LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ქაცარავა: „ბოდიში არ მომიხდია და არც მოვიხდი!..“

1916
qacarava

ხურვალეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ სამოქალაქო აქტივისტს, დავით ქაცარავას, სოციალურ ქსელებში რუსეთის აგენტიც კი უწოდეს. თავად დათო მიიჩნევს, რომ ბოდიში არავისთვის აქვს მოსახდელი და არც უსაფუძვლო პანიკა აუტეხია, როგორც იმ დღეებში „ფეისბუქზე“ წერდნენ.

დათო, ყველა სიტყვაზე ატოცი რომ გესმის, როგორაა ეგ ამბავი?

პრინციპში, ეს გასაკვირი არაა, რომ ა-ზე დაწყებული ყველა სიტყვა ატოცად მელანდება. ატოცმა გამიტაცა. გერმანული ნაგაზი გვყავს, რომელსაც ატო დავარქვი. ატოცმა დაიკავა ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი ნაწილი. 17 თვე საოკუპაციო ზონაში ვპატრულირებთ, იმედია, რომ ეს არის გზა საქართველოს დეოკუპაციისკენ. აღმოჩნდა, რომ ატოცი არის ის გამყოფი ზოლი, რომელმაც აჩვენა შედეგი და ხალხს დაუმტკიცა, რომ ძალა ერთობაშია, ბრძოლას კი ყოველთვის აქვს შედეგი.

ახლაც მოხდა, რომ ჩვენ შევაჩერეთ რუსების მცოცავი ოკუპაცია და რამდენადაც სიგიჟედ უნდა ეჩვენებოდეს კრიტიკულად განწყობილ საზოგადოებას, ეს ასეა. დღემდე გაჩერებულია ატოცში. გარდა ამისა, ჩორჩანის უზარმაზარი ტყის მასივი, თავისი საბადოებით, პატრულირებისა და აჟიოტაჟის შედეგად, დაუბრუნდა საქართველოს.

კრიტიკა ახსენე და ხურვალეთის მოვლენები გავიხსენოთ. იყო საუბრები, რომ თქვენ პანიკას თესდით და რეალურად არაფერი ხდებოდა, იქაური მოსახლეები ამბობდნენ, თავი დაგვანებონ და წავინენო. შენთვის გულისტკენის მიზეზი აღმოჩნდა ასეთი შეფასებები?

თავი დავანებოთ გულისტკენას. ეს იმისი შემადგენელია, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. დღეს ტროლებისა და არატროლების მცირე ნაწილი დარჩა, რომელმაც ჯიუტად გადაწყვიტა, რომ ამაზე თვალი დაეხუჭა. თუნდაც იმიტომ, რომ დავდეთ თვალნათელი ფაქტი, ფოტო, რომ იმ ეზოში რუსი ოკუპანტები იმყოფებოდნენ. იმის მაგივრად, რომ მე რაღაც ვამტკიცო, დავსვამ რამდენიმე კითხვას, რომელზეც პასუხი არ აქვთ. ყველაზე ჩამჭრელი კითხვა ასეთია, როცა ეს ინფორმაცია გააჟღერა ლუდა სალიამ, 20 წუთში ხურვალეთის შესასვლელთან ვიყავი. უკვე იმ მომენტიდან აღარ გვიშვებდნენ ხურვალეთში. ჩავრთე ლაივი, რომელმაც, მოდი ვთქვათ, იმ ადამიანების გულისწყრომა გამოიწვია, რომლებიც ამბობდნენ, არაფერი ხდება და თქვენ დეზინფორმაციას ავრცელებთო. ბევრჯერ სცადეს, რომ ამოეგლიჯათ კონტექსტიდან ჩემი სიტყვები და წერდნენ, ქაცარავა ბოდიშს იხდისო. მე ბოდიში არ მომიხდია და ვთქვი, რომ ბოდიშს მოვიხდიდი იმ შემთხვევაში, თუკი დამიმტკიცებდნენ, რომ არაფერი მომხდარა. ხო შევქმენი აჟიოტაჟი და ხო იყო ტყუილი, როგორც ამტკიცებდნენ? უმარტივესი ჩასაქრობი იქნებოდა ეს აჟიოტაჟი, უნდა მოეკიდებინათ ჩემთვის ხელი, როგორც „დეზინფორმატორისა და მატყუარასათვის“ და რამდენიმე ჟურნალისტთან ერთად მივეყვანეთ იმ ბაღებთან და ეთქვათ, აბა, გვიჩვენეთ ერთი რუსი მაინცო. ეს როგორც მინიმუმ, უნდა გაეკეთებინათ. როცა ნახავდნენ, რომ ის დღე სხვისგან არაფრით განსხვავდებოდა, როცა ჩვენ შევდიოდით და ვპატრულირებდით ხურვალეთში პრობლემის გარეშე, მაშინ მოვიხდიდი ბოდიშს, ვიტყოდი, რომ ქალბატონ ლუდას მოელანდა, მე გადამოწმების გარეშე ავყევი და ამისთვის ვიხდი ბოდიშს-მეთქი. ასე არ მოხდა. არც ერთი ჟურნალისტი არ შეუშვეს დაახლოებით 3-4 საათის განმავლობაში. ეს ის პერიოდი იყო, როცა რუსებთან გაცხოველებული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და მთელი პერიმეტრი იყო გადაკეტილი. თქვენ ფიქრობთ, რომ პერიმეტრს გადაკეტავდნენ, არაფერი რომ არ მომხდარიყო? გარდა ამისა, ჩვენ მოვიპოვეთ ფოტო, სადაც ჩანდნენ რუსი ოკუპანტები. ხომ შეიძლებოდა, დაედოთ დასკვნა, რომ ეს ფოტოშოპია და ქაცარავამ რაღაც დახატა?! ჩემთვის საწყენი არ არის, მაგრამ მოსალოდნელი იყო, რომ ასეთი რამ მოხდებოდა. დაქირავებული ტროლებისგან არაფერი მიკვირს, მაგრამ საზოგადოების ნაწილი, რომელიც გვაკრიტიკებდა, ვფიქრობ, პროპაგანდის მსხვერპლი გახდა. ბოდიშს მე არ ვიხდი, ბოდიში აქვს მოსახდელი ყველა იმ ადამიანს, ვინც შეურაცხყოფა მოგვაყენა მეც და ლუდა სალიასაც.

