LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დანერგე მომავალს” კენკროვანი კულტურები დაემატა

451

სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა. ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს ახალი ქვეკომპონენტი – კენკროვანი კულტურები დაემატა, რომელიც კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების დაფინანსებას ითვალისწინებს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ქვეკომპონენტი მრავალწლოვანი კენკროვანი კულტურების ნერგების, სარწყავი სისტემის მოწყობის და/ან ბაღების გაშენებისთვის საჭირო მასალების შეძენისთვის ფინანსურ მხარდაჭერას ითვალისწინებს.

“პროექტი „დანერგე მომავალი“ თვისობრივად ცვლის საქართველოს სოფლის მეურნეობის სტრუქტურას. საქართველო ახდენს თავისი მიწების კაპიტალიზაციას და მაღალი ღირებულების კულტურების წარმოებას თანამედროვე მეთოდებითა და ტექნოლოგიებით. პროგრამა ვერ ფარავდა ჩვენი მოსახლეობის გარკვეულ კატეგორიას, რომელსაც არ გააჩნია მინიმუმ ერთჰექტრიანი მიწის ნაკვეთი, რაც პროგრამაში ჩართვის პირობაა. სწორედ ამიტომ ჩვენ მცირემიწიანი ფერმერებისთვის (ასეთი ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი, განსაკუთრებით დასავლეთის მაღალმთიან რეგიონებში) ვიწყებთ ახალი პროგრამის განხორციელებას. ლურჯი მოცვი, მაყვალი და ჟოლო დღეს ყველაზე მოთხოვნადი კულტურებია საექსპორტო ბაზრებზე და საქართველოს შეუძლია თავისი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ნიადაგის შესაბამისობის შემთხვევაში, აწარმოოს ასეთი კულტურები საკმაოდ ინტენსიურ ბაღებში,”- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აღნიშნული პროექტი შესაძენი ნერგების ღირებულების 100%-იან დაფინანსებას ითვალისწინებს, როგორც ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე იმპორტის შემთხვევაში. 100%-ით დაფინანსდება წვეთოვანი სარწყავი სისტემების და ბაღის გაშენებისთვის საჭირო მასალის ღირებულებაც. მინისტრის თქმით, აღნიშნულ პროექტში ჩართვას, მხოლოდ ის ფერმერები შეძლებენ, რომლებიც სპეციალურ გადამზადებას გაივლიან.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოწადინებული ფერმერების იდენტიფიცირება მოვახდინოთ, რომლებიც მზად არიან, რომ ასეთი კულტურების წარმოების ტექნოლოგიები შეისწავლონ. მათ მომზადებას და ტრენინგს სახელმწიფო უფასოდ განახორციელებს. მხოლოდ ის ფერმერები, რომლებიც გაივლიან მომზადების კურსს, გაივლიან შესაბამის ტესტირებას და მზად იქნებიან პროგრამაში ჩასართავად, მიიღებენ სრულ დაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან. ერთი მხრივ, ეს გააჩენს შემოსავლის წყაროს ოჯახებისთვის და მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ მათ დავეხმაროთ რეალიზაციაში. ესეც გათვალისწინებულია პროგრამაში. გარდა ამისა, ის ფერმერები, რომლებიც დარეგისტრირდებიან კოოპერატივებში, მიიღებენ 20 ტონიან სამაცივრო მეურნეობის მოწყობილობას,”- აღნიშნა დავითაშვილმა.

პროექტის “დანერგე მომავალი” ქვეკომპონენტი იმერეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმში, ქვემო სვანეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში განხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g