LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დასრულდა ჩვენი მონაწილეობა სამშვიდობო მისიაში, არ დასრულდება ჩვენი ერთობა, ქართულმა ჯარმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ სახელმწიფოს მთავარი დამცველია: სალომე ზურაბიშვილი

63
salome

საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდალმა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, სენაკში, საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში, ყველაზე ხანგრძლივი სამშვიდობო მისიის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, რომ „ქართულმა ჯარმა არაერთხელ დაამტკიცა, რომ სახელმწიფოს მთავარი დამცველი და საყრდენი ძალაა. ჩვენ ვართ მომავალზე ორიენტირებული ქვეყანა და გვაქვს ამბიცია, გავხდეთ მაგალითი სხვებისთვის. საქართველო ნატოს პარტნიორია, რომელიც სრულად იზიარებს მის ღირებულებებსა და უსაფრთხოების პრინციპებს“.

„დღეს ქართული ჯარისთვის და სრულიად საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა. საქართველოს თავდაცვის ძალებმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისია დაასრულა. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში განხორციელებულ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა 20 000-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო, საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფას თავდაცვის ძალების 32-მა სამხედრო მოსამსახურემ შესწირა თავი.

ქედს ვიხრით დაღუპულთა წინაშე. ჩვენ ასევე ვაცნობიერებთ ჩვენს პასუხისმგებლობას მათ მიმართ, ვინც საკუთარი ჯანმრთელობა შესწირა ქვეყნის დამოუკიდებლობის და მსოფლიო მშვიდობისთვის ბრძოლას. მოხარული ვარ, რომ დღეს მხედრული მამაცობისთვის მედლით დავაჯილდოებ რვა სამხედრო მოსამსახურეს, რომელთა შორის არიან ის სამხედროები, ვინც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის რისკის ფასად პირნათლად შეასრულა მოვალეობა და განსაკუთრებული წვლილი შეიტანა სამშვიდობო მისიის წარმატებით დასრულებაში“. – აღნიშნა ქვეყნის მთავარსარდალმა.

მისი თქმით, ქართველმა ჯარისკაცებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ჩვენი ქვეყანა არის საიმედო და ღირსეული პარტნიორი რეგიონალური და გლობალური გამოწვევების დასაძლევად.

„სწორედ ამ პარტნიორობის შედეგი იყო საქართველოს, როგორც ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი ქვეყნის მონაწილეობა „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“. გრძელდება ბრძოლა, ბრძოლა დასავლური არჩევანისა და ღირსეული მომავლისთვის, ბრძოლა დამოუკიდებლობისა და სტაბილურობისათვის, მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ. უმნიშვნელოვანესია, რომ ვეტერანებმა კვლავ განაგრძონ საქართველოს სამსახურში ყოფნა, მონაწილეობა მიიღონ მომავალი თაობების აღზრდაში. სამშობლოს დაცვის ვალდებულება უწყვეტი თავდადებისა და ერთგულების ვალდებულებაა“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

 

2004 წლიდან დღემდე, სხვადასხვა დონეზე ჩატარებულ 107 როტაციის ფარგლებში, ავღანეთში განხორციელებულ სამშვიდობო მისიებში მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო.

საქართველოს თავდაცვის ძალებმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მძიმე დანაკლისიც განიცადა. საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას 32 სამხედრო მოსამსახურე შეეწირა, რამდენიმე ათეული კი დაიჭრა და დაშავდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g