“დამისახელეთ ნებისმიერი ქვეყანა, სადაც ოპოზიცია აანონსებს აქციას ორი თვის შემდეგ. ეს რაზე მიუთითებს, რომ საკუთარი მხარდამჭერებიც აღარ დადიან მათ მიერ დაანონსებულ აქციებზე.” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიცია არის სრულ გაუგებრობაში და მძიმე მდგომარეობაში:
“რაც შეეხება ოპოზიციის მიერ დაანონსებულ აქციის გამართვას ორი თვის შემდეგ, მე არ ვიცი, დამისახელეთ ნებისმიერი ქვეყანა, სადაც ოპოზიცია აანონსებს აქციას ორი თვის შემდეგ. ეს რაზე მიუთითებს, რომ საკუთარი მხარდამჭერებიც აღარ დადიან მათ მიერ დაანონსებულ აქციებზე. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ ოპოზიცია არის სრულ გაუგებრობაში, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ძალიან მძიმე, კატასტროფულ მდგომარეობაში არიან. მე ვგულისხმობ რადიკალურ, სააკაშვილის ფრთას და ზოგადად, მათ რადიკალურ ქმედებებს.” – თქვა პრემიერმა.
მან ასევე არნიშნა, რომ მმართველი გუნდი მზად არის, ძალიან მოკლე დროში განახორციელოს საარჩევნო რეფორმა, მოემზადოს და განახორციელოს მართლმსაჯულების შემდგომი რეფორმა და ყველა ის რეკომენდაცია გაითვალისწინოს, რომელიც იყო აღნიშნული სენატორების შეფასებებში.
ღარიბაშვილი გამოეხმაურა ჟოზეფ ბორელის განცხადებებს და მისი მისამართით ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ორგანიზებული თავდასხმა უწოდა.
პრემიერის განცხადებით, დღეს ოპოზიციას ორი არჩევანი დარჩა – ერთი, რომ მოუსმინონ და გაითვალისწინონ უცხოელი სტრატეგიული პარტნიორების მოწოდებები, შევიდნენ პარლამენტში და დაასრულონ ხელოვნურად შექმნილი კრიზისი და მასკარადი, და მეორე, თუ ისინი კვლავ დესტრუქციულ პოლიტიკას გააგრძელებენ და არ გაემიჯნებიან სააკაშვილის რადიკალურ პოლიტიკას, მათ მოუწევთ მარგინალიზაციის გზით სიარული.