LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო ტურაშვილი: „ჩვენს პოლიტიკოსებს ყველაზე კარგად ეტყობათ, რომ არ შეუძლიათ განსხვავებული აზრის ატანა, არ შეუძლიათ დაიჯერონ, რომ ჩვენ ვართ შოთა რუსთაველის ქვეყანა, რომ უთვალავი ფერი არსებობს“

2277
დათო გორგილაძე და დათო ტურაშვილი

მწერალმა დათო ტურაშვილმა გადაცემაში „გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე“ საბჭოთა სისტემის მანკიერებაზე ისაუბრა და წამყვანის, ასევე მწერლისა და ჟურნალისტის, დათო გორგილაძის შეკითხვებს უპასუხა.

„რა არის ის ძირითადი მიზეზები, რის გამოც, ვერა და ვერ დავდექით ფეხზე? რაღაც არის, რაც გვაიძულებს რომ ერთმანეთს მტრები ვეძახოთ, მაშინ როდესაც უბრალოდ სხვანაირად ფიქრობს ვიღაცა“, – ჰკითხა გადაცემის ავტორმა, დათო გორგილაძემ ტურაშვილს, რაზედაც მან საპასუხოდ საბჭოთა სისტემაზე ისაუბრა და თქვა, რომ „პოლიტიკოსებს ყველაზე კარგად ეტყობათ, რომ არ შეუძლიათ განსხვავებული აზრის ატანა“.

ამასთანავე, მწერალმა თქვა, რომ ყველაფერს მხოლოდ საბჭოთა სისტემას ვერ დავაბრალებთ:

„საბჭოთა პერიოდში ერთი აზრი, ერთი იდეა, ერთი ადამიანი, ერთი პარტია და ერთი პოლიტბიურო იყო მართალი, დანარჩენი იყო მტერი და მერე მტრებს ხვრეტდნენ.

გასაგებია, რომ მერე ამას ეჩვევი და პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, ჩვენს პოლიტიკოსებს ხომ ყველაზე კარგად ეტყობათ, რომ არ შეუძლიათ განსხვავებული აზრის ატანა, არ შეუძლიათ დაიჯერონ, რომ ჩვენ ვართ შოთა რუსთაველის ქვეყანა, რომ უთვალავი ფერი არსებობს.

ყველას მაგას ვეუბნები, ბავშვებს სკოლებში რომ ვხვდები, სტუდენტებს, რატომ არის ფილმებში დაპატიმრებულ ადამიანებს თითის ანაბეჭდებს რომ უღებენ, იმიტომ, რომ დედამიწაზე არსებობს 8 მილიარდი ადამიანი და არც ერთი ანაბეჭდი არ ემთხვევა, ჩვენი ტვინები, გულები, თვალები როგორ დაემთხვევა?! ჩვენი ხასიათი, აზრი ხომ ვერ დაემთხვევა.

აბა რას მეჩხუბები, ხომ უნდა დაიჯერო, რომ მე და შენ განსხვავდებით?! ოღონდ ერთი და იგივე სისტემაში, სახელმწიფოში უნდა ვიცხოვროთ. პოლიტიკა არის ყველაზე ღია სცენა, მან უნდა ისწავლოს პირველ რიგში, მან უნდა წაიკითხოს წიგნი.

იმიტომაა, რომ შედეგი არ გვაქვს, ძალიან ხშირად ქართულ პოლიტიკას, ყოველ შემთხვევაში, ძალაუფლებაში ასე ხდება, ეტენებიან, ეკვეტებიან ისინი, ვინც თავის საქმეში არის წარუმატებელი, ვინც ვერ გახდა პროფესიონალი, ვისაც არ აქვს დაკმაყოფილება.

ჰგონიათ, რომ ის [პოლიტიკა] ადვილი ასპარეზია, პირიქით, ის არ არის ადვილი ასპარეზი, იქ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, განათლება, ცოდნა და პროფესიონალიზმი გვჭირდება. ისეთი მარტივი შეცდომებია, ერთი და იგივე, მერამდენედ… ბუნებრივია, მეც გამიჩნდება კითხვა: რა გვჭირს, რა უბედურება გვჭირს?!

მარტო საბჭოთა კავშირს ვერ დავაბრალებთ ხომ?! ბაზალეთის ომიც ხომ გვაქვს გადატანილი, მე-17 საუკუნე, საშინელი ომი… გიორგი სააკაძე ბრძოლის წინ რომ დადგებოდა, ყვიროდა ხოლმე, ცნობილი მეთოდიკა, შეტაკების წინ ან თავისიანებს აგულიანებდა, ან იმათ [მტერს] აშინებდნენ.

გიორგი სააკაძე ისეთ ხმებს გამოსცემდა, თურმე წინა რიგში ვინც იდგა, ნახევარს გული მისდიოდა… უკვე წაგებული ჰქონდათ, ერთადერთი ომი, სადაც ეს არ გააკეთა, ეს არის ბაზალეთის ომი, მაგდენს კი ვხვდებოდით, რომ ქართველი ქართველს ეომებოდა, იქ არ დაიბღავლა, მაგრამ ფაქტია, რომ ომი მოხდა, ბაზალეთის ომი, საშინელი ომი.

ხოდა, მაგას ვიძახი, რომ მარტო საბჭოთა კავშირს ვერ დავაბრალებთ, ალბათ ეს არის იმის ბრალი, რომ დიდხანს ვიყავით დაპყრობილები და ერთი ნათელი, ყველაზე გადაბმულად გემრიელი, ტკბილი პერიოდი გვქონდა დავითიდან თამარის ჩათვლით, ეს თითქმის ერთი საუკუნეა, ოქროს ხანა.

მანამდე და მერეც, ძალიან ხშირად იყო დაპყრობა, სხვისი წესებით ცხოვრება, ხშირად იყო სისტემა, რომელიც ჩვენი მოგონილი არ იყო, თავს მოხვეული იყო და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ ყველაზე ქვენა გრძნობებს იყენებდა. ყველაზე სუსტს, რაც ადამიანს აქვს, ან იმაზე წამოეგება, ან იმას დახარბდება. მარტივია, სულ ასე იყენებდნენ.

წიგნი მაქვს წაკითხული, გიორგი კიკნაძე მყავდა მეგობარი და კლასელი, იმან მათხოვა ბავშვოვაში, მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში გამოცემული წიგნი – „როგორ დავიპყროთ კავკასია“, ფრჩხილებში ეწერა საქართველო. საქართველო ხომ მთავარი დასაპყრობი იყო, წარმოგიდგენია, რამდენი ჰქონდათ ნამუშევარი, როგორ დაეპყროთ საქართველო.

რა ეწერა იცი?! როგორც კი შეხვალთ, ვინც კი ჰყავთ ავტორიტეტული ადამიანი, იმათი დისკრედიტაცია [მოახდინეთო]… წარმოგიდგენია, როდინდელი ამბავია?! ანუ, ჩვენ რომ გვგონია ახლა მოიგონეს „ტროლები“ და „ბოტები“, პოპულარულ ქართველებს და ავტორიტეტულ ადამიანებს რომ ებრძვიან, ეს რუსებს როდინდელი მოგონილი აქვთ, წარმოიდგინე, წიგნი ჩემი თვალით მაქვს წაკითხული“. – თქვა გადაცემაში დათო ტურაშვილმა.

magti 5g