სტამბოლში საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. შემთხვევა ფათიჰის რაიონში მოხდა. თურქული მედიის ცნობით, გარდაცვლილია საქართველოს მოქალაქე. 56 წლის მამაკაცი საავადმყოფოში თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. რუსეთის ერთი მოქალაქე კი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, კონფლიქტი მხარეებს შორის გადამზიდავი კომპანიის ოფისში, შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებმა მაყუჩიანი იარაღი, ვაზნები და დანა აღმოაჩინეს.
თურქი სამართალდამცველები საქართველოს 2 მოქალაქეს ეძებენ. ინციდენტში მონაწილე სხვა პირები პოლიციამ უკვე დააკავა, საუბარია სამ ადამიანზე.