28 ივლისს რადიო „არ დაიდარდოს“ და თაკო მელიქიშვილის გადაცემას „რადიო დუეტი“ დათო ოქიტაშვილი სტუმრობდა, რომელმაც თავის საქმიანობაზე, ცნობილი ადამიანების ვარსკვლავების გახსნის ტრადიციაზე და აგვისტოში დაგეგმილ „სუხიშვილების“ კონცერტებზე ისაუბრა.
დათო, ვისაუბროთ შენს საქმიანობაზე და განვლილ გზაზე, როგორც ვიცი, ზურაბ ჟვანიას დიდი დამსახურებაა, კულტურის სფეროში რომ აღმოჩნდი…
დიახ, ჩემი კულტურის სფეროში მოხვედრა ზურამ გადაწყვიტა. ზურა დედას დაბადების დღეზე იყო. დედა მოცეკვავეა და ჩვენს სახლში სულ ხელოვანი ადამიანები იკრიბებოდნენ. მეორე დღეს რომ მივედი სამსახურში, მან მითხრა, მინდა, შენ ამ ადამიანებს მოუაროო და ასე დაიწყო ყველაფერი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ურთიერთობა მექნებოდა ქალბატონ ნინო რამიშვილთან, ნანი ბრეგვაძესთან, მედეა ჩახავასთან, რამაზ ჩხიკვაძესთან, ოთარ მეღვინეთუხუცესთან, გურანდა გაბუნიასთან. ამ ადამიანებმა გამიწიეს რეკომენდაცია, წერილით მიმართეს ქალაქის მერს და უთხრეს, მხარს ვუჭერთ, რომ ქალაქის კულტურის სამსახურის უფროსად დათო ოქიტაშვილი დაინიშნოსო. იმის მერე არ გაწყვეტილა ჩვენი ურთიერთობა. მახსოვს, სახლში რომ მივიდოდი, ჩემი მეუღლე მეუბნებოდა, ქალბატონმა მედეა ჩახავამ დარეკა, მასწავლა, თევზი როგორ უნდა ჩადო რძეში და დააბასტურმოო, მე მიკვირდა, რა რძე, რა თევზი-მეთქი. აი, ასეთი ურთიერთობა გვქონდა, მე თუ არ ვიყავი სახლში, ყოველთვის კითხულობდა ჩემს მეუღლეს. არასდროს დამავიწყდება, ნატაშა ჩხიკვაძე დამირეკავდა ხოლმე, მოდი სასწრაფოდ, რამაზმა ჩაი უნდა დალიოს და ერთად ისაუზმეთო. ასევე, არასდროს დამავიწყდება ის, რომ ქალბატონი სოფიკო გამომივლიდა ხოლმე და მეტყოდა, წამოდი, ახლა წავედითო და ბაზრობაზე მივყავდი… ადრე სხვა ურთიერთობა იყო. მე ვერიკო ანჯაფარიძესაც მოვესწარი და ერთხელ რომ მივედი სახლში და ვიკითხე, ქალბატონი ვერიკო სად არის-მეთქი, მითხრეს, ცუდად იყო, თეატრში წავიყვანეთ, დავტოვეთ და ახლა უნდა გავუაროთო. რატომ-მეთქი, რომ ვიკითხე, მიპასუხეს, რომ მივიყვანეთ, სცენაზე გაცოცხლდაო. ასეთი რამ მეც გადავიტანე. 2001 წელს დავიწყეთ ვარსკვლავების გახსნა და პირველი ვარსკვლავი ნინო რამიშვილის იყო. ქალბატონი ნინო შეუძლოდ იყო და თავის ვარსკვლავთან რომ მივიყვანეთ, მე და ილიკოს, ხელი გამიშვითო, გვითხრა. ჩვენ კი გაფრთხილებულები ვიყავით ნინოსგან, რომ ხელი არ უნდა გაგვეშვა. მთელი საქართველოს მოცეკვავეები მას ელოდნენ და იცით, რა დავინახე?! ქალბატონი ნინო იმდენად ძლიერი იყო, რომ მათ არ დაანახვა, რომ შეუძლოდ იყო. თავის ვარსკვლავზე წაიცეკვა, მერე ჩუმად გვითხრა, სცენაზე ამიყვანეთო, ავიყვანეთ და ცოტა ხანს იქაც გაჩერდა. ეს არის ის სიძლიერე, რაც სცენას აქვს.
უბედნიერესი ვარ, რომ ასეთ ადამიანებს ვიცნობდი. დღემდე ეს ურთიერთობა გრძელდება მათ ოჯახის წევრებთან. სამწუხაროდ, ახლა ასეთი ურთიერთობები აღარ არის, ყველა ერთმანეთს ებრძვის, თან ჩვენს სფეროში, ყველას ერთმანეთის შურს. მინდა, ყველას ვუთხრა, გვიყვარდეს ერთმანეთი, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, რადგან ყველაზე ძვირფასი, რაც ადამიანს აქვს, მეგობრობაა. როცა ადამიანი სახლში გიშვებს, ესე იგი, მას გულწრფელად უყვარხარ, მაგალითად, მე, ყველას არ ვუშვებ სახლში.