რუსეთის აგენტიც გიწოდეს. სოფო, შენი რეაქცია როგორი იყო, როცა ამას კითხულობდი?

როცა ხურვალეთში იყო ერთი ამბავი, მე სოციალურ ქსელში ვიბრძოდი და ვფიქრობ, რომ ამ ბრძოლასაც აქვს აზრი. იყვნენ ადამიანები, ვისაც ბოდიში მოვახდევინე. დათოს შეურაცხყოფას აყენებდნენ და მე არ მიმიყენებია მათთვის შეურაცხყოფა, უბრალოდ, ახსნა-განმარტებით შევაცვლევინე აზრი. ასეთ ხალხს უნდა დაუპირისპირდე ახსნა-განმარტებებითა და ფაქტებით.

ვიცი, რომ დათოს აქტიურად უჭერ მხარს.

სხვა გზა არ მაქვს (იღიმის). რა თქმა უნდა, თანამოაზრეც ვარ. ბევრი ინფორმაცია მივიღე და ადამიანი სხვანაირად ვერ იფიქრებ. მოვუწოდებ ყველას, ვინც მიიჩნევს, რომ უაზროდ დგანან და ეს თემა საქილიკოა, უფრო კარგად გაერკვნენ თემაში. საერთაშორისო დამკვირვებლები, რომლებიც ფრთხილ დასკვნებს წერენ, სამოქალაქო პროტესტი ყველა მათ დასკვნაში ხდება, სათითაოდ ითვლიან ყველა იქ მოსულ ადამიანს. რუს ოკუპანტებს კი არა, ჩვენ გვიყურებენ ყველა ჯერზე, გვაკვირდებიან, რა ხერხით ვაპროტესტებთ, როგორც დემოკრატიულ ქვეყანას შეეფერება და ეს ფიქსირდება მათ დასკვნებში. სახელმწიფო უწყებების უმოქმედობაც იწერება იმ დასკვნებში. დამკვირვებელმა რა უნდა ქნას, აკვირდება და წერს, რასაც ხედავს. თუმცა საერთაშორისო დამკვირვებლების დასკვნაში, ხურვალეთთან დაკავშირებით, ფრთხილი შეფასებები იყო და ეწერა, რომ ინციდენტი არ ყოფილა და ბორდერიზაცია არ განახლებულა. რუსი ხაზს აქეთ იდგა თუ იქით, საერთოდ არ უხსენებიათ. ესეც იყო არგუმენტი, ნახეთ, დამკვირვებლებმა რა დაწერესო. რა დაწერეს? სიმართლე, ოღონდ არასრულად.

