LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავა საავტორო უფლებების სფეროში – „არ შეიძლება, უკანონობას რაიმე გასაქანი ჰქონდეს ჩვენს ქვეყანაში“ (ნაწილი I)

581
Clip0001.MXF-snapshot-18.37.653

საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაციამ, რომელსაც გიგა კობალაძე ხელმძღვანელობს, მცირე ხნის წინ სასამართლოში რამდენიმე სარჩელი შეიტანა ახლად დაფუძნებული ანალოგიური ორგანიზაციის, „გერას“ წინააღმდეგ. როგორც გიგა კობალაძე აღნიშნავს, „გერას“ საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობას არ შეესაბამება და საავტორო უფლებების სფეროში ერთი წლის წინ დაფუძნებული კომპანია ვერ აკმაყოფილებს კანონის შესაბამისი მუხლებით მოთხოვნილ კრიტერიუმებს. ის ასევე მიანიშნებს იმაზეც, რომ საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაციის („გერა“) უკან რუსული ინტერესი და ფული დგას. გიგა კობალაძის თქმით, დავები გაზაფხულისთვის დასრულდება და როგორც თავად იმედოვნებს, GCA ისევ განაგრძობს თავის საქმიანობას, კანონიერ ფარგლებში.

Fortuna.ge შემოგთავაზებთ როგორც საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაციის, ასევე საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაციის წარმომადგენლებისა და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის პოზიციებსაც.

რა სარჩელები შეიტანა სასამართლოში თქვენმა ორგანიზაციამ „გერას“ წინააღმდეგ?

გიგა კობალაძე, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარე:

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია ფუნქციონირებს 1999 წლიდან, ანუ იმ დროიდან, როცა შეიქმნა კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ. ამ კანონით განისაზღვრა ასეთი ტიპის ორგანიზაციის შექმნის საფუძვლები და ასევე მისი საქმიანობის წესი. ეს კანონი დეტალურად არეგულირებს, რა კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა სავალდებულო, რომ კოლექტიური მართვის ორგანიზაციას ჰქონდეს უფლება, გასცეს ნებართვები, შეაგროვოს ჰონორარები და გაანაწილოს უფლებამფლობელებზე. ასეთი ორგანიზაცია არსებობს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. მთავარი კრიტერიუმი კი გახლავთ ის, რომ ასეთ ორგანიზაციას უნდა ჰქონდეს გაფორმებული ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებები მსოფლიოში არსებულ ანალოგიურ ორგანიზაციათაგან უმრავლესობასთან. თუ ჩვენ მუსიკალურ სფეროზე ვსაუბრობთ, ამ კუთხით არსებობს დაახლოებით 239 ორგანიზაცია მსოფლიოს მასშტაბით და გამოდის, რომ 120-121 ასეთი ხელშეკრულება უნდა არსებობდეს, რომ ორგანიზაციას საქართველოში ლეგიტიმური უფლება ჰქონდეს ჰონორარების შეგროვებისა და ლიცენზიების გაცემისთვის. ჩვენ 1999 წლიდან მოყოლებული 140 ასეთი ხელშკერულება გვაქვს გაფორმებული, დაახლოებით შვიდი წელი დასჭირდა ამ ხელშეკრულებების გაფორმებას და მხოლოდ 2006 წელს, როცა კანონით დადგენილი მოთხოვნა დააკმაყოფილა, შეძლო სრულყოფილი ფუნქციონირების დაწყება. თუკი ორგანიზაცია ამ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს, გამოდის, რომ ადგილი აქვს თვითნებობას. მსოფლიოში არსებულ ყველა ასეთ ორგანიზაციას აქვს ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებები გაფორმებული და ერთმანეთს გადასცემენ ამა თუ იმ ქვეყანაში დანარჩენი მსოფლიოს რეპერტუარზე უფლებებს. ჩვენს ორგანიზაციას გადმოცემული აქვს მსოფლიოს 240-ზე მეტი ორგანიზაციისგან უფლება, რომ მათი რეპერტუარი წარმოვაგდინოთ საქართველოში, გავცეთ ლიცენზია და შევაგროვოთ ჰონორარი. ისევე, როგორც ჩვენ გვაქვს გადაცემული იგივე უფლება ქართულ რეპერტუარზე.

