დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ მრევლს მიმართა, არ მივიდნენ ეკლესიაში და თითოეულმა მორწმუნემ შინ ილოცოს და ამ გზით დაიცვან დედაეკლესია და მთლიანად ქვეყანა.
“ყოველთვის ვცდილობ, რომ ნებისმიერი ჩვენი აკრძალვა, რჩევა იყოს საფრთხის ადეკვატური. ამავე დროს მინდა კარგად გავითავისოთ ყველამ, რომ ორი კვირის წინ რა რჩევებსაც ვიძლეოდით, იმის დაცვა ან არდაცვა ჩნდება დღეს. ახლა რა რჩევებსაც ვიძლევით და რა აკრძალვებზეც ვსაუბრობთ, ამის ეფექტი გამოჩნდება ორი კვირის შემდეგ. ანუ ჩვენ ყოველთვის დროს უნდა ვუსწრებდეთ წინ ჩვენი აკრძალვებით თუ რჩევებით. აქედან გამომდინარე, მინდა მივმართო მორწმუნე ქრისტიანებს, მრევლს, დავიცვათ ჩვენი დედაეკლესია, დავიცვათ მღვდელმთავრები ეკლესიაში არ მისვლით, სახლში ლოცვით. დავიცვათ არამხოლოდ ამ ვირუსისგან, არამედ სხვა ვირუსებისგანაც. დავიცვათ ჩვენი ეკლესია, ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში. ეკლესიის კარი არ დაიკეტება, იქ იქნებიან მამაოები, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის, ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის”, – ამის შესახებ იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ცნობისთვის, საქართველოში 6 აპრილის მონაცემებით, დაფიქსირებულია კორონავირუსის 188 დადასტურებული შემთხვევა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 36 პაციენტი, ხოლო გარდაცვლილია 2.