„თავად სამივე ქვეყნის მოწვევის ფაქტი ამ ფორმატში განსაკუთრებულად უსვამს ხაზს იმას, რომ ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა; უფრო მეტიც, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ქვეყანა – საქართველო, უკრაინა და მოლდოვა არიან ის ქვეყნები, რომელთან ერთადაც მათ უნდა განიხილონ მომავალი ინტეგრაციის მნიშვნელობა, ინტეგრაციის ტემპი“, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომელიც პრაღაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობს.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველო შეხვედრაზე მიწვეულია უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად. როგორც ილია დარჩიაშვილმა მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ფორმატში სამ ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, წარმოაჩინოს საკუთარი ხედვები აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით.
„ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, ჩეხეთის მოწვევით ქალაქ პრაღაში იმართება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც მიწვეული არიან საქართველო, უკრაინა და მოლდოვა. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ფორმატში სამ ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, წარმოაჩინოს საკუთარი ხედვები აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით, სადაც იქნება დისკუსია საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ თავად სამივე ქვეყნის მოწვევის ფაქტი ამ ფორმატში განსაკუთრებულად უსვამს ხაზს იმას, რომ ევროკავშირისთვის აღმოსავლეთ პარტნიორობას აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა; უფრო მეტიც, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ქვეყანა – საქართველო, უკრაინა და მოლდოვა არიან ის ქვეყნები, რომელთან ერთადაც მათ უნდა განიხილონ მომავალი ინტეგრაციის მნიშვნელობა, ინტეგრაციის ტემპი.
მოხარული ვართ, რომ ფორმატში გვექნება შესაძლებლობა, წარმოვაჩინოთ ჩვენი ხედვა, ის სამუშაო და ის აქტივობები, რომელიც საქართველომ უკვე ჩაატარა ამ მიმართულებით. გავუზიარებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ჩვენს მოლოდინებს, ხედვებს და დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ძალიან ღია, ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია იმის შესახებ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები აღმოსავლეთ პარტნიორობის სამი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით. დარწმუნებული ვართ, რომ ეს შეკრება, სადაც სამი ქვეყანა იქნება წარმოდგენილი, იქნება ახალი იმპულსი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა „პირველ არხთან“ საუბრისას ილია დარჩიაშვილმა.
ამასთან, ილია დარჩიაშვილის თქმით, შეხვედრაზე საქართველოს ექნება მკაფიო გზავნილები.
„საქართველო, როგორც ყოველთვის, არის მკაფიო საკუთარ მომავალ აქტივობებთან დაკავშირებით. ჩვენ წარმოვადგინეთ ის ხედვა, ის გზამკვლევი, როგორ უნდა გავაგრძელოთ აღნიშნულ რეკომენდაციებთან მიმართებაში ჩვენი ძალისხმევა; დღესაც გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ვუთხრათ ის დასახული გეგმა, თუ როგორ აპირებს ჩვენი ქვეყანა, გასცეს პასუხი ყველა იმ რეკომენდაციას და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება იმასთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება მალე მივიღოთ სტატუსი და ეს სტატუსი იქნება ჩვენთვის ახალი ფურცელი ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ამასთან, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, იგი ორმხრივ შეხვედრებს ევროპელ პარტნიორებთან გამართავს. მისივე თქმით, შეხვედრა დაგეგმილი აქვს უკრაინელ კოლეგა დმიტრო კულებასთანაც.
„ღონისძიების ფარგლებში მექნება ორმხრივი შეხვედრები ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. მათთან გვექნება შესაძლებლობა, განვიხილოთ, ერთი მხრივ, ორმხრივი თანამშრომლობა და ხოლო, მეორე მხრივ, ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ამ ინტეგრაციის პროცესში ინდივიდუალური წევრი ქვეყნების მხარდაჭერა, რაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანია.
ასევე, დაგეგმილი ჩემი შეხვედრა ჩემს უკრაინელ კოლეგასთან, რომელთანაც მუდმივად მქონდა კომუნიკაცია და შეხვედრის შესაძლებლობები. გვექნება ძალიან ღია და ძალიან კონკრეტული საუბარი, თუ როგორ შეიძლება, ორმა ქვეყანამ გააძლიეროს ორმხრივი თანამშრომლობა, სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ჩვენ გვაქვს ორ ქვეყანას შორის და დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრაც იქნება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაძლიერების ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი.“– განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.