„დამხობა რეჟიმს – თავისუფლება ტყვეებს“; „უსამართლო სასამართლო – ხალხის ძალის გეშინოდეთ“. – აღნიშნული შეძახილები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომელმაც საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის, ასევე მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული რვავე პირი პატიმრობაში დატოვა.
ერთ-ერთმა მოქალაქემ შენობის კიბეებთან განლაგებულ პოლიციასთან ე.წ ბალაკლავა მიიტანა და თქვა, რომ შეუძლია, სამართალდამცველებს, რომელთაც სახე უჩანთ, ის ათხოვოს.
„როგორც წესი, შსს კანონს არღვევს, როდესაც სახე არ უჩანს. რამდენიმე ადამიანს სახე უჩანს და შემიძლია ბალაკლავა ვათხოვო ან ვაჩუქო, ასევე აქ მაქვს ონისეს მიერ სიმბოლურად ნაჩუქარი ასანთი“,- განაცხადა აქციის მონაწილემ.