რადიო „ფორტუნას“ და გადაცემა „არტ-FM“-ს ბორჯომის მერიის მრჩეველი კულტურის საკითხებში, ანსამბლ „ბორჯომის“ ხელმძღვანელი გიორგი ბუგიანიშვილი სტუმრობდა, რომელმაც მაისის თვეში გამართულ კონცერტსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
ანსამბლ „ბორჯომს“ ორი წლის წინ ჩავუდექი სათავეში. მაქსიმუმი გავაკეთეთ სოლო კონცერტის ჩასატარებლად და 30 მაისს მართლაც მოვაწყვეთ გრანდიოზული საღამო. მართალია, თავიდან სადებიუტო კონცერტის გამართვას თბილისში ვგეგმავდით, მაგრამ გადავიფიქრეთ და ისევ მშობლიურ ბორჯომში ჩატარება გადავწყვიტეთ, სადაც ანსამბლი 50 წელზე მეტია მოღვაწეობს.
ახლა რეგიონებში ვგეგმავთ მასშტაბურ ტურს, რომელსაც „მეგობრობის ხიდი“ დავარქვით. სამწუხაროდ, ჩვენს ანსამბლს ნაკლებად იცნობენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი შემოქმედების რეგიონებისთვის გაცნობა. 11-13 ივლისს ცაგერს, ონს და ამბროლაურს ვეწვევით. თვითონ რაჭიდან ვარ წარმოშობით, ამიტომ ძალიან მიყვარს ეს რეგიონი. მოგვიანებით აჭარასა და სვანეთში გადავინაცვლებთ, ერთგვარ დასკვნით კონცერტებს კი დეკემბრის თვეში მოვაწყობთ, ჯერ თბილისში, მერე იტალიაში, რომის თეატრში.
ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პროგრამა გვაქვს. უპირატესობა ფოლკლორს მივანიჭეთ, თუმცა მოგვიანებით ქალაქური სიმღერის და საგუნდო მუსიკის საღამოს მოწყობაც გვინდა. 40-მდე სიმღერა მოვაგროვეთ საქართველოს ყველა კუთხიდან, ცოტა კრიმანჭული გვიჭირს, თუმცა იმედი გვაქვს ბორჯომშიც მოიძებნება ნამდვილი გურული, რომელიც კრიმანჭულს გვეტყვის და გურულ სიმღერასაც დავხვეწავთ.
ბორჯომში საზაფხულო სეზონი უკვე გაიხსნა, ამიტომ ქალაქის მერია და კულტურის განყოფილება მაქსიმალურად ცდილობს დამსვენებლებისთვის ხალისიანი განწყობის შექმნას, მეტი კონცერტისა და გასართობი ღონისძიების მოწყობას. 18 ივლისს „ერისიონს“ ვუმასპინძლებთ, მოგვიანებით ზაზა მამალაძე გვეწვევა, თუმცა ყველაზე მეტად მაინც ქალბატონი ლიანა ისაკაძის ფესტივალის „ღამის სერენადების“ დაწყებას ველით.
მწუხარებით მინდა აღვნიშნო ქალბატონი ლიანას გარდაცვალება. უდიდესი მუსიკოსი, ბრწყინვალე ადამიანი იყო და ბედნიერი ვარ, რომ ახლოს ვიცნობდი. კარგად ვიცნობ მისი ორკესტრის წევრებსაც, ბევრთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს, ამიტომ სიამოვნებით ვიხსენებ ერთად მოწყობილ კონცერტებს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.
ბორჯომი ყოველთვის სიამოვნებით მასპინძლობდა „ღამის სერენადებს“. გარკვეული პერიოდი ფესტივალი სხვა ქალაქებში იმართებოდა, თუმცა ჩვენი სურვილითა და მონდომებით „ღამის სერენადები“ ისევ ბორჯომს დავუბრუნეთ. რა თქმა უნდა, ძალიან ბედნიერი ვიქნებით თუ აფხაზეთში დაბრუნდება, რადგან სწორედ იქ დაიწყო, თუმცა მანამდე ჩვენ ვუმასპინძლებთ. მეტიც, სწორედ ფესტივალით ცხოვრობდა ბორჯომი წლიდან წლამდე, რადგან ყოველთვის ერთი სული გვქონდა შევხვედროდით ქალბატონ ლიანას და მის მუსიკოსებს. წელს ფესტივალი 21 აგვისტოს აიღებს სტარტს. ჯერ არაფერს გავამხელ, თუმცა მელომანებს ძალიან მაგარ მუსიკოსებთან შეხვედრას შევპირდები.