LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დანია ევროკავშირის საჭესთან: რა კურსით წავა ევროპა

492
Capture

დანიამ პოლონეთისგან ევროკავშირის თავმჯდომარეობა გადაიბარა: რას უნდა ველოდოთ?

ევროკავშირის დანიის თავმჯდომარეობა ოფიციალურად 3 ივლისს იუტლანდიის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ორჰუსში გაიმართება. ღონისძიების დაწყებამდე ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ ეჭვი არ ეპარება, რომ დანიის თავმჯდომარეობა წარმატებული იქნება. მან შეაქო დანია, როგორც „პრაგმატული და კონსენსუსზე ორიენტირებული სახელმწიფო“ და გამოთქვა ნდობა მისი შესაძლებლობების მიმართ, ეფექტურად უხელმძღვანელოს ევროკავშირს გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე.

თავდაცვა და კიევის მხარდაჭერა

დანია აპირებს უსაფრთხოების საკითხებზე გაამახვილოს ყურადღება, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მძვინვარებს.

რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დასაწყისიდანვე დანია აქტიურად უჭერდა მხარს კიევს და სამხედრო დახმარების ერთ-ერთი უმსხვილესი დონორი გახდა. კიელის მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მონაცემებით, ქვეყანამ იარაღსა და საბრძოლო მასალაზე თითქმის 9 მილიარდი ევრო დახარჯა, რითაც ისეთ დიდ ქვეყნებს გაუსწრო, როგორებიც საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი და პოლონეთი არიან.

ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა გამოიწვია რიგი ქვეყნების, მათ შორის დანიის შეხედულებების შეცვლა, რომლებთაც ადრე არ სურდათ თავდაცვაზე დიდი ფულის დახარჯვა. კოპენჰაგენმა ამ მხრივ ვექტორი მნიშვნელოვნად შეცვალა.

სამი ათწლეულის განმავლობაში დანია უარს ამბობდა პანევროპულ უსაფრთხოების პოლიტიკაში მონაწილეობაზე, მაგრამ 2022 წლის ივნისში რეფერენდუმის შედეგად გადაწყდა, რომ ეს პოლიტიკა წარსულს ჩაბარდა.

წელს დანიამ თავად გამოყო კიევისთვის დაახლოებით 1.35 მილიარდი დოლარი სამხედრო დახმარების სახით, ხოლო მისმა მხარდაჭერამ ჯამში 7.5 მილიარდი დოლარი შეადგინა.

დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიქსენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიევის მხარდაჭერა დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხად რჩება, რადგან ევროპის უსაფრთხოება უკრაინიდან იწყება. ჰააგაში ნატოს ბოლო სამიტზე ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა და იარაღის ერთობლივი წარმოების გეგმები განიხილა. დანია გახდება პირველი ქვეყანა, რომელთანაც უკრაინა მსგავს პროექტს დაიწყებს.
ეს, ალბათ, ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მოსკოვი დანიას „ომის წამქეზებელ“ ქვეყნად მიიჩნევს.

ევროოჯახის გაფართოება

დანია გაერთიანებული ევროპის უსაფრთხოების გაძლიერების გარდა, ევროპული ოჯახის გაფართოებასაც ემხრობა, რაშიც მოლდოვისა და უკრაინის პოტენციური გაწევრიანება იგულისხმება.

ევროკავშირის გაფართოება დანიის თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტია და დანიას სურს, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ერთად იარონ ამ გზაზე. ამის შესახებ ევროკავშირში დანიის ელჩმა, კარსტენ გრონბეკ-იენსენმა, ბრიუსელში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, დანია ეცდება უზრუნველყოს, რომ უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ერთი და იგივე ტემპით წარმართონ.

