თბილისის ანძის რეაბილიტაციას Kass Tower Georgia განახორციელებს. თბილისის მერის მოადგილის ანდრია ბასილაიას განცხადებით, თბილისის ანძასთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვა დასრულებულია.
„გვყავს გამარჯვებული კომპანია და ახლა მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმების პროცესი. 1 წელი დასჭირდება კომპანიას, რომ დეტალური პროექტირება გააკეთოს, ხოლო შემდგომ 2 წელი ექნება პროექტის განხორციელებისთვის. ჯამური ინვესტიციის მოცულობა დამოკიდებული იქნება დეტალურ პროექტირებაზე, თუმცა აქ გათვალისწინებულია არანაკლებ 4 მლნ დოლარის ინვესტიცია. ჩვენი ვარაუდით, იქნება 6-7 მლნ დოლარი“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.
ცნობისთვის, თბილისის ანძაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტი ითვალისწინებს, დაახლოებით, 70 მეტრის სიმაღლეზე გადმოსახედის მოწყობას, საიდანაც პანორამული ხედები გადაიშლება, ასევე, მოეწყობა კვების ობიექტები.
შეგახსენებთ, თბილისის ანძის რეაბილიტაციის საკითხი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში წამოჭრა. მაშინ კალაძე ამბობდა, რომ თბილისის ანძის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 10-დან 15 მლნ ლარამდე იქნებოდა.