რაც შეეხება რუსეთის აგენტობას (იცინის), პატრიოტთა ალიანსის წევრები რომ ქაცარავაზე იტყვიან ამას… ერთი წლის წინ ვითომ გამოქექეს ვიდეო, რომელიც 2016 წელს არის გადაღებული, სადაც დათოს მეც გვერდით ვეჯექი, ოღონდ არ ვჩანვარ. „ალფა ბანკის“ ხალხს ესაუბრება და მათგან იღებს დაფინანსებასო. არადა, საუბრის შინაარსი ის იყო, რომ დათოს უნდოდა, მათ ერთიანი საქართველოს სადღეგრძელო დაელიათ. ეს ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი. პირველი, ვინც ჩემი მეუღლის და ლაშა ბერულავას მიმართ იმუქრება, ეს არის ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების კაგებე და მისადმი დაქვემდებარებული საინფორმაციო საშუალებები.

ეს შენში შიშს არ იწვევს?

თავისთავად, ვინც უსაფრთხოების საკითხებში ერკვევა, გვითხრეს, რომ ასე არ ხდება. პირდაპირ ასე ვერავინ ესვრის და შესაძლოა, უბედური შემთხვევა დაგეგმონ. რეალურად გაცნობიერებული მაქვს საფრთხეები. მეორე მხარეს დგას ძალიან დიდი იდეა. ასეთ იდეებს ხალხი ეწირება. პირიქით, სიამაყის შეგრძნება მაქვს. ასეთი იდეისთვის ადამიანს შეუძლია, მოწყდეს საკუთარ ცხოვრებას, პირად კეთილდღეობას, ოჯახთან გატარებულ საათებს… მეც ასე ვარ გაზრდილი. ჩემი ოჯახის წევრები არიან პატრიოტები. დათოს იდეებს აბსოლუტურად ვიზიარებ.

დათო, პირადად ვინმეს ხურვალეთის ამბების შემდეგ უთქვამს რამე ნეგატიური?

არა. ასეთი შემთხვევა არ ყოფილა არა მხოლოდ ახლა, არამედ ზოგადად, ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში. მე ზოგადად არ ვიგინები ვირტუალურ სივრცეში, როცა მოპასუხეს არ შეუძლია, პირადად გაგცეს პასუხი. კლავიატურის კაკუნში შეჯიბრება ღირსეულ საქციელად არ მიმაჩნია. ქუჩაში ან სადმე სხვაგან არავინ შემხვედრია, ვინც გამაკრიტიკებდა და მეტყოდა, რომ შენ რუსის აგენტი ხარო. თუკი ხურვალეთში რომ ადამიანები დაგვახვედრეს, იმათგან წამოსცდა ვინმეს რამე, არ ვიცი, შეიძლება, მაგრამ ყურადღება არ გამიმახვილებია. მე ვიცი, რას ვაკეთებ და რატომ, ვხედავ შედეგს.

ბევრი ამბობს, მოჰბეზრდებათო.

ეს პერიოდი გავიარეთ, როცა შეიძლებოდა მოგვბეზრებოდა. როცა შედეგი დგება, როგორ უნდა მოგვბეზრდეს ჩვენი სამშობლოსთვის დახარჯვა. პრინციპულად გავაჩერეთ ბორდერიზაცია ატოცში და ეს არ არის გამარჯვება?

ანუ ამას საკუთარ დამსახურებად მიიჩნევთ?

თავისთავად. ჩვენ ვებრძვით ოკუპაციას. სად, როგორ, რა ხერხებით, თვალნათლივ ჩანს. არაფერი დამალული არ გვაქვს. კონსპირაციული გეგმებიც კი არ გვაქვს. ჩვენ ვართ სამოქალაქო აქტივისტები, არც ჯაშუშები ვართ და არც სპეცრაზმელები. ჩვენ ასე გვესმის. აღარ შეგვიძლია კომფორტში ვიყოთ და აქედან ვიბრძოლოთ ვირტუალური სივრციდან. „ფეისბუქი“ საჭიროა, რადგან ინფორმაციას დიდი ძალა აქვს, მაგრამ აუცილებელია, ვიყოთ ხაზზე და არა აქ, თბილისში. აქედან მაინც სხვანაირად ჩანს ყველაფერი. რა პირობებში ცხოვრობენ ის ადამიანები, თბილისიდან ვერ დაინახავ. იქ ჩასვლისას სხვა რეალობასთან გაქვს შეხება.

ხურვალეთს დავუბრუნდები – შევთანხმდეთ, რომ ეს საკითხი არ არის ამოწურული. მტკიცებულება, რომელსაც დავეყრდნობი, არ მაქვს, მაგრამ 15 მარტიდან მოყოლებული, ხურვალეთი ისევ ჩაკეტილია ჟურნალისტებისთვის, სამოქალაქო აქტივისტებისთვის, ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ხურვალეთში არ ცხოვრობს, ან მათი ნათესავი და მეგობარი არაა. თუ არაფერი არ ხდებოდა, რატომ არის ჩაკეტილი? მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ რუსები უხვად შემოვიდნენ და გზა არ აერიათ, როგორც გორის მერმა თქვა?