ქართველ შემსრულებლებზე ვისაუბროთ. მათ არ აქვთ უფლება, სხვა ორგანიზაციასთან გააფორმონ ხელშეკრულებები საკუთარ შემოქმედებაზე?

ჩვენი კანონმდებლობა სრულად შეესაბამება ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობას. ეს კანონი არეგულირებს ადგილობრივი ავტორების უფლებებსაც და ამ რეგულირებას ყოფს ორ ნაწილად. ჩვენ მოგეხსენებათ, გახლავართ საავტორო და მომიჯნავე უფლებების ორგანიზაცია, ანუ ჩვენ ორივეს ვმართავთ. ავტორი არის მუსიკის შემქმნელი და ტექსტის ავტორი, შემსრულებელი და ხმის ჩამწერი სტუდია წარმოადგენს მომიჯნავე უფლებების მფლობელს. ორივეს წარმოვადგენთ და კანონი ამბობს, რომ ორივე ასეთი უფლების მფლობელის შემთხვევაში აუცილებელია, ჰონორარი შეგროვდეს მხოლოდ კოლექტიური ორგანიზაციის და არა უშუალოდ უფლების მფლობელის მიერ. ეს პირდაპირ არის გაწერილი კანონში მომიჯნავე უფლებების შესახებ და ამას ადგენს მუსიკის სფეროში არსებული მსოფლიო ქოლგა ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს ჩემ მიერ ზემოთ აღნიშნულ 239 ორგანიზაციას, ჩვენც ვართ აქ გაერთიანებულები. ზოგადად, კოლექტიური მართვის არსი სწორედ ესაა, რომ ცალკე აღებული ნებისმიერი ავტორი თეორიულადაც კი მოკლებულია შესაძლებლობას, გაკონტროლოს, სად და როგორ სრულდება მისი ნამუშევრები.

რაც შეეხება „გერას“…

კანონი უშვებს შესაძლებლობას, რომ იყოს რამდენიმე ასეთი ორგანიზაცია ქვეყანაში, მაგრამ ადგენს მნიშვნელოვან კრიტერიუმს, რომ ეს ორგანიზაციები არ უნდა იყვნენ ერთმანეთის ანალოგიური და საქმიანობდნენ ერთსა და იმავე სფეროში. კანონი პირდაპირ კრძალავს, რომ ვთქვათ, მუსიკაში არსებობდეს ორი ორგანიზაცია. იმ შემთხვევაში, თუ იარსებებს ორი ანალოგიური ორგანიზაცია ერთსა და იმავე სფეროში, დაირღვევა კოლექტიური მართვის პრინციპი, დაირღვევა რეპერტუარი, მოსარგებლეს მოუწევს, რომ გადაუხადოს ორ ანალოგიური ტიპის ორგანიზაციას, ავტორიც დაკარგავს შესაძლებლობას, თვითონ აკონტროლოს კოლექტიური მართვის ორგანიზაციის მიერ გაცემული ლიცენზიის ღირებულება.