კოპენჰაგენი მოსკოვის წინააღმდეგ

გასაკვირი არ არის, რომ კოპენჰაგენი რუსეთის წინააღმდეგ საგრძნობი სანქციების დაწესებას მოითხოვს. ამ მხრივ დანია შესაძლოა პოლონეთზე კიდევ უფრო მკაცრი იყოს, რომლის თავჯდომარეობის დროს სანქციების ორი პაკეტი მიიღეს. დანია მხარს უჭერს ევროკავშირის ქვეყნების მიერ რუსული ენერგორესურსების იმპორტზე სრულ უარის თქმას და რუსული ნავთობის ტრანსპორტირებადი ტანკერებისთვის ახალი შეზღუდვების შემოღებას. დანიას მოუწევს სლოვაკეთის და უნგრეთის დაყოლიება, რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-18 პაკეტთან დაკავშირებით.

აქ საკითხავია რამდენად შორს წავლენ მკაცრი ხაზის მომხრეები და გამონახავენ თუ არა ისინი ეფექტურ ინსტრუმენტებს. საქმე ისაა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მარტო არ არის: ბუდაპეშტის უკრაინასთან დაკავშირებული განსაკუთრებული პოზიციის გამო „დასჯის“ ნებისმიერ მცდელობას სლოვაკეთი დაბლოკავს, რომელიც იდეოლოგიურად მასთან ახლოსაა.

დანიამ წამყვანი როლი იკისრა ბალტიის ზღვის უსაფრთხოების მონიტორინგში, რაც მიუთითებს რუსეთის მხრიდან მზარდ საფრთხეებზე. მაგალითისთვის მოჰყავთ „ჰიბრიდული შეტევები“, წყალქვეშა კაბელების დაზიანება და GPS სიგნალების დარღვევა. კოპენჰაგენის ინიციატივით, ევროკავშირის ქვეყნები ბალტიის ზღვაში რუსული ტანკერების დაკავების გეგმებს განიხილავენ.

კონფლიქტის აცილება ტრამპთან

ექნება თუ არა პრობლემები ევროკავშირის ახალ თავმჯდომარეს შეერთებულ შტატებთან?
კოპენჰაგენი შეშფოთებულია აშშ-ის პრეტენზიებით გრენლანდიაზე, რომელიც დანიის ნაწილია. ამის შესახებ ხომ რეგულარულად აცხადებს დონალდ ტრამპი, რომელმაც თავის დროზე არ გამორიცხა კუნძულზე კონტროლის მოსაპოვებლად სამხედრო ძალის გამოყენების შესაძლებლობაც კი.

დანია აშშ-ის პრეზიდენტთან გრენლანდიისა და სავაჭრო ტარიფების გამო უთანხმოების თავიდან აცილებას იმედოვნებს.
შესაძლოა ამის გამოც გრენლანდიის საკითხი დანიის თავმჯდომარეობის პროგრამაში არ იყო ნახსენები.

გავამკაცროთ

კიდევ ერთი პოტენციურად წინააღმდეგობრივი თემა: მიგრაციის შეზღუდვა. დანიას სოციალ-დემოკრატები მართავენ, თუმცა მიგრაციის საკითხებში მათ ულტრამემარჯვენეებთან დაკავშირებული პოლიტიკა გაატარეს: აუცილებელია ევროპაში არალეგალური მიგრანტების ნაკადის შემცირება და ევროკავშირის საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. არალეგალურ მიგრაციას არ უნდა მივცეთ საშუალება, საფრთხე შეუქმნას ევროპის ერთიანობას და უზრუნველვყოთ იმ ადამიანების დაბრუნება, რომლებსაც არ აქვთ კანონიერი ბინადრობის სტატუსი – ასეთია დანიელების პროგრამა.

ძლიერი ევროპა ცვალებად სამყაროში

უსაფრთხოების გარდა, დანიის პრიორიტეტებს შორისაა ევროპის გრძელვადიანი ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის გაძლიერება, ეკოლოგიური საკითხების გააქტიურება და ტექნოლოგიური პროგრესი.
კოპენჰაგენი მზადაა ყველა ამ მისიისთვის სლოგანით „ძლიერი ევროპა ცვალებად სამყაროში“.

ფოტო: euronews
medwatch
politico

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g