„საქართველოს ხელისუფლებაში არ ყოფილა აგენტურა, როცა უკრაინაში ომი დაიწყო. როცა საქართველოს ხელისუფლებაში იყო აგენტურა, საქართველომ ვერ შეძლო ომის თავიდან არიდება 2008 წელს“, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.
დავით მათიკაშვილის განცხადებით, „3 წლის წინ სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, დღეს საქართველო ან იარსებებდა, ან არა“.
„საქართველოს ჰქონდა პრინციპული ეროვნული პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებაზე იყო ორიენტირებული. საქართველოს ხელისუფლებაში იყო და არის „ქართული ოცნება“. საქართველოს ხელისუფლებაში არ ყოფილა აგენტურა, როცა უკრაინაში ომი დაიწყო. როცა საქართველოს ხელისუფლებაში იყო აგენტურა, საქართველომ ვერ შეძლო ომის თავიდან არიდება 2008 წელს. 2×2 არის 4. საქართველოს ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო მიხეილ სააკაშვილი სამი წლის წინ, დღეს საქართველო ან იარსებებდა, ან არა.
დროა ეს სიმართლე აღიაროს ყველამ და ქუჩაში სირბილის და უაზრო პროტესტის ნაცვლად, ქვეყნის ხელისუფლებას, რომელმაც საქართველო უმძიმესი შედეგისგან იხსნა, მხარში დაუდგეს და საკუთარი ტყუილი, სიცრუე აღიარონ და ქართველ ხალხს ბოდიში მოუხადონ იმ ყველაფრისთვის, რასაც ჩვენ, საქართველოს ხელისუფლება ვიტანდით ბოლო წლების განმავლობაში იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გადაგვერჩინა იმ უბედურებისგან, რაც უკრაინას დაატყდა“, – თქვა დავით მათიკაშვილმა.