ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში პროფესიული განვითარების პროცესებსა და ხარისხზე წერს.
ის აღნიშნავს, რომ კველების თანახმად საქართველოს განათლების სისტემა “მსოფლიო აუტსაიდერთა რიგშია”.
“პროფესიული განვითარების პროცესი ჩვენში გაადვილებულად წარმოუდგენიათ:
მე ორ-სამ დღეში ვასწავლი სხვას, ის – კიდევ სხვას, ის, თავის მხრივ – მორიგ სხვას და ასე – საბოლოო წარმატებამდე. ეს კონვეირი უპაუზოდ მუშაობს.
კვალიფიკაცია ასე სწრაფად რომ მაღლდებოდეს და ინდივიდის ხანგრძლივად შეუპოვარ შრომასა და გარჯას არ გულისხმობდეს, ყველა ძალიან განვითარებული იქნებოდა.
ე.წ. “ახალი სკოლის” იდეების დანერგვის პროცესში – ამოცანის მასშტაბის უპირობო ზრდის (თანდათან ყველა სკოლა უნდა მოვიცვათ) კვალდაკვალ – დანერგვის საქმის სულ უფრო მეტი პროფესიონალი მცოდნე გვჭირდება. ეს “აკადემიური ბირთვული რეაქციაა”, როდესაც დროის მცირე მონაკვეთში ასეთ მცოდნეებს ვამზადებთ და ვაბამთ პროცესში.
ვის შეუძლია, განსაზღვროს, შეაფასოს და დაადასტუროს, რომ ე.წ. “ქოუჩები” ალოგიკურად მოკლე დროში სათანადო კვალიფიკაციას იძენენ, სხვებს რომ ასწავლონ?
ვინ გასცემს მათი პროფესიული მზაობის დამადასტურებელ სერტიფიკატს და – რა მონაცემებსა თუ კრიტერიუმებზე დაყრდნობით?
უკვე ახლა ისინი ასეულობით გვჭირდება და – ყველა სკოლის საქმეში ჩართვასთან ერთად – ათასობით დაგვჭირდება.
ასეთი, მართლაც კონვეირული, დასტა-დასტა “მომზადებისა” და გასერტიფიკატების პირობებში ვინმე აცნობიერებს ან პასუხისმგებლობას იღებს იმაზე – სად შეიძლება კიდევ გაგვექცეს ისედაც დაკნინებული განათლების ხარისხი?
ქართული პასუხი მარტივი და ჯერ-ჯერობით უცდომელია:
რამდენიმე ხანში მოგვივა ვინმე ახალი, ყველაფერ ამას (იდეებსაც და მათი განმახორციელებლების მომზადების ლოგიკასაც) შეცდომად, სისულელედ და უვარგისად გამოაცხადებს და დაიწყებს “სერიოზულ მუშაობას” ახალი სისტემის გასააზრებლად, მისაღებად და დასანერგად. ამასაც წლებზე გაწელავენ. ძველ შეცდომებს კი ყველა დაივიწყებს, თუ საერთოდ სრულად გააცნობიერეს.
ბუნდოვანი და დღემდე მიუღწეველი “პროგრესის” სახელით ათწლეულთა განმავლობაში მოჯადოებულ წრეზე ვტრიალებთ.
ჰოდა, ყველა უკმაყოფილოა, ე.წ. “რეფორმატორთა” გარდა – მხოლოდ ისინი ხედავენ
მასწავლებელ-მოსწავლე-მშობელ-დირექტორთა ბედნიერებით “გაცისკროვნებულ თვალებს”, კვლევები კი მუდმივი ერთფეროვნებით ადასტურებს, რომ საქართველოს განათლების სისტემა მსოფლიო აუტსაიდერთა რიგშია.
როგორც ჩანს, ქართველებს ბევრი ფული და დრო გვაქვს – შეგვიძლია დაუსჯელად ვფლანგოთ. არც არასდროს არავინ მოგვთხოვს პასუხს.
ერთი რამ კი მკაფიოდ ნათელია:
უფროსები შეცდომებს ყოველთვის ბავშვების ხარჯზე უშვებენ”,-წერს გია მურღულია სოციალურ ქსელში.