ნანუკა ფორჩხიძე საფრანგეთში მიღებული ერთწლიანი საინტერესო გამოცდილებისა და ბევრი სასიამოვნო აღმოჩენის შემდეგ საქართველოში საინტერესო გეგმებით დაბრუნდა, თუმცა, შემდეგი წლიდან სწავლისა და ცხოვრების გაგრძელებას კვლავ საფრანგეთში აპირებს. ის ჟურნალ „თბილისელებს“ ესაუბრება.
ნანუკა ფორჩხიძე: ბოლო რამდენიმე თვეა, საქართველოში ვარ. საფრანგეთიდან ზაფხულში დავბრუნდი, აკადემიური წელი ავიღე და სექტემბრამდე საქართველოში ვიქნები. საფრანგეთში ძალიან მაგარი გამოცდილება მივიღე. ერთდროულად ორ უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ყველანაირად ვეცადე, არსებული შესაძლებლობები გამომეყენებინა. დავდიოდი ჯაზ-კლუბებში, სტუდიებში, ბევრს ვმღეროდი… ძალიან შემიყვარდა იქაურობა, ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე და უზომოდ კმაყოფილი ჩამოვედი. ყველაფერი კარგი იყო, მაგრამ ჩემი ქვეყანა ძალიან მომენატრა. საკუთარ ინტუიციასა და სურვილებს მივყევი, ამიტომ გადავწყვიტე, გარკვეული დრო აქ გამეტარებინა. სიმართლე რომ ვთქვა, როცა საფრანგეთში ვარ, საქართველო მენატრება და ახლა აქ რომ ვარ, ძალიან მენატრებიან იქაური მეგობრები.
– შენთვის კი ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო აღმოჩნდა, მაგრამ ალბათ, მამამ ძალიან განიცადა?
– კი, დათო პირველი ერთი თვე მირეკავდა, გეხვეწები, დაბრუნდიო (იცინის). მაჯერებდა, ძალიან ძნელია, ვერაფერს გააკეთებო. ელოდებოდა, როდის დავიწუწუნებდი, რომ ეთქვა, ადექი და წამოდიო. მერე თვითონ რომ ჩამოვიდა ჩემთან, წავიყვანე და უნივერსიტეტი დავათვალიერებინე, იმ ადგილებშიც მყავდა, სადაც ვმღეროდი და თვითონაც იმღერა და დაუკრა ჩემთან ერთად. ჩემი მეგობრებიც გაიცნო, სიტუაციაც ნახა და მერე თვითონაც ისე მოეწონა, მითხრა, კარგი, დარჩი, კარგ ადგილას ხარო (იცინის). თავიდან ისე განიცადა, რომ ნერვიულობისგან არაფერს ჭამდა და 10-15 კილოგრამი დაიკლო (იცინის). არადა, მე ინტუიცია მკარნახობდა, რომ უნდა დავრჩენილიყავი და ვამაყობ ჩემი თავით, რომ ასეც მოვიქეცი.