რა ხდება ისეთი ხურვალეთში, რაც არ შეიძლება ნახოს საზოგადოებამ. მე მგონია, რომ იქ ეჯერჯრ არ მიმდინარეობს ბორდერიზაცია, მაგრამ არის მზადება მის ჩასატარებლად. იმ ხალხს, ვინც მზადაა, იქ დადგეს და არ გაატაროს რუსები, არ გვიშვებენ. მოსახლეობა, დიახაც, ძალიან დაშინებულია. ვერ ბედავენ იმაზე საუბარს, რასაც რეალურად ხედავენ.

თქვენი შვილები როგორ აღიქვამენ ამ ყველაფერს?

ყველაფერი იციან, ძირითადად. უფროსი 13 წლისაა. ჩემი ბიჭების რეაქციაზე შემიძლია ვისაუბრო. თან, საამაყოა და თან, ტკივილის მომტანიცაა. უფროსს როცა ვკითხე ერთ-ერთ ჩამოსვლის შემდეგ, ხომ არ გეშინია, იქ რომ ვარ-მეთქი, არაო, მიპასუხა. ავნერვიულდი და მეწყინა… ვიცი, რომ არაფერი მოგივაო. შინაგანად თავს იმშვიდებს, იქმნის ილუზიას, რომ მისი მამა არის დაუმარცხებელი დევგმირი, რომელსაც ვერავინ ვერაფერს დაუზიანებს.

უმცროსმა შვილმა რაც მასწავლებელს უთხრა, სრული შოკი იყო ჩემთვის. მისგან ნამდვილად არ ველოდებოდი. რამდენიმე დღის წინ უთქვამს, დარეჯან მასწავლებელო, მამიკოს რამე რომ დაემართოს, მე წავალ და დავდგები იქ მის მაგივრადო… როგორ გითხრა, რა ემოციები განვიცადე. ძალიან მძიმე იყო ამისი გაგონება და აღქმა, ახლაც შოკში ვარ. სიამაყითაც გავივსე ამ სიტყვების შემდეგ და ეს მაძლიერებს. აცნობიერებს, რომ შეიძლება, რამე დამემართოს. ხვდება, რომ იქ შეიძლება, რაღაც მოხდეს. ისიც იცის, რომ არსად გავიქცევი და იქ დავხვდები ყველას. რომ ამბობდნენ, გაიქცევითო, ამ კომენტარების ავტორებმა ამ სიმართლით იარონ. არც გავცემ პასუხს. ბავშვმაც კი იცის, რას გავაკეთებ, იქ რომ ვიქნები.

სოფო:

იმედი მაქვს, რომ ასე მთელი ცხოვრება არ გაგრძელდება და რაღაც რადიკალურად შეიცვლება, ამისთვის საფუძველი უკვე მომზადდა. რამდენიმე წელი ოკუპაციაზე არაფერი ისმოდა. დათომ და მისმა თანამოაზრეებმა ეს თემა წინ წამოწიეს და აქტუალობა შესძინეს. სიტყვა ოკუპაცია ასოცირდებოდა ერთ პარტიასთან და არ შეიძლება, ამით განსაზღვრო ქვეყნის პირველი სატკივარი. ეს ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაულია.

თუ ასე იქნება მთელი ცხოვრება, ჩვენი წინაპრები ასე ცხოვრობდნენ. რადგან 21-ე საუკუნეა, ეს წარმოუდგენელია? კამერებითა და ინფორმაციით ვიბრძვით და ეს არის ჩვენი ხმალი. შენს მიწაზე დგახარ და პოლიციელი დაგავლებს ხელს, იქით აღარ გადახვიდეო. ასე იგრძენით, საკუთარი სახლის საძინებლიდან ვინმემ რომ გამოგიყვანოთ, რეესტრში ეს ოთახი მე დავიკანონეო, რას იზამთ, დაეთანხმებით? ბევრია, სანამ თავად არ იგრძნობს, მისთვის ცოტა განყენებული თემაა. ჩვენ შედარებით მალე ვიგრძენით, თორემ დარწმუნებული ვარ, ქართველი ერი გენეტიკურად მებრძოლია და ზუსტად იცის, როგორ უნდა მოიქცეს!..

ფოტო: დათუნა აგასი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g