მსახიობ დავით დვალთან ინტერვიუს ჟურნალი „გზა“ გთავაზობს.
დავითი, რომელიც პოპულარული „ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებული როლის შემდეგ გაცდა, ამბობს, რომ პოპულარობას კარგი გემო აქვს.
– რამ შეიძლება, ემოციების კონტროლის უნარი დაგაკარგვინოთ?
– ოო… საყვარელმა ადამიანმა. რაც უფრო გიყვარს, ალბათ, მით უფრო უკონტროლო ხდები, თუ ეს საყვარელმა ადამიანმა გამოიწვია, რადგან მეტად ემოციური ხარ. მხოლოდ შეყვარებული არ მოიაზრება – შეიძლება, საყვარელი ადამიანი იყოს მეგობარი, ოჯახის წევრი… ემოციებზე კონტროლი საყვარელმა ადამიანმა შეიძლება, დამაკარგვინოს, როცა მის ისეთ საქციელს წავაწყდები, რასაც არ ველოდები.
– ემოციებზე კონტროლის უნარდაკარგული როგორ იქცევით?
– წონასწორობას იშვიათად ვკარგავ, მაგრამ თუ ასე მოხდა, ჩემი დაოკება რთულია. ჩემი ცუდი თვისებაც ესაა, რომლის შესახებაც მკითხეთ… თვალები თუ ჩამისისხლიანდა და ბინდი გადამეკრა, მორჩა – კონფლიქტშიც ღრმად შევდივარ, ოღონდ – ეს უკიდურეს შემთხვევაში ხდება. თმენის უნარი მართლა მაქვს: ბოლომდე, სადამდეც შეიძლება, კონფლიქტს არ ვაღვივებ, მაგრამ თუ გავაღვივე, მორჩა (იღიმის)!..
– როგორ ფიქრობთ, ადამიანს შეუძლია, მეორე ნახევრის გარეშე სრულფასოვნად ბედნიერი იყოს?
– ცალსახად გეტყვით, რომ – არა. ხომ ხედავთ, ბუნებაში ყველაფერს, ცხოველსა თუ ფრინველს, მდედრობითი და მამრობითი სქესი გააჩნია, რათა ერთ მთლიანობას მიაღწიონ? ადამიანი, როგორ კარგ ფორმაშიც უნდა იყოს, სხვა ადამიანის გარეშე სრულფასოვნად ბედნიერი ვერ იქნება, რადგან ერთ მთლიანობაში ვერ გაერთიანდება.
– ბედნიერი ხართ?
– სრულყოფილად ბედნიერი ვერ ვარ, რადგან ახლა, შეიძლება ითქვას, ბედნიერების ძიებაში ვარ.
– ეს დისკომფორტს გიქმნით?
– არა, მაგრამ ყოველთვის სრულყოფილი ბედნიერებისკენ მივდივართ. ამისთვის აუცილებელია, გვერდით საყვარელი ადამიანი გყავდეს… თუმცა, ბედნიერი ვარ.