LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავა საავტორო უფლებების სფეროში – „GCA დაუხვეწავი და არასამართლიანი მიდგომების მატარებელია” (ნაწილი II)

668
Clip0001.MXF-snapshot-27.37.157

საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაციამ, რომელსაც გიგა კობალაძე ხელმძღვანელობს, მცირე ხნის წინ სასამართლოში რამდენიმე სარჩელი შეიტანა ახლად დაფუძნებული ანალოგიური ორგანიზაციის, „გერას“ წინააღმდეგ. როგორც გიგა კობალაძე აღნიშნავს, „გერას“ საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობას არ შეესაბამება და საავტორო უფლებების სფეროში ერთი წლის წინ დაფუძნებული კომპანია ვერ აკმაყოფილებს კანონის შესაბამისი მუხლებით მოთხოვნილ კრიტერიუმებს. ის ასევე მიანიშნებს იმაზეც, რომ საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაციის („გერა“) უკან რუსული ინტერესი და ფული დგას. გიგა კობალაძის თქმით, დავები გაზაფხულისთვის დასრულდება და როგორც თავად იმედოვნებს, GCA ისევ განაგრძობს თავის საქმიანობას, კანონიერ ფარგლებში.

დავა საავტორო უფლებების სფეროში - „არ შეიძლება, უკანონობას რაიმე გასაქანი ჰქონდეს ჩვენს ქვეყანაში“ (ნაწილი I)

ვფიქრობ, ეს საკითხი მალე დასრულდება სასამართლოს გზით და დადასტურდება, რომ არ შეიძლება, უკანონობას რაიმე გასაქანი ჰქონდეს ჩვენს ქვეყანაში

Fortuna.ge-მ შემოგთავაზათ საქართველოს საავტორო უფლებების ასოციაციის პოზიცია, ახლა კი გთავაზობთ საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაციის წარმომადგენლების პოზიციას:

რამ განაპირობა თქვენი ორგანიზაციის დაფუძნება საქართველოში?

კახაბერ ასლანიშვილი, საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია „გერას“ ადვოკატი:

ნებისმიერი ორგანიზაცია, მით უმეტეს, ისეთი, რომელიც მოღვაწეობს საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში, წევრთა არსებობით არის განპირობებული, ვისაც სურს, საერთო მიზანი განახორციელოს. თუკი ამ საერთო მიზანს ისინი ვერ ახორციელებენ უკვე არსებული ორგანიზაციის მეშვეობით, როგორადაც მოვიაზრებ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციას, რომელიც „გერას“ შექმნამდე მიიჩნეოდა ერთადერთ მოქმედ ორგანზიაციად ამ სფეროში. მათი აქტივობების მიმართ წევრებს შორის გაჩნდა უკმაყოფილება, მაგრამ არ მინდა, ისე გაიგოთ, თითქოს ჩვენი ორგანიზაცია მხოლოდ ადამიანების უკმაყოფილების გამო შეიქმნა. არა, ავტორებმა ჩათვალეს, რომ საკუთარ თავს თავად უნდა მიხედონ და ინტერესები დაიცვან, რადგან არსებულ ვითარებაში საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია ჩათვალეს არა მხოლოდ არაეფექტურად, არამედ შემოქმედებითი ცხოვრების ხელისშემშლელად, ვინაიდან მათ მიერ შეთავაზებული სატარიფო პოლიტიკა, „გერაში“ გაწევრებულ ავტორთა უმეტესობის მოსაზრებით, წარმოადგენს მუხრუჭს შემოქმედებისთვის, იმდენად მწირი, არაგამჭირვალე და არაეფექტურია, რომ ხალისს უკარგავს შემოქმედ ადამიანებს. ავტორი არ არსებობს ქონებრივი უფლებების გარეშე. ავტორები მიიჩნევენ, GCA-ს მიერ გადახდილი ჰონორარებია რის უსისტემო, ძალიან მცირე და მათი შემოქმედებისთვის არაადეკვატური. აქედან გამომდინარე, გამჭირვალე პოლიტიკის შეთავაზების შედეგად, რაც საფუძვლად დაედო ჩვენს ორგანიზაციას მიზნებისა და ამოცანების სახით, გადაწყვიტეს, რომ „გერა“ იყო ყველაზე სწორი გზა კოლექტიური ქონებრივი უფლებების განსახორციელებლად. „გერამ“ მათ შესთავაზა კონკრეტული ტექნოლლოგიური გადაწყვეტა: გამჭირვალე საფასო პოლიტიკა, სხვადასხვა მომხმარებლის გრადაციის გათვალისწინებით, სადაც ავტორიცა და მოსარგებლეც თვითონ განსაზღვრავს რეპერტუარის ნაირსახეობას, რა მოცულობითა და სიხშირით სრულდება ამა თუ იმ ავტორის ნაწარმოები კონკრეტულ ობიექტზე და ჯერადობის გათვალისწინებით, ანაზღაურებაც არის შესაბამისი. გაუგებარი იყო, რატომ ჰქონდათ უფრო დიდ ობიექტებს და შედარებით მცირეს ერთი და იგივე ტარიფები განსაზღვრული… დაუხვეწავი და არასამართლიანი მიდგომების მატარებელია GCA. ჩვენს რიგებში ამ ეტაპზე 300-ზე მეტი ადამიანია გაწევრებული, თუმცა ყოველდღიურად გვემატება არანაკლებ 5 წევრისა. აქ რაოდენობა არაა მთავარი, არამედ ის გაცნობიერებული გადაწყვეტილება, რის შედეგადაც ჩვენთან წევრიანდებიან. მათ ზუსტად იციან, რომ GCA-ში არასდროს მიბრუნდებიან, რომელიც აქამდე თავს ასაღებდა ერთადერთ კოლექტიურ ორგანიზაციად, რომლის გარეშეც თითქოს სააცტორო უფლებები ჩვენს იურისდიქციაში არ ხორციელდებოდა.


