„დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს „ამერიკა უპირველეს ყოვლისას“ დემონსტრაციაა… უფრო როგორც პუტინის რუსეთის მერე მეორე ადგილზე მყოფი ამერიკა გამოიყურება“, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.
„ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა. პირველად, როდესაც ჩემით უნდა ჩავდგომოდი მოლაპარაკებებს სათავეში, ბევრი წლის წინ, უფრო გამოცდილმა კოლეგამ საბაზისო რაღაცები მასწავლა: „ნებისმიერი ქმედების უფლება გაქვს, მაგრამ არასდროს… არასდროს დაამცირო მეორე მხარე!“ მათ უნდა იშუამავლონ, ვისაც სურს მშვიდობისმყოფელებად წარმოჩენა!
ვოლოდიმირ ზელენსკი, ისინი, ვისაც ესმის რას ნიშნავს საკუთარი ტერიტორიის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვა – არა ერთხელ, არამედ ხშირად ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში – თქვენს მხარეს არიან, ბატონო პრეზიდენტო“, – წერს ზურაბიშვილი.
„დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს „ამერიკა უპირველეს ყოვლისას” დემონსტრაციაა… უფრო როგორც პუტინის რუსეთის მერე მეორე ადგილზე მყოფი ამერიკა გამოიყურება. მაშინ, როდესაც ყველას უფრო ძლიერი ამერიკა გვჭირდება უფრო ძლიერ ევროპასთან ერთად. როგორც ჩანს, საბოლოოდ ყველანი ამ უკანასკნელის აღმოცენებას ვხედავთ”, – წერს კიდევ ერთ პოსტში ზურაბიშვილი.
დონალდ ტრამპმა და ჯეი დი ვენსმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან თეთრ სახლში კამერების წინაშე იკამათეს
ცნობისთვის, თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა კამერების წინ ხმამაღლა კამათი დაიწყეს უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ამის შემდეგ უკრაინასა და აშშ-ს შორის იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების ხელმოწერა და ერთობლივი პრესკონფერენცია გაუქმდა, ხოლო ზელენსკიმ დროზე ადრე დატოვა თეთრი სახლი.