28 ივლისს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ დათო ოქიტაშვილი სტუმრობდა, რომელმაც თავის საქმიანობაზე, ცნობილი ადამიანების ვარსკვლავების გახსნის ტრადიციაზე და აგვისტოში დაგეგმილ „სუხიშვილების“ კონცერტებზე ისაუბრა.
დათო, ვისაუბროთ შენს საქმიანობაზე და განვლილ გზაზე, როგორც ვიცი, ზურაბ ჟვანიას დიდი დამსახურებაა, კულტურის სფეროში რომ აღმოჩნდი…
დიახ, ჩემი კულტურის სფეროში მოხვედრა ზურამ გადაწყვიტა. ზურა დედას დაბადების დღეზე იყო. დედა მოცეკვავეა და ჩვენს სახლში სულ ხელოვანი ადამიანები იკრიბებოდნენ. მეორე დღეს რომ მივედი სამსახურში, მან მითხრა, მინდა, შენ ამ ადამიანებს მოუაროო და ასე დაიწყო ყველაფერი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ურთიერთობა მექნებოდა ქალბატონ ნინო რამიშვილთან, ნანი ბრეგვაძესთან, მედეა ჩახავასთან, რამაზ ჩხიკვაძესთან, ოთარ მეღვინეთუხუცესთან, გურანდა გაბუნიასთან. ამ ადამიანებმა გამიწიეს რეკომენდაცია, წერილით მიმართეს ქალაქის მერს და უთხრეს, მხარს ვუჭერთ, რომ ქალაქის კულტურის სამსახურის უფროსად დათო ოქიტაშვილი დაინიშნოსო. იმის მერე არ გაწყვეტილა ჩვენი ურთიერთობა. მახსოვს, სახლში რომ მივიდოდი, ჩემი მეუღლე მეუბნებოდა, ქალბატონმა მედეა ჩახავამ დარეკა, მასწავლა, თევზი როგორ უნდა ჩადო რძეში და დააბასტურმოო, მე მიკვირდა, რა რძე, რა თევზი-მეთქი. აი, ასეთი ურთიერთობა გვქონდა, მე თუ არ ვიყავი სახლში, ყოველთვის კითხულობდა ჩემს მეუღლეს. არასდროს დამავიწყდება, ნატაშა ჩხიკვაძე დამირეკავდა ხოლმე, მოდი სასწრაფოდ, რამაზმა ჩაი უნდა დალიოს და ერთად ისაუზმეთო. ასევე, არასდროს დამავიწყდება ის, რომ ქალბატონი სოფიკო გამომივლიდა ხოლმე და მეტყოდა, წამოდი, ახლა წავედითო და ბაზრობაზე მივყავდი… ადრე სხვა ურთიერთობა იყო. მე ვერიკო ანჯაფარიძესაც მოვესწარი და ერთხელ რომ მივედი სახლში და ვიკითხე, ქალბატონი ვერიკო სად არის-მეთქი, მითხრეს, ცუდად იყო, თეატრში წავიყვანეთ, დავტოვეთ და ახლა უნდა გავუაროთო. რატომ-მეთქი, რომ ვიკითხე, მიპასუხეს, რომ მივიყვანეთ, სცენაზე გაცოცხლდაო. ასეთი რამ მეც გადავიტანე. 2001 წელს დავიწყეთ ვარსკვლავების გახსნა და პირველი ვარსკვლავი ნინო რამიშვილის იყო. ქალბატონი ნინო შეუძლოდ იყო და თავის ვარსკვლავთან რომ მივიყვანეთ, მე და ილიკოს, ხელი გამიშვითო, გვითხრა. ჩვენ კი გაფრთხილებულები ვიყავით ნინოსგან, რომ ხელი არ უნდა გაგვეშვა. მთელი საქართველოს მოცეკვავეები მას ელოდნენ და იცით, რა დავინახე?! ქალბატონი ნინო იმდენად ძლიერი იყო, რომ მათ არ დაანახვა, რომ შეუძლოდ იყო. თავის ვარსკვლავზე წაიცეკვა, მერე ჩუმად გვითხრა, სცენაზე ამიყვანეთო, ავიყვანეთ და ცოტა ხანს იქაც გაჩერდა. ეს არის ის სიძლიერე, რაც სცენას აქვს.
უბედნიერესი ვარ, რომ ასეთ ადამიანებს ვიცნობდი. დღემდე ეს ურთიერთობა გრძელდება მათ ოჯახის წევრებთან. სამწუხაროდ, ახლა ასეთი ურთიერთობები აღარ არის, ყველა ერთმანეთს ებრძვის, თან ჩვენს სფეროში, ყველას ერთმანეთის შურს. მინდა, ყველას ვუთხრა, გვიყვარდეს ერთმანეთი, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, რადგან ყველაზე ძვირფასი, რაც ადამიანს აქვს, მეგობრობაა. როცა ადამიანი სახლში გიშვებს, ესე იგი, მას გულწრფელად უყვარხარ, მაგალითად, მე, ყველას არ ვუშვებ სახლში.