ალბათ, ბევრი უმადური ადამიანიც არის…
არის. ათას ჭორს ყრიდნენ, ამბობდნენ, დათო ოქიტაშვილი ვარსკვლავებს ყიდისო… ვის მივყიდე ვარსკვლავი, ნანი ბრეგვაძეს, ნინო რამიშვილს თუ რამაზ ჩხიკვაძეს?! ზოგჯერ ამაზე გული მტკიოდა. ბევრჯერ ავხსენი, რომ ეს არ არის ჩემი გადაწყვეტილება და არის საბჭო, რომელიც ამ გადაწყვეტილებას იღებს. რაღაც ტალახი ხომ უნდა გესროლონ, რომ გაგსვარონ… ბოლოს ქალბატონმა სოფიკო ჭიაურელმა მითხრა, ოქიტ, როდესაც შენზე არ იჭორავებენ, ჩათვალე, რომ არასწორად ცხოვრობო, რაც ამოვბეჭდე და ოთახში მაქვს გაკრული. რატომ უნდა მშურდეს ვიღაცის?! როცა შენ გვერდით ბევრი წარმატებული და ჩამოყალიბებული ადამიანი იქნება, შენც უფრო მეტს ისწავლი და როცა რაღაც დაგჭირდება, მათგან რჩევას მიიღებ. დღემდე, როცა შენიშვნას მაძლევენ, მე ამას ვიღებ. არასდროს უნდა უყურო ადამიანებს ზევიდან. როდესაც შენ შენს თავს იმ ადამიანებზე მაღლა დააყენებ, ვინც შენ პოპულარული გაგხადა და ვისაც შენ უყვარხარ, ჩათვალე, რომ შენი კარიერა იქვე უნდა დაამთავრო.
როგორც ვიცი, უახლოესი ვარსკვლავი ოქტომბერში გაიხსნება და მინდა, რომ ამ თემაზე ვისაუბროთ.
დიახ, ზურა ყიფშიძის ვარსკვლავი გაიხსნება. ზურა ძალიან რთული პიროვნებაა, ოღონდ კარგი გაგებით. ჯერ გვეჩხუბა მე და თავის შვილს, რა დროს ჩემი ვარსკვლავიაო და მერე ძლივს დავითანხმეთ. ახლა ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა. ბედნიერი ვარ, რომ ეს დღეც დადგა, რადგან უნდა დაფასდნენ ის ადამიანები, ვინც თავისი ქვეყნის ისტორია შექმნა. მიხარია, რომ უკვე მოდის ის თაობა, რომელიც ენაცვლება სოფიკო ჭიაურელს, რამაზ ჩხიკვაძეს, ოთარ მეღვინეთუხუცესს. 100-ზე მეტი ვარსკვლავია გახსნილი და ყველა ვარსკვლავი აბსოლუტურად განსხვავებულია. არასდროს დამავიწყდება სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა, ჯერ უარზე იყო და მერე მივხვდი, იმიტომ მეუბნებოდა უარს, რომ შეუძლოდ იყო და არ უნდოდა, ეს ხალხს დაენახა. შემდეგ დაგვთანხმდა და ვარსკვლავის გახსნაზე მან ასეთი სიტყვები წარმოსთქვა, ეს ვარსკვლავი მე არ მეკუთვნის, ეს ვარსკვლავი ჩემს მშობლებს ეკუთვნითო. მეორე დღეს ბანკეტივით გააკეთა, ყველა სუფრაზე მივიდა, დაგვემშვიდობა და მას შემდეგ სოფიკო არავის უნახავს, რადგან თქვა, მინდა, ისეთი სოფიკო გახსოვდეთ, როგორიც აქამდე გახსოვდათო.
რას იტყვით რუსეთში მოღვაწე ქართველ შემსრულებლებზე?
რუსეთი არის ოკუპანტი. თქვენ იცით, როცა ნორმალური დრო იყო, მე ბევრი ვიღაც ჩამომყავდა. ყველამ იცის ჩემი მეგობრობა ალა პუგაჩოვასთან და ლაიმა ვაიკულესთან, მაგრამ რუსი კი არა, ვინც არ უნდა იყოს, ვისაც ჩემი ქვეყანა არ უყვარს და ვინც იტყვის, რომ რუსეთი ოკუპანტი არ არის, ჩემო ოჯახის წევრიც რომ იყოს, მასთან ურთიერთობას გავწყვეტ, რადგან საქართველომ ბევრი რამ გადაიტანა. ალა და ლაიმა რუსეთთან არ მოიაზრებიან, ვინც მოიაზრება, მე მათთან ურთიერთობა არ მაქვს. ამ ორმა ქალბატონმა რუსეთი მიატოვა და წამოვიდნენ. ისინი, ვისაც ჩემი ქვეყანა არ უყვარს და ვისაც ჩემი ქვეყნის უბედურება უხარია, საერთოდ არ მაინტერესებს.
ვისაუბროთ „სუხიშვილების“ კონცერტებზე, რომლებიც ბათუმში გაიმართება…
გრანდიოზული ღონისძიებები 13, 14, 15, 16 აგვისტოს „ბათუმის მუსიკალურ ცენტრში“ გაიმართება. ეს ტრადიცია დაახლოებით 10 წელია, გრძელდება. ამ ანსამბლის მიმართ სიყვარული არ ნელდება, ეს შეუძლებელია. მოდით და ისიამოვნეთ. კონცერტზე კლასიკური პროგრამა იქნება. ახლახან ერთ-ერთმა ტურისტულმა დამირეკა, რადგან ანსამბლი ორი წელია ომის გამო უკრაინაში არ ყოფილა, ორი ტურისტული ჯგუფი სპეციალურად აპირებს ჩამოსვლას. ამ ანსამბლისა და უკრაინის სიყვარული და მეგობრობა ყველასათვის ცნობილია. უნდათ, რომ ერთი დღე დარბაზში სულ უკრაინელები იყვნენ, მოეფერონ და უთხრან, რომ ჩვენ ისინი გვახსოვს.
გადაცემის აუდიოჩანაწერი
დავით ოქიტაშვილი. ვიდეო კოლაჟი