LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“დარღვეული იყო გოგირდის შემცველობა, აფეთქების ტემპერატურა და სიმკვრივე” – ავტოგასამართ სადგურებზე ბენზინის და დიზელის საწვავის ხარისხი შეამოწმეს

139
საწვავი

ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შემცირებისა და პრევენციის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საავტომობილო საწვავის ხარისხი შეამოწმეს.

უწყების ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, 100 ავტოგასამართი სადგურიდან აღებულია საავტომობილო ბენზინის 50 და დიზელის საწვავის 50 ერთეული სინჯი, მათში ხარისხობრივი მაჩვენებლების მნიშვნელობების მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

“ლაბორატორიული კვლევის შედეგად, სამართალდარღვევა გამოვლინდა მხოლოდ დიზელის საწვავის სინჯებში. საწვავის ხარისხი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს არ აკმაყოფილებდა დიზელის საწვავის 29 სინჯში. ნიმუშებში დარღვეული იყო გოგირდის შემცველობა, აფეთქების ტემპერატურა და სიმკვრივე.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამართალდამრღვევების მიმართ ოქმები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 91 პრიმა 3 მუხლის მესამე ნაწილით შეადგინეს. ჯარიმების ოდენობა 3 მილიონ 350 ათას ლარზე მეტია. საქმის მასალები შესაბამის სასამართლოებში გადაიგზავნა”, – აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.