„დავიღალე ხალხნო, ხომ არ შეიძლება ჯერ წინა ხელისუფლების დროს ვყოფილიყავი ფარული გადაღების, თვალთვალის მსხვერპლი და ახლა ამ ხელისუფლების დროს“, – ამის შესახებ განცხადებას ჟურნალისტი ინგა გრიგოლია აკეთებს.
მისივე განმარტებით, პროკურატურაში ყოფნის დროს გაირკვა, რომ ფარულ ჩანაწერებში არამხოლოდ სასულიერო პირებთან აღმოაჩინა მისი საუბარი, არამედ, სხვა ადამიანებთანაც.
მისივე განმარტებით, ჩანაწერებში ასახულია როგორც მისი პირადი მობილური ტელეფონიდან განხორციელებული საუბრები, ასევე სოციალურ ქსელში მიმოწერები და ყველა საუბარი ნამდვილია.
„რაც ვიცოდი, იმის მიღმა კიდევ სხვა ამონაწერებიც ვნახე არამხოლოდ სასულიერო პირებთან დაკავშირებით. მაგალითად, ჩემი და ზვიად ტომარაძის საუბარიც ვნახე. ყველა საუბარი ეკლესიის წარმომადგენლებთან დეტალურად აქვთ აღნუსხული, ეს ხელისუფლება გვაბრალებს, რომ ჩვენ საპატრიარქოს ვებრძვით, სინამდვილეში ამაზე დიდი მტრობა, რომ სასულიერო პირების ყველა საუბარს მოუსმინო, მე ვერ წარმომიდგენია. ძირითადად, ეს იყო ჩემი პირადი ტელეფონით განხორციელებული საუბრები ან მიმოწერები. თუმცა, გამომძიებელსაც ვუთხარი, აქ შეიძლება იყოს “ვოთსაფით” განცორციელებული მიმოწერებიც. როგორ ვწუხვარ ბატონო ღარიბაშვილო, რომ იტყუებით, ფალსიფიცირებული არაა არაფერი, რაც ამ წუთას გამომძიებელმა წამიკითხა. ყველა საუბარი, რომელიც ჩვენებისას გამაცნეს, ვადასტურებ რომ ნამდვილია, ნამდვილად შედგა ჩემსა და სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სასულიერო, თუ საერო პირთან. შესაბამისად, ტყუილად ცდილობენ, თქვან, რომ ეს არის ფალსიფიცირებული.
ჩანაწერებში არის ჩემი საუბრები გიორგი ზვიადაძესთან, მეუფე გრიგოლთან, მეუფე ვახტანგთან – ცურტაველ მიტროპოლიტთან და ამის შესახებ აქ გავიგე. მეუფე ვახტანგთან ჩანაწერები, რაც წამიკითხეს, როგორც შინაარსობრივად აღვიდგინე, უფრო სატელეფონო იყო. ეს ჩანაწერები რეალურია, აქ გავიგე, არ ვიცოდი, ცურტაველ მიტროპოლიტთან ჩემი კომუნიკაციაც თუ გაშიფრული ჰქონდათ. საგიჟეთია ხალხო! მე და არა მარტო მე, ბევრი ჩემი კოლეგა აპირებს, რომ სამართალი იპოვოს, თუმცა, იმედი არ მაქვს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ამ საქმეზე დადგება სამართალი, ვორდში აკრეფილს ეძახიან და რომელ სამართალზეა საუბარი. ყველაფერს გავაკეთებ, რომ აქ თუ ვერა, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ვიპოვოთ პასუხები კითხვაზე, რატომ გვითვალთვალებს სახელმწიფო, რატომ გვისმენს?! დავიღალე ხალხნო, ხომ არ შეიძლება ჯერ წინა ხელისუფლების დროს ვყოფილიყავი ფარული გადაღების, თვალთვალის მსხვერპლი, ახლა ამ ხელისუფლების დროს ყოველგვარ მასშტაბს გაცდა ეს თვალთვალი, მიყურადება. შეიძლება ყველა ჩემი საუბარი იყოს სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი?!“- განაცხადა გრიგოლიამ.