პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სიტყვით გამოსვლის დროს კოლეგებს მიმართა და ფარულ მოსმენებზე ისაუბრა.
როგორც ხაზარაძემ განაცხადა, ამას ერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი აკეთებს. მან კოლეგებს მოუწოდა, არ შეაზიზღონ თავი ერთმანეთს, იმისთვის, რომ ვიღაც ხელისუფლებაში დარჩეს:
“მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო იმ ტოტალიტარულ რეჟიმზე, რომელიც საქართველოში ჩამოყალიბდა. კერძოდ, საკითხი ეხება იმ ტოტალიტარულ მოსმენებს, რომელსაც თურმე არ აქვს არანაირი მასშტაბი. უსმენენ ყველას, გისმენენ თქვენ ჩემო ძვირფასო კოლეგებო, გიღებენ და ამას ინახავენ იმ დროისთვის, როცა მათ დასჭირდებათ. ამას აკეთებს ერთი ადამიანი, ბიძინა ივანიშვილი თავისი საცეცებით.
მე ვარ გაოცებული, როცა ამაზე თქვენ არ გაქვთ პროტესტი. არ გაქვთ პროტესტი კანონმდებლებს, სადაც თქვენი ყველაზე მთავარი ღირებულება, თქვენი ღირსება, თავისუფლება, მანდატი არის ხელყოფილი.
მე მინდა მივმართო ბატონ კახა კუჭავას. მე ვარ თქვენი კოლეგა, ვინც ხმამაღლა დააფიქსირა ჩემი ჩანაწერების 19 შემთხვევა, მივედი პროკურატურაში და იქ 40 ჩანაწერი დავადასტურე და მე ორმოცივე საუბარზე მქონდა შემთხვევა. ახლა არ მითხრათ, რომ გამოძიება მიმდინარეობს, მე გეკითხებით თქვენ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ რა მოიმოქმედეთ, როცა თქვენს კოლეგას უსმენენ უკანონოდ, ამ შემთხვევაში ხაზარაძეს, ჯაფარიძეს, რატომ არ გამოიძახეთ პასუხისმგებელი პირები, რომ გაგერკვიათ, კითხვები დაგვესვა, რომ ესენი გვისმენენ თუ უკანონოდ გვისმენს რომელიმე სხვა სახელმწიფო სამსახური.” – მიმართა ხაზარაძემ კუჭავას.
მისივე თქმით, დღეს სახელმწიფო არ არის და ის არის დამორჩილებული ადამიანების რაღაც გუნდი, რომელსაც ხმის ამოღების ეშინია:
“და ეს პარლამენტი არის ფიქცია, იმიტომ, რომ არანაირი აზრი არ აქვს აქ რაიმეს გამოთქმას, რადგან ოპოზიციაში ხარ და აქეთა მხარეს არის უმრავლესობა. არანაირი აზრი არ აქვს, არც კომიტეტებზე. ერთი მხარე მეორე მხარეს უყურებს როგორც მტერს.
დაიწყო მეორე ტური, რატომ გაბოროტდით ასე? რა არის ზიზღის ენა, ძალადობა. ვის ასმენინებთ ამას? ოჯახის წევრებს, საქართველოს თუ ნახევარ ამომრჩეველს, რომელსაც არ მოსწონს ოპოზიცია? რას ემსახურება ეს? ეს ხომ არ არის სახელმწიფოებრივი? ეს ხომ არ არის ხვალინდელ დღეზე ორიენტირებული? როდემდე უნდა ვიძახოთ 9-წლიანი ამბავი, როცა დაჭერილია ეს პრეზიდენტი და ერთადერთი, რაც არის გასაკეთებელი, სამართლიანი სასამართლოა არამარტო ამ კაცისთვის, არამედ თითოეული თქვენთაგანისთვის, ყველასთვის, ვისაც უსამართლოდ ასამართლებთ.
რუსთაველს მოვიშველიებ – “კოკასა შინა რაცა დგას, იგივე წამოდინდების”. დაუფიქრდით, რამხელა სიბრძნეა ამაში. მიუხედავად იმისა, რომ ამხელა სიბრძნეა, ნამდვილად არ მჯერა, რომ ეს სიბოროტე თქვენს გულებში არის. არ მწამს, რომ თქვენ ბოროტი ადამიანები ხართ.
მოდით, დავასრულოთ ეს ყველაფერი, ერთმანეთს ნუ შევაზიზღებთ თავს იმიტომ, რომ ვიღაც ხელისუფლებაში დარჩეს. ნუ ვაიძულებთ სისტემას, თქვენი ოჯახის საძინებლებში შემოვიდეს და თქვენ ჩუმად იმის მაგივრად, რომ თქვათ, მოდი, ლილუაშვილო გვიპასუხე, რატომ აკეთებ ამას, იმიტომ რომ ბიძინამ ეს ყველაფერი წაიკითხოს და გადაიხარხაროს? დაფიქრდით გთხოვთ. ჩვენ აქ სახელმწიფოს ვაშენებთ თუ რას ვაშენებთ? რად გინდათ ან ასეთი ხელისუფლება, ან ასეთი ძალაუფლება?” – განაცხადა ხაზარაძემ.