი ბანკის 100 %-იანი მფლობელი და ამას ვერ გავაკეთებდი. გერმანიაში დაბადების დღეზე ვიმყოფებოდი და ამ საუბარს კიდევ ორი ადამიანი ისმენდა. ძალიან მეგობრული საუბარი იყო… ძალიან რთული იყო ჩემს უცხოელ პარტნიორებთან იმის თქმა, რომ შეტანილი გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე და ერთადერთი სამართლის ბერკეტი ხელიდან უნდა გავუშვათ, თუმცა მე დავარწმუნე სამეთვალყურეო საქმის წევრები. ბიძინა ივანიშვილის სურვილი, რომ საქმე გამომეტანა სასამართლოდან, გავაკეთე. ამის შემდეგ მოხდა შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან მის სასახლეში. შეხვედრაზე ვიყავით მე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე ამ შეხვედრას ესწრებოდნენ ვანო ჩხარტიშვილი, ასევე ბიზნესმენი ფიფია და თავად ბიძინა ივანიშვილი. ამ შეხვედრას ასევე ესწრებოდა კიდევ ერთი ადამიანი, მაშინდელი გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე. როცა დისკუსია წავიდა და ვიკითხეთ გაგვარკვიეთ რასთან გვაქვს საქმე, დაახლოებით საათნახევრის შემდეგ ირაკლი შოთაძემ ჩაიჩურჩულა, უფროსწორედ მაინც გაბედა და თქვა, რომ იგი ვერ ხედავდა რაიმე ისეთს, რაზეც ვიყავით შეკრებილები. ივანიშვილი იყო პრაქტიკულად პატარა სახელმწიფო, რომელიც საქმეს არჩევდა. გვერდით ეჯდა ქვეყნის მთავარი პროკურორი. კიდევ კარგი, რომ შოთაძე ესწრებოდა ამ შეხვედრას, იქ ისე წავიდა საუბარი, რომ ალბათ ჩხარტიშვილისთვის მადლობა უნდა გადამეხადა. შოკირებული გამოვედი. ის პროკურორიც, ის შინაგან საქმეთა მინისტრიც, ჩვენი გადასახადებიდან იღებენ ხელფასებს. ამათ ჰგონიათ, ხელისუფლებაში, რომ მოდიან, მათთვის ყველაფერი შეიძლება. ოცდამეერთე საუკუნეა გარეთ და ის დამოკიდებულება, რომ ბიზნესმენმა გადასახადი იხადოს და ჩვენ გადავწყვიტავთ მერე რა უნდა გააკეთოს, ეს უნდა დამთავრდეს. ივანიშვილი ჩემგან ითხოვდა ფულის გადახდას ვანო ჩხარტიშვილისთვის.“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, ბიზნესმენმა ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია დღეს ანაკლიაში გამართა.