ზუსტად ამაზე გკითხავთ, როგორც გიგა კობალაძე აღნიშნავს, ამ სფეროში, კანონის მიხედვით, მხოლოდ ერთი ოპერატორი შეიძლება იყოს. მათ სასამართლოში თქვენ წინააღმდეგ რამდენიმე საჩივარი შეიტანეს. რა არგუმენტებს უპირისპირებთ GCA-ს, რომელიც აცხადებს, რომ თქვენი საქმიანობა უკანონოა?

რას ნიშნავს უკანონო ორგანიზაცია?!. ეს ალბათ გიგა კობალაძისგან მოისმინეთ. როგორ შეიძლება, საავტორო უფლებების სფეროში არსებობდეს უკანონო ორგანიზაცია, რომელსაც რეგისტრაცია გავლილი აქვს და ეს არავის დაუყენებია ეჭვქვეშ, უფრო სწორად დააყენა, მაგრამ  წარუმატებლად. ჩვენი რეგისტრაცია სასამართლოში დავის საგანი ვერც გახდება. რეგისტრაციის მასალები საჯარო და ხელმისაწვდომია და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ნახოს დოკუმენტაცია. აქედანვე იწყება დიდი ბლეფი, რომელშიც ავტორების ჩაგდებას ცდილობს GCA. ჩვენი საქმიანობა გულისხმობს იმას, რომ ავტორების მოთხოვნა და ინტერესი უფრო უკეთესად იქნას დაცული, და თუკი კმაყოფილები იქნებოდნენ, ხომ არ დატოვებდნენ GCA-ს?!. ისინი გაწევრდნენ ჩვენთან. თუკი სასამართლო არ იტყვის, რომ რომელიმე ორგანიზაციას არ აქვს საქმიანობის უფლება იმიტომ, რომ საკანონმდებლო წესით განსაზღვრულ პირობებს ვერ აკმაყოფილებს ან გარკვეულ შეზღუდვას ვერ ლახავს თავისი საქმიანობის წესითა და პირობებით, სხვა ამას რანაირად იტყვის? ჩვენი საქმიანობის აკრძალვის მოთხოვნა მათ არ გააჩნიათ და ვერც ექნებოდათ, ამას არც დააყენებდნენ. ჩვენ ვართ ჩვენი წევრების ერთობის წარმომადგენლები, გვაქვს საწესდებო მიზნები, რომელთა მიხედვითაც ვმოქმედებთ. გარდა წევრების მიერ წესდებით მონიჭებული უფლება-მოვალეობებისა, ჩვენმა ორგანიზაციამ პირდაპირი ხელშეკრულებებით ცალკე იკისრა ვალდებულებები, რომ ყველა უფლებამფლობელის ქონებრივი უფლებები წარმოადგინოს, ვისთანაც ხელშეკრულებები აკავშირებს, – მათ შორის აკრიფოს ჰონორარი, გასცეს სარგებლობის ლიცენზია, იმიტომ რომ განსაკუთრებული ლიცენზიის მფლობელი ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ „გერაა“, რომელსაც ექსკლუზიური უფლების მფლობელებმა ჰონორარის აკრეფის ვალდებულება გადაანდეს  მას და GCA-ს უკვე გავუგზავნეთ შესაბამისი ავტორების წერილები, სადაც ვაცნობთ, რომ მათ უფლებადამცველებს აღარ წარმოადგენენ.