რაც შეეხება ჩვენს სარჩელებს, დაახლოებით ერთი წელია, შეიქმნა ჩვენი ანალოგიური ორგანიზაცია, რომელსაც სურს, იყოს კოლექტიური მართვის ორგანიზაცია, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს ჩემ მიერ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, არ აქვს გაფორმებული ურთიერთწარმომადგენლობის ხელშეკრულებები მსოფლიოში არსებული ორგანიზაციებიდან არათუ უმრავლესობასთან, არამედ მხოლოდ ერთთან თუ ორთან, სფეროში ერთის არსებობის შესაძლებლობას რომ უშვებს კანონი და ასეთი ერთი, ჩვენი ორგანიზაცია უკვე არსებობს, ეს მეორე კრიტერიუმია, რომელსაც ასევე ვერ აკმაყოფილებს, აქედან გამომდინარე, ეს ორგანიზაცია არ არის კანონიერი. მისი მოთხოვნა ნებისმიერი მოსარგებლის მიმართ ჰონორარის გადახდაზე არის სრულიად შეუსაბამო კანონთან. სწორედ ამის დადასტურების და უკანონო საქმიანობის აკრძალვის მიზნით იძულებული გავხდით, მოგვემართა სასამართლოსთვის, რამდენიმე დავა მიმდინარეობს და არა ერთი და გაზაფხულისთვის ვვარაუდობთ, რომ სასამართლო, კანონის შესაბამისად მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას, რომ „გერა“ ვერ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, მას არ აქვს უფლება, რომ რომელიმე მოსარგებლეს, ეს იქნება რადიო, ტელევიზია თუ კაფე, მოსთხოვოს ჰონორარი. რომც მიიღონ ეს ჰონორარები, ვის უნდა გაუნაწილონ?

მაგალითად, იმ ქართველ მომღერლებს, რომლებთანაც ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული.

საქართველოში, უცხოურ და ქართულ რეპერტუარს შორის ასეთი შეფარდებაა, 65% 35%-ზე. მცირე პროცენტი ქართულ რეპერტუარზე მოდის. ჩვენ მიერ შეგროვებული თანხის ნაწილი, რაც უცხოური რეპერტუარის გამოყენებისას გროვდება, მიდის იმ უცხოურ ორგანიზაციებში, ვისთანაც ხელშეკრულებები გვაქვს გაფორმებული, ქართულ რეპერტუარზე მოპოვებული ჰონორარები – ქართველ ავტორებთან. ქართველ უფლებისმფლობელებს კანონი ეუბნება, რომ თუკი მათ სურთ საკუთარი შემოქმედების გამოყენებიდან ჰონორარები მიიღონ, კანონის მიხედვით, მათ უფლება აქვთ, მიიღონ ეს ჰონორარი მხოლოდ კოლექტიური მართვის ორგანიზაციის მეშვეობით. საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოში მხოლოდ ერთი ასეთი ორგანიზაცია არსებობს, საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაცია. მათ უფლება აქვთ, რომ ჩვენგან მიიღონ ჰონორარი და იღებდნენ კიდეც ბოლო პერიოდამდე, სანამ შეცდომაში შევიდოდნენ და უარს იტყოდნენ ჩვენთან ურთიერთობაზე. ასეთი მხოლოდ რამდენიმე ათეული ადამიანია. ვერ ერკვევიან საკანონმდებლო მოთხოვნებში, იმაში, რომ „გერა“ არის უკანონო ორგანიზაცია და მას არ აქვს უფლება, თუნდაც მათი სახელით მოითხოვოს ჰონორარი რომელიმე მოსარგებლისგან. ვფიქრობ, ეს სასამართლო გადაწყვეტილება კიდევ უფრო მეტად მოჰფენს ნათელს ამ სიტუაციას და ავტორებიც დარწმუნდებიან, რომ ერთადერთი კანონიერი ორგანიზაცია გახლავთ ჩვენი ორგანიზაცია.

თქვენი აზრით, რატომ მიიღეს „გერას“ შეთავაზება ავტორებმა? იქნებ, უკმაყოფილოები იყვნენ თქვენთან თანამშრომლობით და „გერამ“ უფრო მეტი შესთავაზა?

