LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობების საკითხი რაც შეიძლება მალე უნდა გადაიჭრას – კახა კალაძე

171

„დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობების საკითხი, რომლებიც ძალიან ბევრი გვაქვს ქალაქში, რაც შეიძლება მალე უნდა გადაიჭრას,“ – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქლაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კალაძის თქმით, ის პრემიერმინისტრობის კანდიდატს, მამუკა ბახტაძეს აღნიშნული პრობლემის შესახებ ესაუბრა და ცენტრალური ხელისუფლებისგან სრული მხარდაჭერა მიიღო.

„მე მინდა, ჩემს მოადგილეს, ილია ელოშვილს დავავალო, რომ უახლოეს დღეებში წარმოადგინოთ გეგმა, ცენტრალური ხელისუფლება მზად არის თანამშრომლობისთვის, თუ მათი მხრიდან რაიმე არის საჭირო, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას, ერთიანი ძალისხმევით ჩვენ მზად ვართ, ეს პრობლემა, რომელიც აწუხებს ადგილობრივ მოსახლეობას, მოვაგვაროთ. ეს, ერთი მხრივ, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ქალაქის იერსახისთვის, მეორე მხრივ, სერიოზული პრობლემაა იქ მცხოვრები ადამიანებისთვის. ბევრი ლოკაციაა, სადაც უკვე მშენებლობა დაწყებული იყო, საძირკველი ამოღებულია, რამდენიმე სართული აშენებულია და წლებია, გაჩერებულია და ეს ადგილები ანტისანიტარიის ბუდედ იქცა. დროულად, რაც შეიძლება სწრაფად, წარმოადგინეთ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს პრობლემა იქნეს მოგვარებული. დავეხმაროთ სამშენებლო კომპანიებს, დეველოპერებს და მოვაგვაროთ ეს პრობლემა,“ – განაცხადა კალაძემ.

ცენტრალურ ხელისუფლებასთან გვექნება საუბარი, რომ დაუსრულებელ მშენებლობებზე დღგ-ისა და სხვა საგადასახადო შეღავათები გავრცელდეს, ხოლო ჩვენ შეგვეძლება გარკვეული შეღავათები სამშენებლო ფართების მომატების კუთხით განვიხილოთ, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ილია ელოშვილმა განაცხადა.

ილია ელოშვილის თქმით, დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით კახა კალაძის დღევანდელი განცხადება შემთხვევით არ გაკეთებულა.

„ამას წინ უსწრებდა როგორც ცენტრალურ მთავრობასთან მოლაპარაკება, ასევე მთელი თბილისის მასშტაბით ყველა დაუსრულებელი მშენებლობის ფაქტობრივად სრული ინვენტარიზაცია. მთლიანობაში, ჩვენ გვაქვს 170-ზე მეტი დაუსრულებელი მშენებლობა. შესაბამისად, ახლა ჩვენი ამოცანაა, რომ ხელი შევუწყოთ მფლობელებს, მეპატრონეებს, რომ მათ შეძლონ ამ მშენებლობების განვითარება,“ – აღნიშნა ილია ელოშვილმა.

თბილისის მერის მოადგილის თქმით, დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემის მოგვარების რამდენიმე გზა არსებობს.

„ცენტრალურ ხელისუფლებასთან ჩვენ გვექნება საუბარი გარკვეულ საგადასახადო შეღავათებზე, დღგ-სა და სხვა საგადასახადო შეღავათებზე, ხოლო ჩვენ კი შეგვეძლება გარკვეული შეღავათები გარკვეული სამშენებლო ფართების მომატების კუთხით განვიხილოთ. არის რამდენიმე ღონისძიება, ინდივიდუალურად თითოეული ამგვარი მშენებლობისთვის იქნება მოლაპარაკება წარმოებული და ის ზომები მიღებული, რომელიც არის გონივრული, რომელიც დაეხმარება მათ, მშენებლობა დაასრულონ. ზოგ შემთხვევაში, იმისთვის, რომ მშენებლობა გახდეს კომერციულად საინტერესო, უნდა გაგრძელდეს მშენებლობა არა პირველადი სამშენებლო ფართებით, არამედ მომატებული სამშენებლო ფართებით. ესეც ერთ-ერთი ოფციაა. თუმცა, რა თქმა უნდა, იმ გარემოს გათვალისწინებით, სადაც ეს შესაძლებელია. ვგულისხმობ კოეფიციენტის გაზრდას. შესაძლოა, დღგ-ს გადასახადისგან გათავისუფლება. ეს აპრობირებული მეთოდია, თუმცა გვინდა, კომპლექსურად შევხედოთ ამას, ცენტრალურმა და თბილისის მთავრობამ შეთანხმებულად იმოქმედოს და ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც არსენალში გაგვაჩნია, გონივრულად გამოვიყენოთ, რათა გავაცოცხლოთ ეს მშენებლობები,“ – დასძინა ელოშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g