დათო ტურაშვილი ეკა მიშველაძის გადაცემას სტუმრობდა „ტვ პირველზე“ და აღნიშნა, რომ ახლახან გადაიტანა კორონავირუსი, თუმცა შედარებით მსუბუქად, კლინიკაში მისი გადაყვანა ექიმებმა სიფრთხილის ნიშნით გადაწყვიტეს – მოგეხსენებათ, რომ მას გულზე ოპერაცია აქვს გაკეტებული. მწერალი მიიჩნევს, რომ ვირუსის მსუბუქი მიმდინარეობა „ფაიზერის“ ორგზის აცრამ განაპირობა.
დათო ტურაშვილი:
„მქონდა კოვიდი, აღმოვჩნდი კლინიკაში, ორი ვაქცინა მქონდა გაკეთებული „ფაიზერის“ და მხოლოდ ერთი დღე მქონდა სიცხე. პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აღმოვჩნდი მხოლოდ იმიტომ, რომ ეშინოდათ, არ დაერტყა გულსისხლძარღვთა სისტემაზე, გულის ისეთი ოპერაცია მაქვს გაკეთებული. პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა ექიმებს, ეს არის მართლა თავგანწირული ხალხი. წარმოუდგენელი რამეა, ექიმი და ექთანი არაფერ შუაშია, რომ ამდენი დრო დავკარგეთ, პრობლემაა არასწორი ორგანიზების… იმ ადამიანებმა, ვინ იცოდა, რომ ასეთი შედეგი დადგებოდა ქვეყანაში, უნდა გაგვცენ კითხვებზე პასუხები…
მე შემიძლია მოგიყვეთ ჩემი მაგალითი, რამდენად მაგრად იცავს „ფაიზერი“ მართლა. მე რომ აცრა არ მქონოდა გაკეთებული, გამორიცხული იყო, რომ გადავრჩენილიყავი. მინდა, ყველას ვთხოვო, ისედაც რა კრიზისშია ჩვენი ქვეყანა და ანტივაქსერებისა და ვაქსერების ამ ფუჭ ბრძოლას არანაირი აზრი არ აქვს. ანტივაქსერები მთელ მსოფლიოში არსებობენ და მათ ასე არავინ ებრძვის… ყველა ანტივაქსერს აქვს უფლება, ისე ფიქრობდეს და აზროვნებდეს, როგორც აზროვნებს. ყველანაირი სიმპტომის გარეშე ვიგრძენი, რომ კორონა დამემართა. ყოველ ღამე ვგრძნობდი, როგორ მიცავდა „ფაიზერი“. ამაზე შეიძლება ანტივაქსერებს გაეცინოთ, ისევე, როგორც ვაქსერებს გაეცინებათ დაჩიპვის თეორიაზე… ლანძღვას აზრი არ აქვს. გამოსავალი არის ერთი – უნდა ავიცრათ… მარტივი სტატისტიკაა, სულ რამდენიმე აცრილი ადამიანი გარდაიცვალა, აუცრელი კი ათასობით… ყველა დაპირისპირება ფუჭია…“