ცოტა შორიდან დავიწყებ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას. „გერა“ არ შექმნილა ავტორებისა და შემსრულებლების ინიციატივით. ამას ღრმა ფესვები აქვს. ეს ყველაფერი დაიწყო რამდენიმე წლის წინ. მე უკვე ვახსენე მსოფლიო ორგანიზაცია „სიზაკი“, როგორც ქოლგა ორგანიზაცია საავტორო უფლებების დაცვის სფეროში. მისგან მოდის რეკომენდაციები ამ სფეროებში მუშაობისთვის, ასევე რეიტინგებიც. 2015 წელს ჩვენი ორგანიზაცია გახდა ლიდერი პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის, ამის აღსანიშნავად საქართველოში ჩატარდა ევროპის კომიტეტის შეხვედრა. აქედან დაიწყო პრობლემები, რომლებიც, ბუნებრივია, შეიქმნა რუსეთის მხრიდან. რუსეთი ვერ შეეგუა იმას, რომ საქართველო ამ სფეროში უფრო წარმატებული გახდა, ვიდრე რუსეთი. 2015 წლიდან დაიწყეს ზეწოლა ჩვენზე. მათ სურდათ, ხელში ჩაეგდოთ ეს სფერო და დაემყარებინათ კონტროლი. 2017 წელს რუსეთის ჩვენმა მსგავსმა ორგანიზაციამ, „სიზარკის“ საპირწონედ, შექმნა ევრაზიული კავშირი, სადაც შეიყვანეს აზერბაიჯანი, სომხეთი, ყირგიზეთი, ყაზახეთი და ბელორუსი. მეექვსე ქვეყნად მოვიაზრებოდით ჩვენ. 2017 წლიდან დაიწყეს შეთავაზებები და უფრო მეტად ამას ზეწოლას დავარქმევდი. ოთხი შეხვედრა შედგა. მთავაზობდნენ, რომ გავმხდარიყავი ამ ევრაზიული კავშირის წევრი. მათ შექმნეს კომპანია „აიპიჩეინი“, რომელიც ამ ხუთ ქვეყანაში შეგროვებულ ჰონორარს ცენტრალიზებულად ანაწილებს. ეს გახლავთ მოსკოვში ბაზირებული რუსული კომპანია და ყველა ამ ავტორ-შემსრულებლების პირადი ინფორმაცია იქ იყრის თავს. ჩვენგან ამაზე უარი მიიღეს. 1. ეს ეწინააღმდეგებოდა „სიზარკის“ წესებს, რომლის მიერაც რეფორმატორ ქვცეყნად ვართ აღიარებული ამ კუთხით და ეს გამოიწვევდა ჩვენი საერთაშორისო იმიჯის შელახვას, 2. ეს ეწინააღმდეგებოდა და ეწინააღმდეგება ევროკავშირთან ჩვენი ასოცირების ხელშეკრულებას, სადაც ოთხი შესასრულებელი პუნქტიდან ერთ-ერთი არის ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებების დაცვა და სახელმწიფოს აქვს აღებული ვალდებულება, რომ ამ სფეროში ორგანიზაციები ისე ფუნქციონირებდნენ, როგორც ევროკავშირის ქვეყნებში და 3. ეს გამოიწვევდა ჰონორარის შემცირებას, ჩვენი პოზიციების დაკარგვას, დააზარალებდა ავტორებს.

ეს რომ ასე მოხდებოდა, არ არის ვარაუდი და დადასტურებულია ფაქტებით. უკრაინაში რუსეთმა ზუსტად იგივე გააკეთა, 2013 წელს ჩვენი ტიპის ორგანიზაცია საავტორო უფლებების სფეროში ლიდერი იყო, თუმცა კანონში ცვლილების შემდეგ, დაუშვეს ბევრი ორგანიზაციის შექმნა, რუსეთმა იქ შექმნა 18 ასეთი ორგანიზაცია, ხელოვნურად შეამცირეს ტარიფები და უკრაინაში შეგროვებული ჰონორარების საერთო ოდენობა შემცირდა 25%-ით. თუმცა გარკვეული პერიოდის წინ მათ ძველი ჩანაწერი აღადგინეს კანონში და ისევ უბრუნდებიან ნორმალურ ნიშნულს. სწორედ ჩვენმა უარმა განაპირობა ის, რომ რუსეთმა გადაწყვიტა, სხვა კუთხით შემოეტია ჩვენთვის. ისინი დაუკავშირდნენ რუსეთში მოღვაწე ხელოვანებს და დააფუძნეს კვაზი კოლექტიური მართვის ორგანიზაცია, დაიწყეს ჩვენი წევრების გადაბირება. გადაბირების ერთადერთი ბერკეტი არის ფული, რუსეთმა არ დაიშურა, რომ ამ ხალხისთვის გადაეხადა და  ბუნებრივია, რომ მათი გადასვლის ერთადერთ მოტივაციად იქცა უფრო მეტი ჰონორარი. როცა თქვენ ახსენეთ, რომ ისინი ფინანსურად უკმაყოფილოები იყვნენ, ზუსტად ეს მიზეზი შექმნა „გერამ“, თითქოს ჩვენ არ ვუხდიდით შესაბამის ჰონორარს ამ ადამიანებს და არ ვსაქმიანობდით გამჭირვალედ. მათ შეიყვანეს შეცდომაში ავტორები და ისინი აღმოჩნდნენ მოტყუებით მათ ბანაკში.

