ისტორიკოსი დათო ჯიშკარიანი საქართველოში პოლიტიკური ჯგუფების უპასუხისმგებლო ქცევაზე „რეალურ სივრცესთან“ საუბრობს და ამბობს:
„წინა სემესტრში დაახლოებით 10-მა სტუდენტმა მთხოვა, რომ დაესწრებოდა ლექციას „ზუმში“, ოღონდ ოფიციალურად ვერ დარეგისტრირდებოდა, რადგან თანხა არ ჰქონდა გადახდილი. ქვეყანაში, სადაც სტუდენტი ვერ იხდის სწავლის თანხას და მას უწევს მსგავსი ურთიერთობების დამყარება, ევროკავშირი რომც არ იყოს, ჩვენ ამაზე მაინც უნდა ვიზრუნოთ. ევროკავშირი არის სოციალურად მდგრადი სივრცე და საზოგადოება. განათლებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ვსაუბრობთ ერთიან იდენტობაზე და როგორ შეიძლება, ერთიანი იდენტობა ჰქონდეთ დავუშვათ, გურჯაანის რაიონის სოფელ კოლაგის სკოლის მოსწავლეს და მოსწავლეს, რომლის მშობლებიც ერთ სემესტრში სწავლაში 50 000-ს იხდიან. უფრო მეტიც – მათი ხედავ წარსულზეც და მომავალზეც რადიკალურად განსხვავებულია. როდესაც სახელმწიფოში არის ასეთი სოციალური დისბალანსი, დიდი ბოდიში, მაგრამ პოლიტიკური ელიტები ნუ ითხოვენ სოლიდარობას. პოლიტიკური ელიტები არ ლაპარაკობენ იმაზე, თუ რა უჭირს ხალხს… პოლიტიკური ჯგუფები აცდენილნი არიან რეალობას. ამ ყველაფრის შესახებ 120 წლის წინ ნიკო ნიკოლაძე წერდა თავის წერილებში, აქტიურ და სინდისიან ხალხს ეძებდა – დღეს აქტიურები მაინც რომ იყვნენ, რომლებიც პრობლემებს წარმოაჩენენ, უკვე ძალიან დიდი ნაბიჯი იქნება… ევროკავშირის წევრობა არ არის სამოთხეში გადასვლა ქრისტიანებისთვის, ან ნებისმიერი რელიგიის ადამიანებისთვის. ევროკავშირის წევრობა არის სოციუმის გაუმჯობესება, ყოფა-ცხოვრების. რას ვიღებთ ჩვენ? პოლიტიკური ელიტა აცდენილია სოციუმს. ის ცდილობს, სოციალურად და ემოციურად დაძაბული მოსახლეობის გამოყვანას მეორეს წინააღმდეგ. უბრალოდ, ხალხი გაიზარდა და იარაღს არ ისვრის, თორემ 1992 წელი ჩვენთან რამდენიმე წლის წინ დადგებოდა. პოლიტიკური ელიტა დღეს არის სრულიად უპასუხისმგებლო და მას აინტერესებს ერთადერთი რამ, საკუთარი პრივილეგიების შენარჩუნება. დაიცალა პოლიტიკური კლასი პასუხისმგებლობისგან, არ გააჩნია არანაირი იდეა. როდის ნახეთ პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც გამოდიოდა აქციაზე რომელიმე კანონში ცვლილებასთან დაკავშირებით? რა მივიღეთ ჩვენ? მედიის მიერ მანიპულირებადი პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც მშიერ ხალხს აძლევენ სანახაობას, პურს – არა. საუბარი მაღალ მატერიებზე ძალიან რთულია. ჩვენ ვართ სოციალური კატასტროფის პირას… ახლა უკრაინაზე გვაქვს ყურადღება, მერე ფეხბურთზე, მერე ვიღაც მეორეს დედას შეაგინებს. პოლიტიკოსები პოლიტიკის გარეშე ცხოვრობენ. სიტუაცია არის ძალიან კრიტიკული…“