LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს ანაზღაურება დაეკისრათ

84
დავით კეზერაშვილი

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ 5 060 000 ევროს ანაზღაურება დააკისრა. 

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი და თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილსა და შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ალექსანდრე ნინუას სოლიდარულად დაეკისრათ 5 060 000 ევროს ეკვივალენტი ლარში სამინისტროს სასარგებლოდ.

ამავე ინფორმაციის თანახმად, დავით კეზერაშვილსა და ალექსანდრე ნინუას საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფოს დიდი ოდენობით ფულადი თანხების მითვისება/გაფლანგვის ფაქტზე ბრალი წარედგინათ.

„საქმე ეხებოდა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული კომპანია „GIRWOOD BUSINESS CORP“- ის სასარგებლოდ გარკვეული მომსახურების გაწევის მიზნით დიდი ოდენობით თანხის გადარიცხვას, თუმცა სამინისტროს ეს მომსახურება (წვრთნები) არ მიუღია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 7 სექტემბრის გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე დავით კეზერაშვილი და ალექსანდრე ნინუა ცნობილ იქნენ დამნაშავეებად.

ამავე განაჩენით დადგინდა, რომ აღნიშნული პირების ბრალეული ქმედებით თავდაცვის სამინისტროს მიადგა 5 060 000 ევროს ოდენობით მატერიალური ზიანი.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (როგორც დაზარალებულმა პირმა) აღნიშნული პირების მიმართ, სამინისტროზე მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო სარჩელი წარადგინა.“– ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

magti 5g