ჩვენ ლიდერის პოზიციას მაინც ვინარჩუნებთ და რეიტინგი დგება ორი კრიტერიუმით, გამჭირვალობითა და შეგროვებული ჰონორარებით. ჩვენ ყველას ვუხდიდით და ვუხდით იმ ჰონორარს, რა სიხშირითაც გამოიყენება მათი ნაწარმოები ამა თუ იმ მოსარგებლის მიერ.

ვადასტურებ, რომ „გერამ“ გადაბირებულ ავტორებსა და შემსრულებლებს მეტი გადაუხადა. რამდენიმე ჩვენმა წევრმა, ამ შეთავაზების მიღების შემდეგ, დასვა კითხვა, ეს ჰონორარი კონკრეტულად სად შეგროვდა. ამ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღეს. ჩვენი წევრები მიხვდნენ, რომ რაღაც წესრიგში არ იყო და უარი თქვეს ამ შეთავაზებაზე.

რუსეთს ძალიან აღიზიანებს და არ მოსწონს, რომ ამ სფეროში ძლიერები ვართ და ცდილობენ, რომ უკვე შექმნილი სისტემა გაანადგურონ. გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა საწადელს მიაღწიოს, მაგრამ მისი მიზანია, რომ დაშალოს ეს სისტემა, შეგროვდეს ნაკლები ჰონორარი, რომ მსოფლიოში არავისთვის საინტერესოები არ ვიყოთ და ისინი დაეპატრონონ ამ სფეროს. სამწუხაროდ, ფულით ავტორების გადაბირების მექანიზმი იმასაც გულისხმობს, რომ შემდგომ ისინი გამოიყენონ საკუთარი მიზნებისთვის და გაავრცელებინონ მათთვის საჭირო ინფორმაცია.

ვფიქრობ, ეს საკითხი მალე დასრულდება სასამართლოს გზით და დადასტურდება, რომ არ შეიძლება, უკანონობას რაიმე გასაქანი ჰქონდეს ჩვენს ქვეყანაში. საქართველო უკვე აღარ არის ის ქვეყანა, სადაც მსგავსი ამბები ხდებოდა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაცია ბოლო ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე ათეულმა ავტორ-შემსრულებელმა დატოვა (რადიო „ფორტუნასთვის“ თავად „გერას“ მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, 100-მდე) და ახალი კონტრაქტები მათი ქონებრივი უფლებების დაცვის შესახებ გააფორმა „გერასთან“, რომელიც თავის მხრივ ამტკიცებს, რომ სრულიად კანონიერად ახორციელებს საკუთარ უფლება-მოვალეობებს. „გერაში“ გაწევრებული ავტორ-შემსრულებლები უკმაყოფილო არიან საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაციის საქმიანობით და აღნიშნავენ, რომ საკუთარი შემოქმედებისთვის მათგან თანხებს გაუმჭირვალედ იღებენ და ანაზღაურებითაც უკმაყოფილონი არიან.

 

Fortuna.ge შემოგთავაზებთ ასევე საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაციის წარმომადგენლებისა და საქართველის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის პოზიციებსაც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g