კანონით თუ აქვთ უფლება ავტორებს, რომ თავიანთი უფლებები ცალკე სხვა ორგანიზაცის გადასცენ?

სამართლებრივი სიბეცის ზეიმია ის პოზიცია, რომელსაც GCA აფრქვევს ტელეეთერებში, სხვადასხვა შეხვედრაზე და მათ შორის სასამართლოზე. განსაკუთრებული ლიცენზია საავტორო უფლებების მართვის ამოსავალი წერტილია. ავტორი ქონებრივი უფლებების მართვის უფლებას განიჭებთ, კონკრეტულ ტერიტორიაზე, გარკვეული ვადით, სწორედ ასეთი ხელშეკრულებები აქვს „გერას“. GCA მათ შორის იმასაც აკეთებდა, რომ უცნობი ავტორების ჰონორარებსაც აგროვებდა და ჰიპოტეტურად ინახავდა მათი გამოჩენის შემთხვევაში. საქართველოში ასეთი უცნობი ავტორები აღარ არსებობენ, რადგან ყველაზე დიდმა გამომცემლებმა, „სონიმ“, „იუნივერსალმა“ ჩვენ გადმოგვცეს ეს უფლებები. ჩვენ ვმოქმედებთ კოლექტიურ საფუძველზე, მაგრამ გარდა ამისა, ჩვენ ვფლობთ ისეთ ლიცენზიებს, რომლებსაც არ შეიძლება ფლობდეს ორი ორგანიზაცია, ჩვენ გვაქვს ექსკლუზიურად. GCA არ ფლობს განსაკუთრებულ ლიცენზიებს, რასაც ის ასეთად წარმოაჩენს, მათივე ხელშეკრულებების მიხედვით, არის ჩვეულებრივი და არა განსაკუთრებული. წარმოიდგინეთ, რომ რომელიმე ქვეყანაში არსებობს კოლექტიური ორგანიზაცია, რომელსაც ჰყავს წევრები და ეს ორგანიზაცია დებს ხელშეკრულებას ურთიერთწარმომადგენლობის შესახებ GCA-სთან. ამას ეყრდნობიან, რომ უმრავლეს ქვეყნებთან გვაქვს ასეთი ხელშეკრულებები და ამის საფუძველზე უნდა ვიყოთ ერთადერთებიო. ეს ხელშეკრულებები გულისხმობს იმას, რომ ეს ორგანიზაციები ერთმანეთს სამართლებრივ დახმარებას გაუწევენ იმ ავტორთა ნაწარმოებების გამოყენებისთვის, რომელთაც ამგვარი უფლება მინიჭებული აქვთ შესაბამისი ორგანიზაციისთვის. ურთიერთწარმომადგენლობაზე შეთანხმება ვისთანაც აქვთ დადებული, იქ საერთოდ არ ჩანს, ვინ არიან ამ ორგანიზაციის წევრები. მეორეც, ესეც რომ ჩანდეს, მე რომ თქვენთან გავწევრდები, ეს აპრიორი იმას არ ნიშნავს, რომ მთელ ჩემს შემოქმედებაზე ასი პროცენტით გადმოგეცით ქონებრივი უფლებების განხორციელება და ისიც დაგავალეთ, რომ საქართველოში კოლექტიურის მეშვეობით აკრიფოთ ჰონორარი. მე შეიძლება საერთოდ კოლექტიურის მეშვეობით საქმიანობას არაეფექტურად მივიჩნევდე. კანონში არ არსებობს ჩანაწერი, სადაც ამისი ვალდებულებაა. 64-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, ავტორებსა და მომიჯნავე უფლებების მფლობელებს შეუძლიათ, საკუთარი ქონებრივი უფლებები გადასცენ კოლექტიურ ორგანიზაციებს. რას ნიშნავს ეს? მათ შეუძლიათ, მაგრამ ვალდებულნი არ არიან. თუ ამის ვალდებულება არ არსებობს, ვინ ამიკრძალა მე, რომ სხვა ავტორებთან ერთად, დავაარსო სხვა ორგანიზაცია და მას მიეცეს ჰონორარების აკრეფის დავალება, ვინ აგვიკრძალა, რომ უფლებამფლობელები ვიყოთ ხელშეკრულებების საფუძველზე? სადმე წერია, რომ ამ პირებს ორგანიზაციის დაფუძნება არ შეუძლიათ? რა თქმა უნდა, არა და დააფუძნეს კიდეც.

