აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საკარმიდამო ნაკვეთების დამუშავება მიმდინარეობს. სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ პირველ ეტაპზე 53 000 ჰა თხილის ფართობია დამუშავებული. ამჟამად კი მიმდინარე სამუშაოების შედეგად, დასავლეთ საქართველოში წამლობა უკვე 8305 ჰექტარზეა ჩატარებული.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, სურსათის ეროვნული სააგენტოს ტექნიკა სრულად არის მობილიზებული: მავნებლის გავრცელების კერებში ინტენსიურად მუშაობს 7 ერთეული ამერიკული თერმული ნისლის გენერატორი, 6 ერთეული იტალიური სამანქანე შემასხურებელი და 2 იტალიური სატრაქტორო აგრეგატი.
”დღეისათვის თერმული ნისლის ტექნოლოგიით უკვე დამუშავდა 6240 ჰა საკარმიდამო ნაკვეთები სამტრედიაში, აბაშაში, ხობში, მარტვილში, სენაკში, ზუგდიდსა და ლანჩხუთში. აბაშის მუნიციპალიტეტში სატრაქტორო აგრეგატებით დამუშავებულია 800 ჰექტარი ფართობი, სამანქანე აგრეგატებით – 1265 ჰა. დღეიდან ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებში ჩაერთვება მაღალი წარმადობის დისპერსიული აეროზოლური შემასხურებელი, რომელსაც დღეში ასეულობით ჰექტრის სიმინდის მასივის დამუშავება შეუძლია”, – აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
მათივე ცნობით, ბრძოლის ღონისძიებების მეორე ეტაპზე სულ 30 ათასი ჰექტრის დამუშავებაა დაგეგმილი. ღონისძიებები აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით მიმდინარეობს.