რას ელოდებით სასამართლოსგან?

მცირე პროცენტიც კი არ არსებობს, რომ სასამართლომ 21-ე საუკუნეში ამგვარი ბნელი რეტროგრადული მიდგომის სასარგებლოდ მიიღოს გადაწყვეტილება და თქვას, რომ ავტორებმა საქართველოში უნდა იარონ დამშეულებმა, ჩამოხეულებმა და ჩამოძონძილებმა იმიტომ, რომ GCA-ს 200 ლარზე მეტის გადახდა არ შეუძლია და თავისებურად უნდა გაანაწილოს ანაზღაურება. ვერავინ გაიგო, კვარტალში ერთხელ კონკრეტული თანხები რატომ ერიცხებათ. ავტორთა მოსაზრებას გეტყვით, ვინც მეტად მოსაფერებელია GCA-ს ხელმძღვანელობისთვის, ისინი იღებენ მეტ ანაზღაურებას. ეს მოსაზრებები საქპატენტთან შეხვედრაზე გამოითქვა. ავტორებმა შესთავაზეს, გადაერჩიათ GCA-ს ხელმძღვანელობა, მაგრამ მათ იუარეს, არ უნდათ ამ ორგანიზაციასთან ურთიერთობა.

ის მოსაზრება, თითქოს მოსარგებლე დაზარალდება, არასწორია. ჩვენს ავტორებთან დაკავშირებით სხვა ორგანიზაცია მოსარგებლეს ვერ მიადგება. მხოლოდ ჩვენთან მოუწევს გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჯარიმდება. მოსარგებლემ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, უნდა თუ არა, რომ რეალურად გადაუხადოს თანხა კონკრეტული ავტორის ოფიციალურ წარმომადგენელს. მსოფლიოში 8 მილიონზე მეტ ნაწარმოებზე ვფლობთ უფლებას, საქართველოში 300-ზე მეტ ავტორთან გვაქვს ხელშეკრულებები.

ბოლოს მინდა გკითხოთ, თქვენს ორგანიზაციას რუსულ ინტერესთან აკავშირებენ…

ამაზე ასე გიპასუხებთ. თუკი ამერიკული კორპორაციები მიიჩნევენ, რომ საქართველო უნდა დაფარონ მოსკოვის გავლით, ამაზე ხომ ჩვენ არ შეგვიძლია გავლენის მოხდენა? თუკი ამერიკული კორპორაციები ბიზნესს პოლიტიკაში არ ურევენ, ჩვენც ხომ არ შეგვიძლია, ასე მოვიქცეთ ? ამას GCA აკეთებს და საკუთარი სამართლებრივი პოზიციის ნაკლოვანებების დასაფარად მუსიკალურ პროდუქციას ურევს მავთულხლართებსა და საოკუპაციო ხაზებში. ამერიკელი ავტორების შემოქმედების რუსეთთან დაკავშირება მხოლოდ იმიტომ, რომ ბიზნესადმინისტრირების ეფექტურობის კუთხით, მოსკოვის ოფისის გავლით გადაწყვიტეს საქართველოს დაფარვა, არასერიოზულია. მაგალითად, „სონი მიუზიკ ინთერთეინმენთის“ სათავო ოფისმა მოსკოვის ოფისის გავლით დაფარა საქართველო, მაგრამ ამას არანაირი კავშირი არ აქვს რუსულ პოლიტიკასთან. მე როგორ უნდა ვუკარნახო „სონის“, როგორ დაფაროს საქართველო…

როგორ წარმოგიდგენიათ, ჩვენ, როგორც საქართველოს მცირე ბაზარმა, „სონის“, „ვორნერს“ და „იუნივერსალს“ ვუკარნახოთ, როგორ გასცენ ლიცენზია ჩვენზე? ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში ლეგალური არ იქნება მუსიკის მოსმენა. პირობას ვერ ვუკარნახებთ, პირდაპირ მომეცით ლიცენზია, სხვანაირად არ მსურს ჰონორარების გადახდა თქვენი პროდუქციის გამოყენებისთვისო. თუკი ამერიკულ კორპორაციას არ აწყობს აქ ოფისის დაფუძნება, ჩვენ ამის მოკარნახედ ვერ ვიქცევით.

ნინო მურღულია

Fortuna.ge შემოგთავაზებთ  საქართველის ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის პოზიციებსაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g